გოგა ხაჩიძე პოლიტიკაში წავიდა

გოგა ხაჩიძე პოლიტიკაში წავიდა

გოგა ხაჩიძემ არჩევანი გააკეთა. ერთ დროს პოპულარულ ჯგუფ „სახის“ წევრი პოლიტიკაში მოდის.

„ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ ის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. ამომრჩევლებთან შეხვედრისას ბურჯანაძეს თან უმცროსი ვაჟი ახლდა. თერთმეტი წლის რეზიკო გოგა ხაჩიძის აქტიური მხარდამჭერია. ის თურმე წუხს იმის გამო, რომ ასაკი არ უწყობს ხელს, გოგას თავისი ხმა მიაშველოს, არჩევნებში გასამარჯვებლად.

უცნობია, პარლამენტის თავმჯდომარე რამდენად იყო თინეიჯერების საყვარელი მომღერლის „ფანი“, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ის თავის ბლოკთან ერთად გოგა ხაჩიძის პოლიტიკური მხარდამჭერია. ელექტორატთან შეხვედრისას მან განაცხადა:

„ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდები, როცა ვუმტკიცებ ადამიანს, რისთვის მინდა დეპუტატობა. აზრიც არა აქვს, ახლა დავიწყო ამის მტკიცება, პირობა მინდა დავდო, დეპუტატად გახდომისთანავე ვიხსნი იმუნიტეტს. იმუნიტეტი არ მჭირდება იმისთვის, რომ კარგი საქმეები ვაკეთო. ბრალი იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერც კი გაუმხელიათ და მალავენ კიდეც, ვისი დროშის ქვეშ გამოდიან, თორემ მე რა მენაღვლება, ჩემი ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძეა და ამით მე მხოლოდ ამაყი და ბედნიერი ვარ“.

ხაშურში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, იგივე პრობლემებია: უხელფასობა, უპენსიობა, გაზის, სასმელი წყლის პრობლემა და ა.შ. მოსახლეობას ძალიან უჭირს, ადამიანების განწყობა ერთნაირია: ხალხზე არავინ ფიქრობს! მიუხედავად ასეთი აზრისა, ნინო ბურჯანაძეს დარბაზში მხდომი ელექტორატი ტაშით შეხვდა.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

„რაიონებში სიარულისას იმდენ გაჭირვებას, უსამართლობას, ტკივილს ვხედავ, მიკვირს, როგორი მომთმენიც ჩვენი ხალხია, ქვებს რომ არ გვესვრის, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ქვეყანა უკიდურეს ზღვრამდეა მისული. აღშფოთებული ვარ, იმის ნაცვლად, რომ ეს ხელისუფლება ეძებდეს პრობლემების გადაჭრის გზას, ხალხს ატერორებს. დღეს მითხრეს, რომ ბრძანება იყო გაცემული - არც ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ მოსულიყო, თორემ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ეს იმისთვის, რომ ხალხმა სიმართლე არ მოისმინოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას ხელისუფლების მზაკვრულ ქმედებასაც ახადა ფარდა:

„დღეს ხელისუფლებას არჩევნებამდე 40 დღით ადრე საარჩევნო კამპანია დაწყებული არ აქვს. ვინმეს უკითხავს თქვენი ტკივილი და ჭირ-ვარამი? არავის ამისთვის არ სცალია, იმიტომ რომ ყველა დაკავებულია იმით, ჩამოიარონ სოფლები ჩემს შეხვედრამდე ერთი საათით ადრე და დაიმალოს, გადაუხადოს სოლიდური თანხა ცალკეულ გაზეთებს, რომლებიც მოსახლეობას ჩვენ მიმართ ეჭვის გრძნობას გაუჩენს.“

მიუხედავად ამისა, „ბურჯანაძე-დემოკრატები“ მაინც მზად არიან და ირწმუნებიან - ნებისმიერ ასეთ მცდელობას შევებრძოლებითო.

„მე უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ,“ - ამბობს ნინო ბურჯანაძე და სურამის მოსახლეობასაც ამ განწყობით ხვდება. ხაშურისგან განსხვავებით, სურამის გამგებელი - ტარიელ გოგოლაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობს.

აქ ერთმა კაცმა ბურჯანაძეს პრეტენზია წაუყენა  - ასეთი დიდებული პარლამენტი რომ გვყავს, ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდესო. მამაკაცის ეს რეპლიკა პარლამენტის თავმჯდომარემ სათავისოდ გამოიყენა:

„პატარკაციშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ თავმჯდომარე, კი ბატონო, ღირსეული გყავთ,“ - შეეხმიანა მას და - ეს ხუმრობითო, დამატა. ისე, ნინო ბურჯანაძე ასეთი თავდადებული თავის გამოსვლებში არასოდეს ყოფილა.

შეხვედრის დასასრულს ბურჯანაძემ ელექტორატს აქტიურობისკენ მოუწოდა და შეახსენა - არჩევნებზე მისვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსო.

„თუ თქვენ დღეს გაჩუმდებით და გულგრილი იქნებით, იცოდეთ, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.“ - განაცხადა მან.

სურამელებს გოგა ხაჩიძეც შეხვდა, რომელიც წარმოშობით ამ ქალაქიდანაა.

„ალია“ გოგა ხაჩიძეს ესაუბრა, რომელმაც პირადი სიმპათიის და ცნობილი სახეების გამო შეაჩერა „დემოკრატებზე“ არჩევანი. ხაჩიძე ერთი წელია, ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და ამბობს - როგორც პოპულარული სახე, ისე არა ვარ წარმოდგენილიო.

„ჩამოვედი ხაშურში, დავაფუძვნე ორგანიზაცია, განვავითარე მისი სტრუქტურები.“ - აცხადებს ის.

მაშინ, როცა პოპვარსკვლავი იყავით იფიქრებდით, რომ ოდესმე პოლიტიკაში მოხვიდოდით?

- სხვათა შორის, ჯერ კიდევ „სახეში“ მოღვაწეობის დროს ამბობდნენ, რომ გაცილებით უკეთესი პოლიტიკოსი გამოვიდოდი, ვიდრე - მომღერალი. ამაში იყო დიდი ჭეშმარიტება.

თქვენი ძველი კოლეგები რას ფიქრობენ თქვენს გადაწყვეტილებაზე?

- არანაირი პრობლემა. ყველა მიესალმება. ეს არავისთვის ყოფილა სიურპრიზი. ხუჯაძეს უბრალოდ არ შეუძლია, დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, იმიტომ რომ „აღორძინებასთან“ „მუშაობს“. დათო ფორჩხიძე ჩემ გვერდით არის.

კონკურენტები ვინ არიან?

- ვალერი გელაშვილი და სიმონ ნოზაძე - უშიშროების გენერალი. ჩემი კონკურენტებიდან ერთს გასაქცევად აქვს საქმე, მეორეს - დასაჭერად. თუ ვერ გავიმარჯვებ, ისევ აქ ვიქნები და გავაგრძელებ ამ საქმეს.

უფრო კარგი მომღერალი იყავით თუ პოლიტიკოსი იქნებით?

- ხალხი განსაზღვრავს.

თქვენ თვითონ როგორ აფასებთ საკუთარ ძალებს?

- მე ვფიქრობ, რომ უფრო პოლიტიკოსი ვარ.

თქვენი ელექტორატი თინეიჯერული იქნება?

- არა, რატომ? ყველა სახის.