„მამი, სად არის ქართული ჯარი?!“

„მამი, სად არის ქართული ჯარი?!“

ისე მოხდა, რომ 7 ნოემბერს დღის განმავლობაში ტელეეკრანთან ყოფნამ სხვადასხვა სიტუაციაში მომიწია. ზოგჯერ უფროსებთან ერთად ბავშვებიც უყურებდნენ შემაძრწუნებელ კადრებს. მართლაც თავზარდამცემია, როცა თანამემამულენი საერთო ენას ვერ პოულობენ და სიტყვიერ ან ფიზიკურ ძალადობას მიმართავენ. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში ტრაგედია 7 ნოემბრამდე ბევრად ადრე დაიწყო. ტელეეთერში ნანახზე არანაკლებ შემაძრწუნებელი იყო ბავშვების განცდები...

7 წლის ლაშა იმ დღეს სკოლაში არ გაუშვეს, - მშობლებს ბავშვის ქუჩაში გაშვების შეეშინდათ. ლაშას არც უცდია სკოლაში წაუსვლელობის მიზეზის ახსნა, რადგან იცოდა, რომ შინაც კარგად გაატარებდა დროს უმცროს ძმასთან ერთად. თუმცა იმ დღეს ბავშვებმა ვერ ითამაშეს. ტელეეკრანიდან მომავალი ხმაური არ აძლევდათ მოსვენებას. ამიტომაც დროდადრო ტელევიზორს მიუსხდებოდნენ. აირწინაღიანი და ავტომატიანი ჯარისკაცებისა და შავნიღბიანი სპეცრაზმელების დანახვაზე ბავშვებს ვერ გაერკვიათ, რა ხდებოდა თბილისში. ჯერ ეგონათ, ბოევიკს უჩვენებენო. ფილმი რომ აღარ გათავდა, ლაშა მიხვდა, რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, თან ქაშუეთიც იცნო, გიმნაზიაც და პარლამენტის შენობაც... რაღაც ისეთს უჩვენებდნენ, რაც სინამდვილეში ხდებოდა. თვალებგაფართოებულმა ლაშამ მამას ათრთოლებული ხმით ჰკითხა, - „ვინ ჩხუბობს, მამა?“ პასუხის გაცემა ძნელი აღმოჩნდა. ამიტომაც მამამ კბილებში გამოცრა, ეს შენი საქმე არ არის, წადი, ითამაშეო, მაგრამ ბიჭმა უკან არ დაიხია, თან თვალს არ აშორებდა ეკრანს:

ვითამაშებ თუ მეტყვი, ვინ ვის სცემს.

-უბრალოდ, ჩხუბია.

ამხელა ჩხუბი? მერე, სად არის მიშას პატრული, რატომ არ გააშველებს?

ამ დროს ლაშამ წაქცეული სამართალდამცველი რომ დაინახა, იყვირა:

-მამა. ნახე, პატრულიც ჩხუბობს.

ბავშვი კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. როცა ცრემლსადენი გაზის გაშვება დაიწყეს და თან ხალხს ხელკეტებითაც უსწორდებოდნენ, ლაშამ ვეღარ მოითმინა და გაკვირვებულმა შეჰყვირა.

-მამი, სად არის ქართული ჯარი?

დედა იძულებული გახდა, ბავშვი ოთახიდან გაეყვანა, მაგრამ შეკითხვების კორიანტელი ამით არ დასრულებულა.

ლაშა ერთადერთი ბავშვი არ ყოფილა იმ დღეს, რომელმაც ვერ გაიგო, რატომ დაუპირისპირდნენ ქართველები ერთმანეთს. პარლამენტის შენობასთან ახლოს მცხოვრებმა 5 წლის მარიამმა აქა-იქ ავარდნილი გაზის ბოლქვები რომ დაინახა, ჯერ ის იკითხა, ზამთარში რით უნდა გავთბეთ, ქუჩაში რომ ამდენ გაზს ხარჯავენო, მერე კი, ქუჩაში გასვლა რომ სასტიკად აუკრძალეს და ტელეეკრანზეც ისევ გაზის კვამლს ხედავდა, ტირილი დაიწყო, ღმერთო, მალე გაუთავე გაზი ამ ხალხს, თუნდაც ზამთარში გავიყინოო.

ცხადია, ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენას დრო და ისტორია უკეთ შეაფასებს, ვიდრე ამ ორი პატარას განცდები, მაგრამ ერთიც არის, მათი ბაგეებით ხომ თვით უმანკოება, სისუფთავე და უცოდველობა გვესაუბრება, რომელსაც ვერ გაუგია - სად არის ახლა ქართული ჯარი? ერთი რამ ფაქტია, ვნებათაღელვის დაცხრომამდე განსაკუთრებული ფასი აქვს დუმილს - ოქროს, მოზომილად ნათქვამ სიტყვას კი ვერცხლის, რომ იარებზე მარილი არ დავაყაროთ ერთმანეთს, შევძლოთ მიტევება და მოვიპოვოთ სიმშვიდე. ეს ძალიან სჭირდებათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომელიც უფროსების ნამოქმედარს გაანალიზების გარეშე აღიქვამს. ნანახი და განცდილი კი მათ ცნობიერებაში ილექება და არავინ იცის, როდის, სად და როგორ პოვებს გამოძახილს.

თუნდაც მხოლოდ ამიტომ კარგი იქნებოდა ჩვენს შვილებზე მანამდე გვეფიქრა, ვიდრე თვალებში დირეგაჩრილები ერთმანეთის თვალში ბეწვის ძიებისას ქვას მოვიღერებდეთ და ლაფს დავისხამდეთ. ყოველი შენობა საძირკველზე შენდება. სანამ შენობას ჩავაბარებდეთ, დავფიქრდეთ, როგორ საძირკველს ვუყრით ჩვენს შვილებს... კეისარს რომ კეისრისას ვაძლევთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთსაც ღვთისა უნდა ვარგუნოთ... თორემ უღმერთო და სიყვარულისგან დაცლილ ქვეყანაში ვერც კანონი იკანონებს და ვერც შვილს გავზრდით ადამიანად.