ბეჟუაშვილს 2 მილიონამდე ლარის დამალვაში ადანაშაულებენ

ბეჟუაშვილს 2 მილიონამდე ლარის დამალვაში ადანაშაულებენ

ეს უკვე მერამდენედ - პროკურატურამ კიდევ ერთი პარლამენტარისთვის მოითხოვა იმუნიტეტის მოხსნა. სამართალდამცავები „საქგაზის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის დაკითხვას ითხოვენ, ამისთვის კი პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნაა მთავარი.

ყველაფერი კი კონტროლის პალატის მასალებიდან დაიწყო. მაკონტროლებლებმა 2000 წელს „საქგაზის“ შემოწმების დროს აღმოაჩინეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს „საქგაზის“ ხელმძღვანელებმა დიდი რაოდენობით თანხა დაუმალეს. მასალები ჯერ შს სამინისტროში, ხოლო იქიდან პროკურატურაში გადაიგზავნა.

საბოლოოდ კი, საქმის მასალების და საბუღალტრო ექსპერტიზის შედეგად, გაირკვა, რომ „საქგაზის“ ხელმძღვანელობამ ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუმალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ „საქგაზმა“ დიდი რაოდენობით აირი შემოიტანა და სარეალიზაციო ფასები თვითნებურად გაზარდა, ამ გზით, მოსახლეობამ სამი თვის მანძილზე 4 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა.

საქმე დიდი რაოდენობით გადასახადის დამალვის ფაქტზე აღიძრა. რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ ამ საქმეზე „საქგაზის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის გურამ ჩიჩუას დაპატიმრება მოითხოვა. რაიონულმა სასამართლომ ჩიჩუა თავდებში გაათავისუფლა და გირაოს სახით 165 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჩიჩუამ ფული გადაიხადა, მაგრამ პროკურატურამ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, ზემდგომმა ინსტანციამ ჩიჩუას დაპატიმრება გადაწყვიტა, გირაო უკან დააბრუნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასამართლო დარბაზიდან ჩიჩუა გაპარულიყო. ეტყობა, მიხვდა ბრალდებული, რომ საქმე ცუდად იყო და სანამ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად იყო სათათბირო ოთახში გასული, ჩიჩუამ მოახერხა და მიიმალა. მასზე დღეს ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება თავად ბეჟუაშვილს. საქმის მასალების მიხედვით, მისი როლი ამ საქმეში ჯერ კიდევ გასარკვევია, ამ ეტაპზე კი გამოძიება ასეთ ინფორმაციას ფლობს:

მაშინ, როცა დავით ბეჟუაშვილი „საქგაზს“ ხელმღვანელობდა, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე იყო. ერთ დღესაც, როდესაც გიორგაძე გარდაბანში იმყოფებოდა, მას სამინისტროდან ურეკავენ და გაზის ტარიფის გაზრდის პროექტზე ხელმოწერას სთხოვენ. გიორგაძემ გარდაბნიდან გასცა განკარგულება, რომ მისი ფაქსიმილე გამოეყენებინათ. თუმცა, იქვე დაამატა, რომ დოკუმენტი რეგისტრაციაში არ გაეტარებინათ. გარდაბნიდან დაბრუნებულმა გიორგაძემ, რატომღაც, არც დოკუმენტი მოიკითხა და არც ამ დოკუმენტზე დასმული ხელმოწერით დაინტერესდა.

მოგვიანებით გიორგაძის ხელმოწერილი საბუთი ბეჟუაშვილთან აღმოჩნდა, სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით და მასზე დაყრდნობით გაზარდა „საქგაზმა“ ბუნებრივი აირის ტარიფი.

პროკურატურამ მინისტრ გიორგაძის მოქმედება სამსახურებრივ გულგრილობად შეაფასა, მას გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. რა მოხდა სინამდვილეში გიორგაძესა და ბეჟუაშვილს შორის - ამაზე მხოლოდ ვერსიის დონეზე შეიძლება საუბარი, ისე კი, მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ გიორგაძე დაინტერესების გარეშე მოქმედებდა და მას მართლა „გადაავიწყდა“ მისივე ხელმოწერილი საბუთი.

მოკლედ, ახლა ყველაფერი ბეჟუაშვილის დაკითხვის პროცედურაზეა დამოკიდებული.

პარლამენტი, სავარაუდოდ, ბეჟუაშვილს იმუნიტეტს არ მოუხსნის და ეს საქმეც ისევე ჩაბარდება წარსულს, როგორც ცისკარიშვილის და კიდევ მრავალი დეპუტატის საკითხი.

ცისკარიშვილის შემთხვევაში, ორი ადამიანის ურთიერთობას ეხებოდა საქმე და გასაგებია - საჯარო ბოდიშის მოხდით დაზარალებულმა კოლეგას აპატია, მაგრამ „საქგაზის“ შემთხვევაში ვის უნდა მოუხადოს ბოდიში ბრალდებულმა მხარემ და ვინ უნდა აპატიოს მას დანაშაული? თუმცა, საქართველოში ასეთებიც ხდება ხოლმე...