რუსეთში ქართველ მილიონერს ავიწროვებენ.

რუსეთში ქართველ მილიონერს ავიწროვებენ.

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა მეწარმემ, კახა ბენდუქიძემ ნიჟნი ნოვგოროდში ქარხანა „კრასნოე სორმოვოს“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წამოიწყო. ეს ერთადერთი ზეწოლის მექანიზმია, რაც ბენდუქიძეს დარჩა. იგი „კრასნოე სორმოვოს“ უმსხვილესი აქციონერია, მაგრამ საკუთრების განკარგვის უფლება არა აქვს. მის ყველა გადაწყვეტილებას საწარმოს დირექტორთა საბჭო ბლოკავს.

„თვალს ვადევნებ აქციონერთა საქმიანობას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ „კრასნოე სორმოვოს“ გენდირექტორის ოჯახმა ერთი მილიონი დოლარის აქციები შეიძინა, ეს ფული კი ქარხნის საკუთრებაა“, - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.

„ურალმაშის“ მეპატრონე ქართველი ბიზნესმენი, ნიჟნი ნოვგოროდში „კრასნოე სორმოვოს“ დირექტორთა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. საბჭოზე მათ 19 მაისისთვის დანიშნული „კრასნოე სორმოვოს“ აქციონერთა კრების დღის წესრიგი უნდა შეემუშავებინათ. კახა ბენდუქიძემ უკვე მეცხრეჯერ შესთავაზა, დღის წესრიგში დირექტორთა საბჭოს სრული შემადგენლობის არჩევითობის საკითხი შეეტანათ. ამჟამად მისი ცხრა წევრიდან სამს სახელმწიფო ნიშნავს. კახა ბენდუქიძის წარმომადგენლებს ამ საკითხის გატანა წინა კრებაზეც სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ახლა, შესაძლოა, სიტუაცია მათ სასარგებლოდ შემობრუნდეს.

აქამდე ბენდუქიძე ნიჟნი ნოვგოროდის ამ საწარმოს კუთვნილ „პრომიშლენნი ბანკის“ აქციათა 9.52%-ს, „ალმაზმარკეტინგის“ აქციათა 10.5%-ს და „ნეფტონოი ინვესტიციონნი დომის“ აქციათა 3.5%-ს აკონტროლებდა. ქარხნის აქციონირების პერიოდში შრომითი კოლექტივის ხელში აქციათა 10% რჩებოდა. კიდევ 5% მენეჯერებს გადაეცათ. ბოლო დროს ამ აქციების შეძენა გარეშე ფირმებმა დაიწყეს. მიმომხილველთა მოსაზრებით, ამას ბენდუქიძის სტრუქტურები აკეთებენ. თუმცა, ბატონი კახა ამას უარყოფს და ქარხნის ამჟამინდელი დირექტორის, ნიკოლაი ჟარკოვისკენ იშვერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ჟარკოვსა და ბენდუქიძეს შორის დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო. ბენდუქიძემ მაშინ „კრასნოე სორმოვოს“ დირექტორს „სტრატეგიული აზროვნება“ დაუწუნა. ასეთი დასკვნა მან მაშინ გააკეთა, როდესაც საწარმომ ერთ-ერთი დანადგარის გამოშვებაზე უარი თქვა. დირექტორის განთავისუფლების უფლება მას არა აქვს. ამისთვის დირექტორთა საბჭოს ფორმირების ამჟამად არსებული წესი უნდა შეიცვალოს, მაშინ ბენდუქიძე საწარმოში თავისი მენეჯმენტის განხორციელებას მოახერხებს.

ქარხანა „კრასნოე სორმოვო“ თავდაცვითი მნიშვნელობის საწარმოთა რიცხვს მიეკუთვნება და აქციათა 25% სახელმწიფოს და კიდევ 8% ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ფონდის საკუთრებას წარმოადგენს. მათი გაყიდვა მთავრობამ აკრძალა და სწორედ ამითი ხდება უმსხვილესი აქციონერის, კახა ბენდუქიძის წინადადებათა ბლოკირება.

თუ საინფორმაციო ომს ის მოიგებს, მაშინ ეს პრობლემაც გადაწყდება. ოღონდ იგი წარმატებული უნდა გამოდგეს და ბენდუქიძემ ჟარკოვზე კომპრომატები სახელმწიფო საკუთრების სამინისტროს მაგიდაზე უნდა დაუდოს. ამ შემთხვევაში „კრასნოე სორმოვოს“ მართვის სტრუქტურა აუცილებლად შეიცვლება და ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთის 50 უმდიდრეს ადამიანთა სიაშია შესული, საწარმოში თავის ტექნოლოგიებს დანერგავს . ამით, წარმოებაც უფრო მომგებიანი და პერსპექტიული გახდება.