საწვავის გაძვირებას მგაზვრობისა და პროდუქციის გაძვირებაც მოჰყვება

საწვავის გაძვირებას მგაზვრობისა და პროდუქციის გაძვირებაც მოჰყვება

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი ძვირდება. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა შიში, რომ საწვავის ფასები ადგილობრივ ბაზარზეც გაიზრდება. გაზრდილი დიზელი და ბენზინი ჯაჭვური რეაქციით სხვა პროდუქტებსაც გააძვირებს, უპირველესად ეს ტრანსპორტს შეეხება. თანაც საკრებულოს კულუარებში უკვე მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მთავრობას კომუნალურ ტრანსპორტზე ფასების გაზრდა სურს.

 

ექსპერტების განცხადებით კი ქართველ მენავთობებს საწვავის გაზრდის საფუძველი არ აქვთ, ვინაიდან ისინი ისედაც მაღალი მარჟით მუშაობენ. არსებული საერთაშორისო ფასების პირობებშიც კი საქართველოში საწვავზე ფასი მაინც არარეალურია.

 

ექსპერტის დათო ებრალიძის განცხადებით, როდესაც საქართველოში არსებულმა ნავთობკომპანიებმა რეგულარის ტიპის ბენზინზე ფასი – 1,8-მდე გაზარდეს, მაშინ საერთაშორისო ბირჟებზე ერთი ტონა ბენზინის ფასი 775 დოლარი იყო. ებრალიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ კვირაში 1 ტონა ბენზინის ღირებულება 700 დოლარს ჩამოცდა და რამდენიმე თვე სტაბილურად დაბალი იყო, მენავთობეებმა საწვავის ღირებულება მაინც არ შეამცირეს.

 

ამჯერად 1 ტონა ბენზინის ღირებულება 750 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მხოლოდ 2 დღით გადაცდა 780 დოლარს. ექსპერტების თქმით, ნავთობის ღირებულება ჯერ კიდევ არ მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის მიხედვითაც საქართველოში საწვავი გაძვირდა – 775 დოლარი, შესაბამისად, მენავთობეებს საწვავის გაძვირების საფუძველი არ აქვთ, ხოლო თუ ბენზინი და დიზელი მაინც გაძვირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მენავთობეებს მაღალი მარჟის შენარჩუნება სურთ.

 

„დაუშვებელია საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდეს. ეს ფაქტი არავინ უნდა დაუშვას. საწვავის გაძვირება ნიშნავს პურის კიდევ უფრო გაძვირებას, ამა სხვა საკვები პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვება და მოსახლეობა, რომელსაც ზამთარში ხარჯი ისედაც ეზრდება წელში გაწყდება. თუ მთავრობის სურვილი იქნება საწვავი არ გაძვირდება. ფასებს ნავთობკომპანიების მფლობელები არ განსაზღვრავენ, საწვავზე ფასებს აწესებს ერთი კაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ სკამზე ზის“, - ამბობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.

                       

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასები სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. კერძოდ, დღეისათვის  ლონდონის ნავთობის ბირჟაზე ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 89 დოლარის ფარგლებშია. ნიუ იორკის ბირჟაზე 88 დოლარის ფარგლებში.

მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობის ეს ფასები ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია კერძოდ, 2008 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი მერყეობდა ძირითადად 70-78 დოლარის ფარგლებში. ოქტომბრიდან კი ნავთობის ფასმა მატება დაიწყო და ბარელზე 88-89 დოლარამდე გაიზარდა.

 

„ნავთობის ფასის მკვეთრი მატების მიზეზი გახლავთ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება, ამერიკის ეკონომიკური სტიმულირებისათვის 600 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხდება სასაქონლო ნედლეულის ბაზრებზე, რაც შესაბამისად გაზრდის მოთხოვნილებას  ყველა სახის სასაქონლო ნედლეულზე“, - ამბობს მთვრალაშვილი.

 

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.3  მლნ ბარელით შემცირდა და 364.9 მლნ ბარელს შეადგენს, რაც  8.1 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ამერიკა ნავთობის ყველაზე დიდი მომხმარებელია და ამერიკის მარაგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ნავთობის ფასზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

 

საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, ნავთობის გაძვირება სპეკულაციურ გარემოებებსაც უკავშირდება. მათი ვარაუდით, ნავთობზე ფასი კრიტიკულ ზღვარს 100 დოლარს არ მიუახლოვდება, ვინაიდან ასეთი ფასი ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს, რომელის ჯერ კიდევ კრიზისის ფსკერზეა. 

 

ბოლო ინფორმაციით, ქართველ ნავთობიმპორტიორებზე ლარის გამყარებას გავლენა არ მოუხდენია. „რომპეტროლმა“ უკვე პარასკევს გააძვირა ბენზინი და 1 ლიტრი „რეგულარის“ ღირებულებამ 1,92 ლარი შეადგინა.