ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფის, აწ უკვე ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე დღემდე ამაოდ ელის კომიტეტის თავმჯდომარის, გია არსენიშვილისგან შუამდგომლობას პენიტენციალურ სისტემაში შესასვლელად.
რატომ უქმნიდა დისკომფორტს არსენიშვილს ლორთქიფანიძის მონიტორინგის ჯგუფში ყოფნა, რატომ მიიღო ეკა ხერხეულიძემ ლორთქიფანიძის როტაციის გადაწყვეტილება, რატომ გაერთიანდნენ დიმიტრი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ხათუნა კალმახელიძე, დავით ბაქრაძე და გია არსენიშვილი და ვის იმედად რჩებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დღემდე დაჟინებით ითხოვენ ლორთქიფანიძესთან შეხვედრას?
ყველა ამ საკითხზე პრესა.გე დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
მას შემდეგმ რაც მონიტორინგის ჯგუფს ჩამოგაშორეს, დაადგინეთ თუ არა მიზეზი, რამაც გია არსენიშვილი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა?
-მაგალითად კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან, 2009 წლის იანვარში, ქსნის მე-7 დაწესებულებაში ჩემი მოულოდნელად ჩასვლის შედეგად მიღებული ინფორმაცია გავხადე საჯარო, საქმე ეხებოდა ადამიანებს, რომლებიც კარცერებში მინუს 7 გრადუსში ჰყავდათ შეყრილი და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, პარლამენტს ტრიბუნასთან გამოვედი და ვთქვი, რომ ტუბდაწესებულებაში, ერთ ადგილას სამი მსჯავრდებული ავადმყოფი მოდის და 7 ადგილიან საკანში მთელი ღამის განმავლობაში, 12-13 ადამიანს კეტავენ. იმის გამო, რომ ამ ფაქტებს ყურადღებას არავინ აქცევდა, დავით ბაქრაძეს მოვუწოდე - ვინაიდან ჩემი მოხსენება არ არის საკმარისი, რომ დარწმუნდეთ, გთხოვთ ერთად შევიდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ რაც იქ ხდება-თქო.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ვიღაცისთვის მიუღებელი და ხელისშემშლელი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც კულუარებში ისიც აქვს ნათქვამი, რომ ლორთქიფანიძე ბევრ რამეში ხელს მიშლისო.
16 ივლისს, სახალხო დამცველის ანგარიშის მოხსენებისას, როცა სიტყვით გამოვედი, მაშინ არსენიშვილიც გამობრძანდა სიტყვით და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და ლორთქიფანიძის და კერვალიშვილის ინფორმაციებზე დაყრდნობით დეპუტატები კვლავ გააგრელებენ შემოწმებასო.
ეჭვგარეშე იყო, რომ მე ჩვეულებრივ ვაგრძელებდი მუშაოაბას, მაგრამ როცა მივედი მასთან და ვკითხე, როდის უნდა შევსულიყავი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მან მითხრა, რომ მე ვეღარ შევძლებდი მოვალეობის შესრულებას, რადგან როტაცის წესით შემცვალეს.
თავად კანონი რას ამბობს როტაციაზე?
-საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-17 მუხლით ამ დაწესებულებებში ნებისმიერი პარლამენტის წევრის შესვლის შესაძლებლობა არის გათვალისწინებული, თუ ისინი მიმართავენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ან იურიდიულ კომიტეტს შესვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით დასაბუთებული არგუმენტით.
თუმცა, თავის დროზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ჩამოაყალიბა პენიტენციური სისტემის მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა ორი ადამიანის შემადგენლობით. აქ ვიყავით მე და ქალბატონი ეკა ხერხეულიძე და შესაბამისად, იქ როტაციასთან დაკავშირებით თქმული არაფერი ყოფილა.
როტაცია რომც ყოფილიყო, მაშინ მე უნდა შევეცვალე უმცრესობის წამომადგენელს. კოლეგიალობიდან გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარეს უნდა მიემართა უმცირესობისთვის და ახალი კანდიდატის შემოთავაზება უნდა ეთხოვა. უმცირესობა, დიდი ალბათობით, ჩემს კანდიდატურას დატოვებდა, ან „ქრისტიან დემოკრატიული“, „ედპ“-ს, ან კიდევ, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლით შემცვლიდა.
ხერხეულიძე თქვენ „შეიწირეთ“, რომ ზედმეტი მითქმა–მოთქმა არ მოჰყოლოდა მხოლოდ თქვენს „როტაციას“ თუ მის მიმართაც ჰქონდა ვინმეს პრეტენზიები?
