არის თუ არა რეფორმატორი ქვეყნის წყაროს სათავე სუფთა?!

არის თუ არა რეფორმატორი ქვეყნის წყაროს სათავე სუფთა?!

რამდენიმე დღეა თბილისში გამოჩნდა ბანერები - საქართველოს მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, წყარო – მსოფლიო ბანკი. ექსპერტების განცხადებით, მთავრობა რეფორმებს ახორციელებს, თუმცა ამ რეფორმებს შედეგი არ მოყოლია. კერძოდ, რეფორმირებულ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ კორუფცია მძვინვარებს თავად ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აღიარა. განათლების სექტორის დეგრადირებაზე ყველა პროფესორ-მასწავლებელი წუხს და ამ ფაქტს ქუჩის გამოკითხვებიც ადასტურებს, როდესაც მაღალი კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიაც კი არ იციან.

 

გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა, მათი აღსრულება რომ წარმატებით მიმდინარეობდეს, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებასაც უნდა შეუწყონ ხელი, ამ მხრივ კი საქართველოში სრული დეგრადაციაა. ადგილობრივი წარმოება, რომ ვერ განვითარდა, ამაზე იმპორტირებული პროდუქტის სიმრავლეც მიუთითებს.

 

ექსპერტთა აზრით, საქართველო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მოწინავეა, მაგრამ მისი აღსრულების კუთხით- მაჩანჩალა. კიდევ ერთი დეტალი, კონკურენტული გარემოს გასაჯანსაღებლად გაზაფხულზე აღდგა ანტიმონოპოლიური სამსახური, თუმცა იგი არ მოქმედებს, ვინაიდან პარლამენტმა სამსახურის საქმიანობის წესები არ დაამტკიცა.

 

„საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ სახიფათოა. ვიდრე ქვეყანაში მესაკუთრის უფლებები დაცული არ იქნება, სასამართლო კი თავისუფალი, მანამდე წარმატებულ რეფორმებზე საუბარი ნაადრევია. ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა (მათი აღსრულება რომ წარმატებით მიმდინარეობდეს) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ის თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანაში მეწარმეობა, დსთ-ს სივრცეში ყველაზე ღარიბი ქვეყნის სტატუსიც მიუთითებს“, - აცხადებენ ექსპერტები.

 

ყველაზე რეფორმატიული ქვეყნის სტატუსი მსოფლიო ბანკის გამოკვლევებით მივიღეთ, მასში მონაცემები 150 ქვეყნის შესახებ მოხვდა. ქვეყნები ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი, საქართველო კი ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერობს.

 

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი. საბაჟო სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა კი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას შეუწყო ხელი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საფინანსო კორპორაციის დასკვნას იმის დადასტურებად მიიჩნევენ, რომ საქართველოში ბოლო დროს გატარებული რეფორმები შედეგიანი აღმოჩნდა. მათივე შეფასებით ამ დასკვნის შედეგად საქართველო ინვესტიციების ჩასადებად ბევრად მიმზიდველი ქვეყანა გახდება.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი საქართველოსთვის ძალიან დიდი წარმატებაა და ეს, უპირველეს ყოვლისა, დამატებით ინვესტიციებს ნიშნავს.

 

ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში ბიზნესის ხელშესაწყობად ბოლო ხუთი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა.

 

„საკანონმდებლო კუთხით გამარტივდა პროცედურები და დაწესდა გარკვეული შეღავათები, თუმცა რეალურად რამდენად ვართ ევროპის ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, ამაზე საუბარი გამიჭირდება“, - აცხადებს ნარმანია.

 

ბიზნესმენების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეფორმები ბიზნესს სწორედ ეკონომიკური კრიზისის დროს უნდა დასტყობოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.

 

„ზოგიერთმა ქვეყანამ და მათ შორის თურქეთმა, კრიზისის გამო, ბიზნესი გადასახადებისაგან თითქმის მთლიანად გაათავისუფლა. ჩვენთან კი ამ მხრივ შეღავათები ძალზე უმნიშვნელოა. არ მესმის რეფორმების, რომელიც რეალურ შედეგს არ იძლევა“, - აცხადებენ ბიზნესმენები.

 

ექსპერტთა აზრით, კანონმდებლობის გასამარტივებლად დადებითი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჩინოვნიკები ბიზნესს ძველებურად აკონტროლებენ.

 

„მაღალი თანამდებობის პირის ჩარევის გარეშე უცხოელ ინვესტორს ქართველ მეწარმესთან თავისუფლად დაკავშირება არ შეუძლია. ყველამ იცის, რომ აქ მფარველის გარეშე ბიზნესის წარმოება სახიფათოა. ეს კი ქართულ ეკონომიკას უფსკრულისკენ მიაქანებს“, - აცხადებს ნარმანია.

 

ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო ჩინოვნიკები ქონების თავიდან გადანაწილების პროცესს ინიცირებას უკეთებენ. კერძოდ, არ არის დაცული მესაკუთრის უფლებები.

 

„პატარა ბიზნესის წარმოება კიდევ შეიძლება, მაგრამ დიდ ბიზნესს ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს ლობისტები. ჩვენთან დიდი ბიზნესის კეთება ლობირების გარეშე შეუძლებელია“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.

 

მისი თქმით, კანონმდებლობა ასე თუ ისე მოწესრიგებულია, თუმცა ხშირი ცვლილებები ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. უცხოელებს საქართველოში კაპიტალდაბანდებისთვის მთავრობაზე დამოკიდებული სასამართლო სისტემაც აშინებთ.

 

„ბიზნესის რეკეტი მაინც ხდება. ამის კარგი მაგალითია კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებული სკანდალი. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებს ქმნის სასამართლო სისტემა, რომლის რეფორმირებას საშველი არ დაადგა“, - ამბობს ნარმანია.

 

ასე რომ, ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესის კეთების გამარტივების მიზნით მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება, თუმცა ბიზნესი ისევ ჩინოვნიკების რეკეტის ქვეშაა, თანაც ამ მიმართულებით ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა შეუძლებელია.