სააკაშვილის „ფიშტოიანმა“ ამომრჩეველმა ცესკო დააწიოკა

სააკაშვილის „ფიშტოიანმა“ ამომრჩეველმა ცესკო დააწიოკა

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ყოფილი იმელის შენობა - ცესკოს შტაბ-ბინა შტურმით აიღეს. შეიარაღებულ „ნაციონალებს“ იმელისა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დაცვამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

ნაციონალების „ამომრჩეველთა ჯგუფი“ (სააკაშვილის სიტყვებით) შენობას ხელჩართული ჩხუბით სართულ-სართულ იკავებდა. მეწინავე რიგებს კი მოძრაობის ლიდერები მოუძღოდნენ. თუმცა გულუბრყვილო სახეებად თვითონვე კითხულობდნენ, ვინ არიან და აქ რა უნდათო. ერთი შეხედვით სიტუაციაში გარკვევა მართლაც ჭირდა, მაგრამ რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. მისი განცხადებით, ცესკოს მათი დაჩაგვრა ჰქონია ნაბრძანები და „ამომრჩეველებიც“ საკუთარი რჩეულების დასახმარებლად იყვნენ მოსულნი. თუმცა იარაღის ხსენებისას ყველაფერი პროვოკატორებს დაბრალდათ.

არადა ცესკოს გუშინ თბილისის საკრებულოს შემაჯამებელი ოქმი უნდა დაემტკიცებინა. თუმცა, დღის წესრიგი რამდენჯერმე შეიცვალა. სხდომა 3 საათისთვის იყო დანიშნული. ამ დროისთვის კი თბილისის საკრებულოს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იყო შეტანილი და არც სხდომა დაწყებულა დანიშნულ დროს.

სხდომათა დარბაზში შეკრებილნი ხელებს იფშვნეტდნენ, აქ დიდი ამბავი ატყდებაო. ამ „დიდ ამბავს“ კი განსაკუთრებით სააკაშვილის მხარდამჭერი „ვაკის გონივრული განვითარების“ საზოგადოების წევრი ქალბატონები ელოდნენ. თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებიც „რაღაცის“ მოლოდინში იყვნენ.

ძნელი სათქმელია, ცესკო სხდომას რატომ არ იწყებდა, რომ შტურმის განხორციელებას ელოდა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა იძულებული, ამ ზომისთვის მიემართა. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, გუშინ ცესკო და „ნაციონალები“ ერთმანეთის საქმეში აშკარად არ ჩარეულან და არც ერთმანეთისთვის შეუშლიათ ხელი. ვიდრე სააკაშვილის ხალხი დარბაზში დასაჯდომი ადგილების მოსაპოვებლად იბრძოდა, გია ზესაშვილი კომპიუტერით პასეანსების გაშლით იქცევდა თავს. ცესკოს წევრების უმეტესობა კი საერთოდ არ ჩანდა.

სააკაშვილის გამოჩენამდე „ნაციონალების“ ლიდერები შემოჭრილ ხალხთან რაიმე კავშირს საერთოდ უარყოფდნენ. ხელჩართული ომი კი თურმე „მოჩხუბრების გასაშველებლად“ გამართეს. სააკაშვილის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მას არც დაუმალავს, რომ შენობაში შეჭრილი ხალხი მისივე „ამომრჩევლები“ იყვნენ. მაგრამ შენობაში შეჭრილ 150-მდე ადამიანში მხოლოდ 1 აღმოჩნდა უცხო - იარაღიანი. თუმცა კამიკაძის როლი სწორედ ამ იარაღიანმა შეასრულა. სააკაშვილისთვის თავდადებულ ხალხს შენობაში შესასვლელი გზა გაუხსნა, თვითონ კი მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. თუმცა იუსტიციის ყოფილ მინისტრს „ამომრჩევლები“ ალბათ აქაც ეყოლება.

ამბობენ, რომ იარაღი მხოლოდ 1 კაცს აღმოაჩნდა. თუმცა ერთმა ნაცემმა ჟურნალისტებს გაბრაზებით მიმართა: „მე რას მიღებთ, პეწკა ცისკარიშვილი გადაგეღოთ, რამდენიმე წუთის წინ იარაღით რომ დარბოდაო.“ ჩვენთვის პეწკას, უკაცრავად პეტრე ცისკარიშვილის გაჩხრეკის უფლება არავის მოუცია, მაგრამ სირბილით, ვანო მერაბიშვილთან ერთად მართლაც დარბოდა და არამარტო გასაშველებლად.

ჩხუბებს შორის შესვენებისას „ნაციონალების“ ლიდერები აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ ეს ყველაფერი სხდომის ჩასაშლელად იყო გამიზნული. სააკაშვილმა კი თანაპარტიელებს მოწოდებითაც მიმართა, პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. „ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საკრებულოში ჩვენს მოსვლას ხელი შეუშალონ. ამის გაგრძელებაა ის, რომ დღეს ძიძიგურის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარება უნდა გააუქმონ. ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ. აქედან არ წავალთ, სანამ გადათვლის შედეგებს არ გამოაქვეყნებენ.“ - კატეგორიულად განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საკრებულოს არჩევნების ბიულეტენების გადათვლის ოქმის დამტკიცება სააკაშვილისთვის მართლაც ფრიად მნისვნელოვანი ყოფილა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მან ამ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ ხერხს მიმართა. ამაში „რეზონანსი“ საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც სრულიად შემთხვევითი მოწმე გახდა „ნაციონალების“ სატელეფონო საუბრისა „მრეწველების“ ერთ-ერთ ლიდერთან, რათა მას ცესკოში მისი წარმომადგენლისთვის მიეთითებინა ოქმის დამტკიცებისას ვისთვის ან რისთვის დაეჭირა მხარი. საბოლოოდ, ცესკომ ოქმი მაინც დაამტკიცა 12-ით 5-ის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგ ხმა „აღორძინებისა“ და სოციალისტების წარმომადგენლებმა მისცეს. ამ ოქმის თანახმად, ხმების პროცენტული თანაფარდობა იგივე დარჩა, როგორც არჩევნების მეორე დღეს იყო. ცესკოს გადაწყვეტილებას გასაჩივრების 3 დღიანი ვადა აქვს.

ამასთანავე, ცესკოს გადაწყვეტილებით, საკრებულო მუშაობას მანამდე ვერ დაიწყებს, სანამ სასამართლო (თუ გადაწყვეტილება გასაჩივრდა) საბოლოო ვერდიქტს არ მიიღებს.