ზუგდიდში სახალხო კრება ინციდენტით დასრულდა [video]

ზუგდიდში სახალხო კრება ინციდენტით დასრულდა [video]

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

ზუგდიდში გამართული წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია ინციდენტით დასრულდა. შეკრების მონაწილეებმა “ენგურქაღალდკობინატის” კულტურის სახლის დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც მათი მხარდამჭერის, მამუკა ბაღათურიას პოლიციისგან დაცვა სცადეს.

 

ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე “პრესა.გე”-ს სახალხო კრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თიკო მჟავანაძე ტელეფონით  დაუკავშირდა ბაღათურიას მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ აცნობა.

 

თიკო მჟავანაძე: “კონფერენციის დასრულებისთანავე მამუკა ბაღათურიას პოლიციიდან დაურეკეს და სამმართველოში დაუყონებლივ დაიბარეს. მან გამომძიებელს მაშინვე მოსთხოვა უწყება, თუ რის საფუძველზე იბარებდნენ პოლიციაში.

 

საპასუხოდ კი პოლიციის ჯგუფი ბაღათურიას სახლში მივიდა, საიდანაც ოჯახის წევრებმა შეგვატყობინეს, რომ ისინი ბინის გაჩრეკვას გეგმავდნენ და დაუმორჩილებლობის გამო მასზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ”.

 

ბაღათურიას სახლთან მისულ “პრესა.გე”-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს სამი თანამშრომელი მართლაც დახვდა. მათ შორის ერთ-ერთი გამომძიებელი მერაბ შენგელია იყო.

 

ჟურნალისტის გამოჩენისთანავე ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და კომენტარზე უარი განაცხადეს. პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს ნონა გაფრინდაშვილის კითხვებიც, რომელიც ინციდენტის ადგილზე სოსო ჯაჭვლიანთან, ელდარ კურტანიძესთან და კრების საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდა. ისინი მომხდარს მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ.

 

სამართალდამცავებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

თუ რა ხდებოდა ინციდენტის ადგილზე და რა განცხადებები გაკეთდა სახალხო კრების რეგიონულ კონფერენციაზე, ნახეთ ვიდეოკადრებში.