მსოფლიოს მკურნალი Pfizer

მსოფლიოს მკურნალი Pfizer

Pfizer მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია. იგი კარგა ხანია აღნიშნული ბაზრის ლიდერი გახლავთ. მისი კაპიტალიზაცია 143,23 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ Pfizer არა მარტო თავისი სფეროს, არამედ ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. კერძოდ, Forbes-ის მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიათა რეიტინგში იგი მე-40-ე ადგილზეა.

 

ქიმიკოსი და კონდიტერი

1849 წელს გერმანელმა მეწარმემ ჩარლზ პფაიზერმა მამას 2500 დოლარი გამოართვა და თავის ბიძაშვილთან, ჩარლზ ერჰარტთან ერთად ამერიკას, კერძოდ კი ნიუ იორკს მიაშურა. იქ, ბრუკლინში მათ დაარსეს ქიმიური კომპანია Charles Pfizer & Company. მათი პატარა ქარხნის პირველი პროდუქტი სანტონინი - ანტიპარაზიტულ-ანტიგლისტური პრეპარატი იყო, რაც იმ პერიოდისათვის ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ.

 

მალე ქიმიკოსმა პფაიზერმა და კონდიტერმა ერჰარტმა მოიფიქრეს სანტონინის კარამელთან შერევა. ამგვარად, მათ მიიღეს გემრიელი წამალი, რომელსაც იმ დროს ანალოგი არ გააჩნდა. წარმატებამ არ დააყოვნა და კომპანიამ მშვენიერი მოგება ნახა.

 

60-იან წლებში დაწყებული სამოქალაქო ომისას, Pfizer აწარმოებდა საომარი მოქმედებებისას აუცილებელ ნარკოტიკულ საშუალებებს, იოდს, ქლოროფორომს და სხვადასვხვა კონსერვანტებს. შემდგომ ათწლეულში კომპანიამ ლიმონის მჟავის იმპორტი დაიწყო, მალე კი სულაც წარმოებას შეუდგა. იმ პერიოდში აშშ-ში

სხვადასხგვარი გამაგრილებელი სასმელი ძალზე პოპულარული ხდებოდა, მათ წარმოებაში კი ლიმონმჟავა გამოიყენებოდა. ასე რომ, ეს პროდუქტი შემდგომში კარგა ხანს კომპანიის წინსვლას განაპირობებდა.

 

1891 წელს გარდაიცვალა Pfizer-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ჩარლზ ერჰარტი, რომელმაც თავისი წილი - 250 ათასი დოლარად შეფასებული კაპიტალი შვილს უილიამს დაუტოვა. თუმცა, პფაიზერმა მისგან წილი თითქმის ნახევარ ფასად შეიძინა და კომპანია მთლიანად ხელთ იგდო.

 

გლობალური ფარმაცევტიკა

მეოცე საუკუნის დასაწყისში Pfizer ამერიკული ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი გახდა. 1906 წელს ჩარლზ პფაიზერი გარდაიცვალა და მისი უფროსი შვილი ემილ პფაიზერი კომპანიის პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ინიციატივით კომპანიის დირექტორთა საბჭო შექმნა, რომლის თავმჯდომარედ ჯონ ანდერსონი დაინიშნა.

 

1924 წელს ალექსანდრ ფლემინგმა პენიცილინი გამოიგონა. მედიცინის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესმა აღმოჩენამ Pfizer-ის მომავალზე დიდი გავლენა მოახდინა. ისევე, როგორც 1936 წელს ასკორბინის მჟავის მიღების ახალი ხერხის აღმოჩენამ. კომპანია ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერი გახდა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ 1938 წელს Pfizer-მა რიბოფლავინის გამოშვება დაიწყო. ამგვარად, კომპანია საერთოდ ვიტამინების წარმოებაში მსოფლიოში მოწინავე იყო.

 

1942 წელს კომპანიამ ბირჟაზე აქციების ლისტინგი განახორციელა. ამ პერიოდში Pfizer-მა აშშ-ს მთავრობისაგან მოკავშირეთა არმიისათვის დიდძალი შეკვეთა მიიღო. კომპანიამ დახვეწა პენიცილინის წარმოების მეთოდი მისი ბაზრის უპირველეს ლიდერად იქცა.

 

მეორე მსფლიო ომის დასრულების შემდეგ Pfizer-მა აქცენტი სამეცნიერო კვლევებზე გააკეთა. შედეგად, შექმნა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ტერამიცინი. 50-იანი წლების დასაწყისში კი კომპანიამ საერთაშორისო ბაზრის ათვისება დაიწყო. შეიქმნა წარმომადგენლობები ბრაზილიაში, პანამაში, პუერტო რიკოში,

ბელგიაში, ინგლისში და მექსიკაში. გარდა ამისა, 1952 წელს Pfizer-მა შექმნა ვეტერინარული განყოფილება. გარდა ამისა, კომპანიამ რამდენიმე უცხოური კონკურენტის შთანთქმაც განახორციელა.

 

შედეგად, შემდგომი ათწლეულების განმავლობაში Pfizer-მა თანდათანობით დაიპყრო მსოფლიო ბაზარი. აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ დიდ წარმატებას ვეტერინარული მედიკამენტების სფეროშიც აღწევდა. ამასთან, ათვისებულ იქნა ახალი ბაზრები. გასული საუკუნის ბოლოს ჟურნალმა Fortun-მა Pfizer მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ კომპანიად დაასახელა. ამ დროისათვის იგი მართლაც თავისი სფეროს უპირობო ლიდერი გახდა. კომპანიამ თავი არაერთი სიახლის დანერგვით გამოიჩინა. მათ შორის აღსანიშნავია 1998 წელს გამოშვებული Viagra.

 

ახალი ათასწლეულის დასაწყისში Pfizer-მა რამდენიმე შთანთქმა განახორციელა და არაერთი უცხოური განყოფილება გახსნა, რითაც ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტ ფულს დებდა კვლევითი ცენტრებისა და ლაბორატორიების მშენებლობაში. შედეგად, Pfizer-მა არაერთი ახალი პრეპარატი შექმნა, რითაც კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიხვეჭა.