გერმან ხანი იმ რუს ოლიგარქთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ირგვლივ სკანდალები ნაკლებად გორდება და რომლებიც ყვითელი პრესის ფურცლებზე იშვიათად ხვდებიან. თუმცა, ხანს გავლენა და ფული ნამდვილად არ აკლია. იგი განთქმულ ჟურნალ Forbes-ის რეიტინგში 8,2 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალით 83-ე ადგილზეა.
არშემდგარი მოკრივე, ზეინკალი და მკერავი
გერმან ხანი დაიბადა 1961 წელს კიევში. მამამისი ბორისი პროფესორი, მეტალურგიის დარგში განთქმული სპეციალისტი იყო. თუმცა, გერმანი მამის იმედებს ვერ ამართლებდა და სკოლაში ცუდად სწავლობდა, რადგან კრივში ვარჯიშს იყო გადაყოლილი. ამიტომაც, როცა 1978 წელს მომავალმა მილიარდერმა სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტში არ ჩაუბარებია და ქარხანაში მუშაობა ზეინკლის თანაშემწედ დაიწყო.
ერთი წლის შემდეგ ბიჭი მიხვდა, რომ ხელებით კი არა, თავით მუშაობა სურდა. ამიტომაც, მოინდომა, იმეცადინა და ინდუსტრიულ-პედაგოგიურ ტექნიკუმში ჩააბარა, რომელიც 1982 წელს დაამთავრა და სწავლა მოსკოვის მეტალურგიულ ინსტიტუტში გააგრძელა. სწორედ იქ გაიცნო მან „ალფა გრუპში“ მომავალი პარტნიორები მიხაილ ფრიდმანი და ალექსეი კუზმიჩევი.
80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში კოოპერაციული ერა დაიწყო. 1989 წელს ხანმა ალექსეი ფურმანთან ერთად სამკერვალი კოოპერატივი დააარსა, თუმცა, დიდი ხეირი ვერ ნახეს და ბიზნესი მალე გაყიდეს. ამის შემდეგ კარგა ხანს გერმანი უსაქმოდ დაეხეტებოდა და ემიგრაციაზეც კი ფიქრობდა.
სწორედ ამ დროს ხანი ფრიდმანს შემთხვევით შეხვდა. ძველმა ნაცნობებმა კარგა ხანს იბაასეს და როცა ფრიდმანმა ხანის გასაჭირი გაიგო, დახმარებას და დასაქმებას დაპირდა. ასე აღმონდა გერმანი „ალფა ეკოში“, რომელიც ხალიჩებიდან დაწყებული, შაქრით დამთავრებული, ათასგვარი რამით ვაჭრობდა.
ნავთობი და კრიმინალი
დროთა განმავლობაში „ალფა“ მსხვილი სავაჭრო კომპანია გახდა. პარტნიორები ნედლეულის სფეროთი, კერძოდ, ნავთობით, ქვანახშირით და მეტალურგიით დაინტერესდნენ. სწორედ ხანი ჩაუდგა სათავეში 1992 წელს „ალფას“ სანავთობე პროგრამას, რომელმაც მალე კომპანიის კაპიტალის მესამედი შეადგინა. შემდეგ პარტნიორებმა გადაწყვიტეს, გერმანისათვის ნედლეულის სფერო მიენდოთ.
1996 წელს ხანი „ალფა ეკოს“ პრეზიდენტად დაინიშნა. სწორედ მისი დამსახურება გახლდათ კომპანიის მიერ უცხოეთში ნავთობის ექსპორტის განხორციელება. ისევე, როგორც სხვა რუსი ოლიგარქები, ხანი ხშირად იყო შემჩნეული კრიმინალებთან კავშირში. კერძოდ, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტთა საშუალებით იგი ანხორციელებდა აქციონერებზე ზეწოლას და მათ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდა.
გარდა ამისა, რუსი სამართალდამცავები იძიებდნენ „ალფა ჯგუფის“ ხელმძვანელობის მიერ ქვეყანაში ნარკოტიკების იმპორტის საქმეს. როგორც ცნობილი გახდა, თავად ხანმა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დააარსა ფირმები, რომლებიც ვითომდა ხალიჩებით ვაჭრობდა, მაგრამ სინამდვილეში ნარკობიზნესისათვის იყო განკუთვნილი.
მიუხედავად იმისა, რომ „ალფაში“ ორჯერ ჩხრეკაც კი ჩაატარეს, ყველა საქმე საბოლოოდ დაიხურა. კომპანია კი სულ უფრო იზრდებოდა და ხანი თანდათანობით აქტივების შესყიდვაზე გადადიოდა. ამგვარად, „ალფამ“ ხელში ჩაიგდო „ტიუმენის ნავთობკომპანია“, რომლის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილედ ხანი დაინიშნა. გარდა ამისა, შესყიდულ იქნა „სლავნეფტი“ და „ტნკ-ბპ“, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ამჟამად გახლავთ.
როგორც ზემოთ აღვგიშნეთ, გერმან ხანზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ამბობენ, რომ თავისი მომავალი მეუღლე მან 1991 წელს თვითმფრინავით ფრენისას გაიცნო, სადაც მომავალი ქალბატონი ხანი ბორტგამცილებლად მუშაობდა. რუსულ ბიზნეს-წრეებში მას იცნობენ როგორც ძალზე თავდაჭერილ, მკაცრ და სასტიკ პიროვნებას. როგორც წესი, იგი დაუნდობელია მოწინააღმდეგეთა მიმართ და აგრესიული სტრატეგიის მომხრეა. სწორედ ამგვარი მიდგომის წყალობით იფურჩნება მისი ბიზნესი და იზრდება პირადი კაპიტალი.