საქართველოში „იაფი სეზონის“ ცნება საერთოდ გაქრა

საქართველოში „იაფი სეზონის“ ცნება საერთოდ გაქრა

ოპოზიცია საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციას კიდევ ერთხელ ეხმაურება და სამომხმარებლო კალათაში შემავალ ზოგიერთ პროდუქტზე, 2008 წლიდან 2010 წლამდე, ფასების ზრდის დინამიკას აქვეყნებს. მეტად საინტერეოს მონაცემები მედიას „დემოკრატიული მოძრაობის“ საბჭოს წევრმა, მარინა შენგელიამ გააცნო.

 

პარტიის ინფორმაციით, ფასების ზრდის ტენდენცია, აღნიშნული წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: ზეთი: 3,30 ლარიდნა - 4,50 ლარამლე; ყველი: 5,80 ლ-დან - 8,50 ლ-მდე; შაქარი: 1,40 ლ - 2,25 ლ; მაკარონი: 1,20 ლ - 1,75 ლ; ფქვილი: 0,60 ლ - 1,10 ლ; პური: 0,40 ლ - 0,80 ლ; წიწიბურა: 1,20 ლ - 5.00 ლ; კარაქი 1 კგ: 7,00 ლ - 15,00 ლ; კვერცხი 1ც: 0,15 ლ - 0,35 ლ; ნიორი 1კგ: 4,0 ლ - 9,0 ლ; ხორცი საქ: 6,0 ლ - 12,0 ლ; ლობიო: 2,0 ლ - 5,0 ლ.

 

შენგელიას განცხადებით, ამ ფასების მიხედვით, თუ 2008 წელს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შესაძენად საცალო ფასებით, ადამიანს ჯამურად უნდა გადაეხადა 44 ლარი, დღევანდელი ფასებით, იმავე პროდუქტში და იმავე რაოდენობაში, უნდა გადაიხადოს 23 ლარით მეტი, ანუ 67 ლარი.

 

ამიტომ შენგელია სვამს კითხვას: როგორ უნდა იარსებოს პენსიონერმა, რომლის პენსია თბილისში 90 ლარია, რაიონებში კი 80 ლარი. მისი მოსაზრებით, ფასების ასეთი ზრდის მიზეზი, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობა და საქართველოში დამკვიდრებული ეკონომიკის მონოპოლიური მმართველობაა.

 

„ჯერ პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ პრემიერმა გილაურმა გვაუწყა, რომ ხელისუფლება აპირებს საკვებ პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. ეს არის იმ ცრუ ლიბერალიზმის შედეგი, რომელსაც თავს გვახვევდნენ. ყველა „ვითომ“ რეფორმა, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა ღია ბაზრის ეგიდით, იყო დიდი ბლეფი და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა - ამის დასტურია პრეზიდენტისა და პრემიერის ზემოხსენებული განცხადება“, - აღნიშნა მან.

 

საკვებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო. ზაფხულის პერიოდში, ანუ ყველაზე „იაფ სეზონზე“ ყველა სახის პროდუქცია მინიმუმ 20%-ით გაძვირდა. გაძვირების ტენდენცია არ შეჩერებულა „უხვი შემოდგომის“ პერიოდშიც და რასაკვირველია გაგრძელდება „ძვირი ზამთრის“ თვეებშიც.

 

თუმცა, არჩევნების შემდეგომ ფასების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოს სენი არ არის. ასეთი მანევრები ჩვენი მეზობლებისთვისაც არ არის უცხო. მაგალითად, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე დღის წინათ ჩატარდა. არჩევნების ჩატარებიდან 2-3 დღეში კი პროდუქტებზე ფასების მკვეთრი მატება დაიწყო.

ორი დღის განმავლობაში პირველადი მოხმარების პროდუქციის ღირებულება 50-60%-ით გაიზარდა. ექსპერტების თქმით, გაძვირების ტენდენცია ყველა კატეგორიის საქონელს შეეხო.

 

ეკონომისტი აკიფ ნასირლი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში არჩევნების წინ ყოველთვის მოქმედებდა ფასების შეკავების მექანიზმი, რის გამოც არჩევნების შემდეგ პროდუქტების გაძვირება გარდაუვალი იყო. გაძვირების მიზეზად კი ექსპერტი სოფლის მეურნეობაში წარმოების მოცულობების შემცირებას ასახელებს.

 

„აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის ვარდნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელ მსოფლიოში, რადგან მთავრობას არ აქვს სექტორის განვითარების სპეციალური პროგრამა. გაყალბებული სტატისტიკის მიხედვითაც კი სოფლის მეურნეობის განვითარება 5%-ს არ აღემატება. ნავთობის ბუმის პირობებში, როდესაც მოსახლეობის 60% აგრარულ სექტორში მუშაობს, წინ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა“, - აცხადებს ექსპერტი.