ფილმის - "ვერის უბნის მელოდიები" რეჟისორი, გიორგი შენგელაია ბათუმის თეატრში გამართული, გათანამედროვებული მიუზიკლის - "ვერის უბნის მელოდიები" პრემიერას არ ესწრებოდა. ჰოდა, ცხადია, ხალხმა ეს ამბავი აიტაცა. ამბობდნენ: მიუზიკლზე მუშაობა ბატონი გიორგის ნებართვის გარეშე დაიწყეს და თურმე, ახლა გაბრაზებულიაო. ჩვენ რეჟისორთან სიმართლის გასარკვევად მივედით. მისი თქმით, ეს ყველაფერი ჭორია. "ვიდრე ამ მიუზიკლზე მუშაობას დაიწყებდნენ, მეგობრებმა საფრანგეთიდან დამირეკეს და მთხოვეს, ფრანგი რეჟისორისთვის - რედა ბენტეფუარისთვის სპექტაკლის დადგმის უფლება მიმეცა", - გვითხრა რეჟისორმა და ისიც დასძინა, რომ ეჭვი ეპარება, ამ სპექტაკლმა მის ფილმს გაუწიოს კონკურენცია. სხვა თუ არაფერი, რედა ისეთ მსახიობებს ვერსად იპოვიდა, რომლებიც წლების წინ თავად შევკრიბეო.
- თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ მიუზიკლის დადგმა უნდოდათ. მსგავსი რამ ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. თითქმის ყველა ქვეყანაში არის ტენდენცია, რომ ჯერ სპექტაკლს დგამენ, მერე კინოს იღებენ ან პირიქით. ბოლო დროს სცენარები აღარ იწერება და რიმეიქებს ამიტომაც აკეთებენ. ვფიქრობ, რედას დადგმული მიუზიკლი ჩემი ინტერესების შელახვა სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ფილმი უკვე გადაღებულია და მეორეჯერაც ხომ ვერ გადავიღებ?! როგორც ჰერაკლიტემ თქვა, - ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. სიმართლე გითხრათ, ადრე ამ მიუზიკლის დადგმა მუსკომედიის თეატრმა შემომთავაზა, მაგრამ ჩემთვის, როგორც კინორეჟისორისთვის, სცენის სპეციფიკა "შორს დგას". დამპირდნენ, რომ წარმოდგენას ჩაიწერდნენ და მანახვებდნენ. სანამ არ ვნახავ, ამ სპექტაკლზე ვერც კარგს ვიტყვი, ვერც - ცუდს. ბათუმში, მიუზიკლის პრემიერაზე კი იმიტომ ვერ წავედი, რომ ფეხი მტკიოდა.
- ბატონო გიორგი, ფრანგი რეჟისორისთვის კონსულტაცია ხომ არ გაგიწევიათ?
- არა და მგონი, ეს არც იყო საჭირო. მას ვერ ვურჩევდი, თუ რომელი მსახიობები უნდა აეყვანა. მგონი, გამოცდილება აქვთ და თავადვე შეარჩევდნენ არტისტებს... ამ მიუზიკლთან დაკავშირებით ჩემთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. ერთადერთი, რითაც დავინტერესდი, მსახიობების ვინაობა იყო. რა თქმა უნდა, ისეთ მსახიობებს, როგორიც მე მყავდა, ვერასოდეს იპოვიან.
- პირველ რიგში ალბათ, ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს გულისხმობთ...
- არა მარტო სოფოს! დოდო აბაშიძეს, ზურაბ კიკალეიშვილს, ეროსი მანჯგალაძეს, ალისა ფრეინდლიხს, კახი კავსაძეს, ბაადურ წულაძეს - ასეთი მსახიობები დღეს ჩვენ არც თეატრში გვყავს და არც კინოში! როგორც წესი, დღეს მიუზიკლებს ერთი ჯგუფი აკეთებს და ძირითადად, როლებს ერთსა და იმავე მსახიობებს აძლევენ. მე სოფო ნიჟარაძის შესრულებული მხოლოდ ერთი სპექტაკლი - "ქეთო და კოტე" მაქვს ნანახი და სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მომეწონა. მეტისმეტად გადაპრანჭული კოსტიუმები ჰქონდათ; გათანამედროვება გადაჭარბებული იყო... როგორც ვიცი, "ვერის უბნის მელოდიებიც" გათანამედროვებულია. ვნახავთ, რა გამოუვიდათ...
- რამდენიმე თვის წინ თქვენ და ბატონმა ვანო კიღურაძემ "მეცნიერთა და ხელოვანთა დარბაზი" შექმენით. რა ბედი ეწია ორგანიზაციას?
- ეს ორგანიზაცია ისევ არსებობს. როცა დარბაზი შევქმენით, პოლიტიკური პარტიები დაქსაქსული იყო, ქართულ პოლიტიკაში იმედის მომცემი არავინ ჩანდა. ვიფიქრეთ, გაგვეერთიანებინა ცნობილი და პატივცემული ადამიანები, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის შესახებ თავიანთ სიტყვას იტყოდნენ. მხოლოდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება გვსურდა. როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, კონსულტაციას ვუწევდით.
- ბატონი ბიძინა თქვენს იდეებს იზიარებს?