–ხერხეულიძემ თავად გასცა ამ კითხვას პასუხი, როცა სესიაზე განაცხადა, რომ თურმე, შვებულებაში გასვლას აპირებდა და არსენიშვილისთვის უთხოვია, რომ როტაციის პრინციპით შევეცვალეთ. ვინაიდან, მე მის მეწყვილედ ვითვლებოდი, ავტომატურ რეჟიმში მომაქცია, რაც არის ბოდვა და აბსურდი. არავინ ჰკითხავს ეკა ხერხეულიძეს ჩემი როტაციის საკითხს. მას შეეძლო საკუთარი შეცვლის საკითხი დაეყენებინა. მე ვარ თავმჯდომარის მოადგილე, უმცირესობის წარმომადგენელი და როგორც მინიმუმ, ჩემი შეცვლა–არშეცვის საკითხს უნდა წყვეტდეს ფრაქციის თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერთან შეთანხმებით. მე რომ „ნაციონალებმა“ შემცვალეს, ეს უკომენტაროდ დამიტოვებია.
თქვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვდით დასტურს საპყრობილეში შესვლის თაობაზე, მიიღეთ თუ არა მისგან რაიმე პასუხი?
–პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხი არ მიმიღია, მაგრამ პირველმა ვიცე–სპიკერმა მაჭავარიანმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ, არსენიშვილს უნდა მივმართო განცხადებით, რომელიც თავად დააყენებს შუამდგომლობას პარლამენტის თავმჯდომარესთან. მე, როგორც პარლამენტის დეპუტატს, პარლამენტის რეგლამენტი მაძლევს კომისიის გარეშე პენიტენციალურ დაწესებულებებში შესვლის უფლებას. სხვათა შორის, ამას ბატონი არსენიშვილიც არ უარყოფს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ მხოლოდ მან უნდა დააყენოს შუამდგომლობა პარლამენტის თავმჯდომარესთან და დავით ბაქრაძეც ამის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას.
ორი კვირის წინ, 8 მსჯავრდებული პირის მხრიდან განცხადების საფუძველზე განცხადებით მივმართე არსენიშვილს, რომ საპყრობილეში შევსულიყავი, მაგრამ ჯერ ამაზე რეაგირება არ ყოფილა. უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემაც კატეგორიულად მოითხოვა კომისიაში უმცირესობის ქვოტის აღდგენა, მაგრამ, როგორც ჩემი, ისე გიორგი თარგამაძის მოთხოვნა „ხმა მღაღადებლისა შინა“ რჩება.
თითქმის ყოველდღიურად ამოაქვთ კანცელარიიდან ჩემთან განცხადებები, სადაც მსჯავრდებულები დაჟინებით ითხოვენ ჩემთან შეხვედრას, როგორც კომისიის წევრთან. სამწუხაროდ, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ასეთი ვერაგული გზით ამომიღეს სიიდან და მე ამაში მხოლოდ გია არსენიშვილს არ ვადანაშაულებ. ეს არ არის მხოლოდ არსენიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაშიც აუცილებლად იქნება ჩართული პარლამენტის ხელმძღვანელობა და არა მხოლოდ ისინი.
კიდევ ვისზე გაქვთ ეჭვი?
–კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, 2010 წლის 5 მარტს, ანუ, როცა ჯერ კიდევ კომისიის შემადგენლობაში ვიყავი, რუსთავის პირველი დაწესებულება გაიხსნა, მაგრამ მე ამ გახსნაზე არ მიმიწვიეს. აბსოლუტურად არაკოლეგიალურები აღმოჩნდნენ ჩემს მიმართ, პირველ რიგში, ვგულისხმობ სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომლებმაც ჩემგან განსხვავებით, ეკა ხერხეულიძე და გია არსენიშვილი მიიწვიეს. მათ ჰქონდა ვალდებულება, რომ მივეწვვიეთ რუსთავის პირველი დაწესებულების გახსნაზე, მაგრამ მათ დემონსტრაციულად მოახდინეს ჩემი იგნორირება, რასაც მხარი დაუჭირა კომიტეტის თავმჯდომარემ და ჩემმა ე.წ. მეწყვილემ. მას ელემენტარულად ხმა არ ამოუღია, როცა შეეძლო ჩემთვის დაერეკა მაინც.
თუ გაქვთ ინფორმაცია, სახალხო დამცველის პოზიცია როგორია თქვენს საქმესთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს, თქვენი უფლებებიც ხომ დაირღვა?
–გეთანხმებით, სახალხო დამცველს შეუძლია ჩემი უფლებები დაიცვას, მაგრამ გამომდინარე ჩემი სტატუსიდან, მომიწევს თავად დავიცვა ჩემი უფლებები. ჩვენი უმცირესობის ლიდერს ვაცნობებ, რომ ვინაიდან ჩვენს მოთხოვნაზე უმრავლესობა რეაგირებას არ ახდენს, ამჯერად წერილობით მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს. მე არ მინდა ისე გამიგონ, რომ ლორთქიფანიძე თავის უფლებებს იმის გამო იცავს, რომ მაინცდამაინც, მისი კანდიდატურა იყოს აღდგენილი. აქ საუბარია იმაზე, რომ უმცირესობას აღუდგეს ქვოტა, ხოლო გამოუცხადებს თუ არა უმცირესობა ლორთქიფანიძეს ნდობას, ეს სხვა საკითხია.
მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე ამ საქმეს ვაკეთებდი, ვერავინ იტყვის, რომ ამას პოლიტიკური ქულების დასაწერად, ან პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ვიყენებდი. ეს იყო ძალიან რუტინული და სახიფთო სამუშაო. მეტსაც გეტყვით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არცერთი დეპუტატი არ შესულა განსაკუთრებით საშიში სპამის მატარებელი პატიმრების სათავსოში, სადაც შესვლამდე გაფრთხილებენ, რომ იქ შესვლა თქვენთვის და თქვენი ოჯახის, ან ახლობლებისთვის სახიფათოა.
მიხეილ სააკაშვილი ქება–დიდებას არ იშურებს ხათუნა კალმახელიძის მისამართით, რომ პენტიტენციალურ სისტემაში ყველაფერი შეიცვალა და გამოსწორდა. როგორ გავიგოთ მსგავსი შეფასებები მას შემდეგ, რასაც თქვენ ყვებით?
–ის ფაქტი, რომ გარემონტდა და აშენდა ახალი დაწესებულებები, მათ შორის ევროკავშირის გრანტით, ეს კარგია, მაგრამ გარედან დამამშვიდებელ ტონში შეღებილი დაწესებულებები ვერ პასუხობენ იმ ნორმატივებს, რომლითაც უნდა იქნას აღჭურვილი ესა თუ ის სასჯელაღსრულებითი დაწესებულება. თქვენ ვერ გაიგებთ საერთო რეჟიმგანსაზღვრული პირი რატომ იმყოფება საპყრობილის რეჟიმზე. ან, მკაცრ რეჟიმგანსაზრვრული და საერთო რეჟიმგანსაზღვრული პირის უფლებები რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ვერავინ გამცა პასუხი, რატომ არიან პატიმრები საპყრობილის რეჟიმზე 4 და 5 წლის განმავლობაში, მაშინ, როცა კანონი გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება იყოს პატიმარი მოთავსებული საპყრობილის რეჟიმზე. ვერავინ გამცა პასუხი პატიმრების თეთრეულთან დაკავშირებით. პატიმრების შესახებ კანონში ცალსახად არის მითითებული, რომ სახელმწიფო თავად უნდა უზრუნველყოფდეს პატიმრების თეთრეულით მომარაგებას, მაშინ, როცა ეს ბიზნესად არის ქცეული და ე.წ. „ლარიოკებში“, ანუ „პოპულის“ მაღაზიათა ქსელში შედის თეთრეულები და მისი შეძენის ვალდებულება პატიმარს ეკისრება.
არავის აქვს პასუხი იმასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის სფერო რატომ არის სავალალო. მითუმეტეს, საუბარი არ მაქვს ახალ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის არგათვალისწინებაზე.
ქალბატონი კალმახელიძე უცხოელებს აჯერებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არის წინგადადგმული ნაბიჯები და ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. მე რაც ჩამოვთვალე, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და ყველაფერი ეს იქედან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პატიმრების მომსახურეობას. საქართველოს პირობებში ალბათ, ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებდა 24 850 პატიმრის შენახვას, მაშინ, როდესაც თითოეულ პატიმარზე, მხოლოდ კვებაზე, 3, 5 ლარია გამოყოფილი. წარმოიდგინეთ რა მდგომრეობაში იქნებიან ის პატიმრები, ვისაც გარედან არ ჰყავს მომკითხავი.
ახლა რა ეშველებათ იმ პატიმრებს, რომელთაც თქვენი იმედი აქვთ?
–მე ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმის გამო, რომ ვემშვიდოები პატიმრებს, რომლებთანაც შევდიოდი. როდესაც მათთან ნებისმიერი თანამდებობის პირი შედის, ეს მათთვის დიდი ნუგეშია. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი შუალედური განცხადებები ვიღაცას ხელს უშლიდა. მე რადიო „თავისუფლების“ ეთერის ხშირი სტუმარი ვარ (რისთვისაც მინდა მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო) და რამდენჯემრმე ეთერში კონკრეტულ ფაქტებზე გვამახვილე ყურადღება, რომელიც ვიღაცეებს აღიზიანებთ. ამიტომ აირჩიეს ეს გზა, რომ გამაჩუმონ და საერთოდ, უმცირესობის ხმა არ ისმოდეს პარლამენტში.
მე არ მინდა ეჭვი შევიტანო გელაშვილის და ოვანესიანის კეთილსინდისიერებაში, მაგრამ თუ უმრავლესობა არ უზრუნველყოფს უმცირესობისთვის ქვოტის აღდგენის ამ ლეგიტიმური მოთხოვნას, მაშინ, ავტომატურად შემაქვს მათ კეთილსინდისიერებში ეჭვი.