როგორც ჩანს, ნიკა გილაური არც ვერა ქობალიას აგდებს არაფრად და არც მის მომყვან-გამმინისტრებელს, მიხეილ სააკაშვილს. საქართველოს პრემიერმა მინისტრსა და “ამერიქან მონოლითს” გარანტია მოსთხოვა. საუბარია იმ კომპანიაზე, რომლის გამოც სააკაშვილმა ეკონომიკური მინისტრის ექსმოადგილეს, გრიგოლ გობეჯიშვილს ერთი ამბავი აწია და გაქსუებული უძახა.
მთავრობის სხდომაზე, სადაც “ამერიქენ მონოლითისათვის” ფოთში მიწის მიყიდვის საკითხი იხილებოდა, ვერა ქობალიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც კომპანია 3 ათასი კვადრატული მეტრის მფლობელი სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად უნდა გამხდარიყო, სანაცვლოდ კი კომპანია 9 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა.
იგივე კომპანიამ ზურაბ პოლოლიკაშვილის მინისტრობის პერიოდში ფოთში სიმბოლურ ფასად 3 ათასი კვ_მ მიწა მოითხოვა, მაშინ როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვ_მ ფართობი მინიმუმ 100 დოლარი ღირდა.
ამავე დროს, კომპანიამ ვერ მოახერხა გობეჯიშვილისთვის გარკვეული გარანტია წარმოედგინა, რის საფუძველზეც გობეჯიშვილმა წერილი მისწერა, რომელშიც დასაბუთებული იყო, რომ საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმართველობის პრეროგატივა იყო.
საბოლოოდ, მთავრობა და ვერა კობალია შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ “ამერიქენ მონოლითი” ფოთში მიწის შესაძენად რეალურ საფასურს გადაიხდის და დაპირებული 9-მილიონიანი ინვესტიციისთვის მინიმუმ 900 ათასიან გარანტიას წარმოადგენს, მთავრობა კომპანიისთვის მიწის მიყიდვის საკითხს დაუბრუნდება.
გამოდის, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილის წინ აღუდგა. ამ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ყვარლის სანახებში კიბლებით იცავდა “ამერიქენ მონოლითს”, რომელსაც მისი ერთგული ჩინოვნიკებიც კი გადააყოლა.
აი, რას ამბობდა 19 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის ტბაზე:- “ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ, საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ, ქელეხებსა და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე.
აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი დაუცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეები არიან მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია. აი, ვინ არცხვენს საქართველოს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებს მინისტრმა აღიარა, რომ გობეჯიშვილის მიერ ხელმოწერილი ინვესტორისადმი გაგზავნილი წერილი პრეზიდენტს მან გადასცა.
სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, “ამერიქენ მონოლითი”, ყაზახური “სილქროუდ ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა, რომელმაც სახელმწიფოსთვის 900-ათასიანი გარანტიის წარდგენა ვერ შეძლო. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ “სილქროუდ ჯგუფის” ერთ-ერთი შვილობილი კომპანია “სილქროუდ მოტორსი” შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია.
“სილქროუდ ჯგუფი” ეს ის ყაზახური ჯგუფია, რომლის მფლობელობაშიცაა შპს “აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V”, რომელმაც 2006 წელს ვალდებულება აიღო, რომ 2010 წლისათვის აჭარაში 21 ობიექტს ააშენებდა.
აჭარის მთავრობასა და ყაზახ ინვესტორებს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება 2010 წლამდე რეგიონში 21 ობიექტის მშენებლობას ითვალიწინებდა. დღეისათვის კი აჭარაში მხოლოდ ერთი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს და 2011 წლის ბოლომდე ბათუმში სასტუმრო “მედეას” ყოფილ ტერიტორიაზე სასტუმრო “რედისონი” გაიხსნება.
“ჯი-ეიჩ-ენისავე” ცნობით, წლების წინათ “აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V”, ბათუმში, ქობულეთსა და მწვანე კონცხზე არსებული ობიექტები პირდაპირი მიყიდვის წესით 17 მლნ დოლარად გადაეცა. აქედან, ნასყიდობის ღირებულებამ 4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შენობებიდან გამოსახლებული დევნილების კომპენსაციას 13 მილიონი დოლარი მოხმარდა.
რა რაოდენობის თანხის დაბანდებას გეგმავს და როდის დაიწყებს სხვა ობიექტების მშენებლობას ყაზახური კომპანია ამის შესახებ, ყაზახური ჯგუფი კომენტარს არ აკეთებს. რადგან “აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V”-მ აღებულ ვალდებულებას 2010 წლამდე ვერ შეასრულებდა, ქართულმა მხარემ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების გადაყვეტილება მიიღო, ვადა უკვე 2015 წლამდეა გაუხანგრძლივა.