- დიახ. "ქართულ ოცნებაში" ჩვენი ორგანიზაცია ბატონმა ვანო კიღურაძემ წარმოადგინა. ჩვენი და ამ პოლიტიკური პარტიის ინტერესები აბსოლუტურად დაემთხვა. დარბაზის წევრები ოპოზიციურად ვიყავით განწყობილი მთავრობისა და პრეზიდენტის მიმართ. კულტურის დარგში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მთელი ქართული კულტურა დაანგრია. ჩვენს აზრს იზიარებს როგორც ბატონი ბიძინა, ასევე მოსახლეობაც. არა ვარ ახალი არქიტექტურის წინააღმდეგი, მაგრამ ასეთი უგემოვნო და სულელური მშენებლობები არსად მინახავს. იუსტიციის სახლი, სადაც ადამიანს საქმის მოგვარება იოლად შეუძლია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რა საჭიროა ასეთი შენობები? შეიძლებოდა შუშის ხიდის აშენება ძველ თბილისში? რიყის პარკში ნახეთ, როგორ საკონცერტო დარბაზს აშენებენ? საზიზღრობაა! საფრანგეთში, ლუვრის ეზოში, პატარა მოდერნისტული შენობის, შუშის პირამიდის აშენება მოინდომა ექსპრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა და მთელი საფრანგეთი ამას განიხილავდა! ეს მთავრობა კი არავის არაფერს ეკითხება! წესით, ყოველი ახალი პროექტი უნდა გამოქვეყნდეს, კონკურსი ჩატარდეს... ამათ კი მიუტანენ რაღაც პროექტს, მოეწონებათ და მეორე დღესვე იწყებენ განხორციელებას. ეს ყველაფერი ჩვენი ახალგაზრდობის ფსიქიკაზე მოქმედებს. ისინი წესით, ტრადიციებზე უნდა იზრდებოდნენ და მერე ითვისებდნენ უცხოურ ნოვაციებს. ალბათ, თქვენც გინახავთ გადაცემები, სადაც ახალგაზრდებს ეკითხებიან: რუსთაველი ვინ იყოო? ისინი კი პასუხობენ: საქართველოს მეფეო...
- თქვენ მიიჩნევთ, რომ ახალგაზრდების განათლების დონე ამ სიუჟეტებს შეესაბამება?
- განათლებაში მთელი აქცენტი ინგლისურისა და კომპიუტერების სწავლებაზეა გადატანილი. ეს ჩვენი პრეზიდენტი გაუქონავად უძვრება ამერიკას; უნდა, ყველაფერი მათებურად გააკეთოს და გამოსდის კიდეც. საქართველოში სიახლეების შემოტანა ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ ბავშვებს ტვინი ერთბაშად გამოურეცხეს. ქართულ ლიტერატურასაც არ ასწავლიან წესიერად.
- საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ხელისუფლებას?
- იცით, დემოკრატიის ქვაკუთხედი ის არის, რომ პრეზიდენტს მხოლოდ 2 ვადით არჩევის უფლება აქვს. ახლა ხელისუფლება აქცენტს საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე აკეთებს, გამარჯვების შემთხვევაში კი სააკაშვილს პრეზიდენტობის შემდეგ რაიმე სტატუსს "მოუძებნიან". მე ღრმად ვარ დარწმუნებული, საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნება" მოიგებს. დღეს ხელისუფლების ხელში სამი სატელევიზიო არხია, რომელიც მთელ საქართველოს "ფარავს". ამ ტელევიზიებში დასაქმებული ჟურნალისტები ფაქტებს ისე ამახინჯებენ, როგორც აწყობთ, მაგრამ მე მოსახლეობის განწყობა ვიცი. სოფელ დიღომში ვცხოვრობ და აქედან, მოსახლეობის 70% მაინც მისცემს ხმას "ქართულ ოცნებას". ხალხს ეშინია ამ "სოდისა" და "კუდის". ამიტომაც, ყველა გამოკითხვაში ამბობენ, რომ მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მისულები სულ სხვა პარტიას დაუჭერენ მხარს.
- როგორ გგონიათ, "ქართული ოცნება" საზოგადოების იმედების გამართლებას შეძლებს?
- ბატონი ბიძინა დადებითი პიროვნებაა. ხალხისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და მჯერა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს. მთავარია, ადამიანს კეთილი გული ჰქონდეს, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ნამდვილად არა აქვს. ის არის ბოროტი, ქილიკა და მატყუარა კაცი. თუნდაც, გარეგნულად შეადარეთ ბატონი ბიძინა და მიშა ერთმანეთს. რეჟისორი კაცი ვარ და მიშას დადებითი გმირის როლზე არასოდეს ავიყვანდი, რასაც ვერ ვიტყვი ბატონ ბიძინაზე.
- ხელისუფლება ხშირად საუბრობს ბატონი ბიძინას "რუსეთუმეობაზე"...
- რუსოფობია, რომელიც ამ ხელისუფლებამ დათესა და ქართველებს რუსი ხალხი შეაჯავრა, საშინელებაა. არ მინდა, ეს თემა განვავრცო. სად იყო სააკაშვილი და სამაჩაბლოს პრობლემა, როცა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ბიზნესი დაიწყო? მის გარდა საქართველოში არავინაა ისეთი, ვინც რუსეთში ფული იშოვა? ჩვენი პრეზიდენტი აგვისტოს ომის გამო უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ისე ებღაუჭება სკამს... არც მიკვირს, ასეთ კარგ "სამსახურს" სადღა იშოვის? ყველა ექვემდებარება და თვალებში შესციცინებს, თავად კი დადის აქეთ-იქით და ხალხს ატყუებს.