ბურების ქარავანი საქართველოს მოემგზავრება

ბურების ქარავანი საქართველოს მოემგზავრება

სააკაშვილის მთავრობის იდეა საქართველოში სამხრეთაფრიკელი ფერმერების ჩამოყვანის თაობაზე ორივე ქვეყანაში გააკრიტიკეს. ქართველი ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ჩამოსახლებულ ბურებს საქართველოს მთავრობა საუკეთესო მიწებს ჩალის ფასად მისცემს, ადგილობრივ გლეხებს კი მწირმოსავლიანი ფართობები დარჩებათ. საუკეთესო ფერმერების სხვა ქვეყანაში გადასახლების იდეა არც სამხრეთ აფრიკაში მოსწონთ.

 

ბური ფერმერების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის თემას სტატია ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მაც მიუძღვნა. გამოცემის თანახმად, სამხრეთ აფრიკელი ფერმერებისთვის საქართველო შესაძლოა, ახალ თავშესაფრად იქცეს.

 

ჰოლანდიიდან ჩამოსახლებულების შთამომავლები ფიქრობენ, რომ მათი პრობლემების გასაღები საქართველოშია, რომელიც სამხრეთ აფრიკას, ღვინის წარმოებისა და შფოთიანი უახლესი ისტორიის გარდა, არაფრით ჰგავს. საქართველოს ხელისუფლება მათგან მიწების სანაცვლოდ სოფლის მეურნეობაში უახლესი მეთოდების, ცოდნის და გამოცდილების დამკვიდრებას ითხოვს, - წერს The Independent.

 

გამოცემას მოჰყავს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას კომენტარიც: „სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტორებს ვეძებთ. საქართველო ისტორიულად ყოველთვის მიწათმოქმედი ქვეყანა იყო, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ეს ტრადიციები დავკარგეთ“.

 

ბური ფერმერების საქართველოში ჩამოყვანის იდეა სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიას ეკუთვნის. ფერმერებთან მოსალაპარაკებლად სამხრეთ აფრიკაშიც დავითაია ჩავიდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აგვისტოში ფერმერთა გაერთიანების შეკრებაზე საგანგებო მემორანდუმით მივიდა. მემორანდუმის ტექსტი ასე იწყება:

 

ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობისთვის და გთხოვთ, აკურთხოთ მათი და ჩვენი გადაწყვეტილებები...

 

ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში დავითაია ამბობს, რომ ბურები საუკეთესო ფერმერები არიან. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ „საუკეთესო ფერმერების“ და მათი ცოდნა-გამოცდილების იმპორტი სოფლის მეურნეობას და მეღვინეობას კრიზისიდან გამოიყვანს. საქართველოს აგრარული სექტორი ღრმა კრიზისშია: სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოსახლეობის 40%-ია დასაქმებული. ამავე დროს, ადგილობრივი აგროპროდუქციის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 8%-ია და ის შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 12%-ს აკმაყოფილებს.

 

მთავრობას იმედი აქვს, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის ფონზე, საკვებ პროდუქტებზე ფასების პერმანენტული ზრდის პრობლემას საქართველოში ბური ფერმერების ჩამოსახლებით დააბალანსებს. იმ შემთხვევაში, თუ ბურები საკუთარ მეურნეობებს სამხრეთ აფრიკიდან აქ გადმოიტანენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა პროგნოზით, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ-ში 8-დან 20 პროცენტამდე გაიზრდება, ბურების მიერ წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარსაც გააჯერებს და ექსპორტზეც გავა.

 

ბურებს სამხრეთ აფრიკაში კარგად განვითარებული მეურნეობები აქვთ – ისინი საკუთარი აგროპროდუქციით მთლიანად აკმაყოფილებენ ქვეყნის 50-მილიონიან მოსახლეობასაც და სამხრეთ აფრიკაში ჩამსვლელ მილიონობით ტურისტსაც. სამხრეთ აფრიკამ ბოლო წლებში მეღვინეობის სფეროში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. თუ ბურების მიგრაცია გაამართლებს, ქართველმა მეღვინეებმა, შესაძლოა ამ წარმატებითაც ისარგებლონ.

 

ჰოლანდიელი ემიგრანტების შთამომავლებს სამხრეთ აფრიკაში ახლა რთული პერიოდი აქვთ. მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას ისიც დაემატა, რომ ახალი ხელისუფლება მიწის რეფორმის ახალი პოლიტიკის გატარებას აპირებს. რეფორმა ძირითადად, თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწის ჩამორთმევას გულისხმობს. ბევრმა ფერმერმა საკუთარი მეურნეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე გაიტანა.

 

ბურების 15-კაციანი დელეგაცია ქართული მხარის მოწვევით საქართველოს სექტემბრის  ბოლოს ეწვია. სამხრეთაფრიკელი ფერმერების დელეგაცია 40 ათასზე მეტი ოჯახის მანდატით იყო ჩამოსული და საქართველოს ყველა რეგიონი მოინახულა.

 

გასულ კვირას პრეტორიაში ფერმერთა შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ ფერმერთა გაერთიანება მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში გადმოსვლისთვის ნიადაგს მოამზადებს, შემდეგ კი მიგრაციის პროცესს გაუწევს კოორდინირებას.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბური ფერმერებისგან ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებები არ მიუღიათ.

ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, ფერმერებს მიწა საკუთრებაში გადაეცემათ თუ გრძელვადიან მფლობელობაში.

 

The Independent-ი წერს, რომ ბურებისთვის საქართველოსთან შეგუება ადვილი არ იქნება, გარდა იმისა, რომ თბილისსა და პრეტორიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს, საქართველოში სამხრეთ აფრიკისგან რადიკალურად განსხვავებული კლიმატური პირობებია, რაც ფერმერობის სრულიად განსხვავებულ მეთოდებს მოითხოვს.

 

ეკონომიკის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი: „40 000 ფერმერის საქართველოში ჩამოსვლა და დამკვიდრება ხუმრობა გგონიათ? თუ საუბარია რამდენიმე ათეული ადამიანის ჩამოსვლაზე, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ეს ხალხი საქართველოს მთიანეთში წავა და იქ მეცხოველეობას განავითარებს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. მთავარია, აქ ისეთი ჯიშები შემოიყვანონ, რომლებიც ადგილობრივ პირობებს მოერგებიან.

 

საერთოდ კი, საქართველოში სხვები კი არ უნდა ჩამოვასახლოთ, არამედ ქართველი კაცი უნდა დავუბრუნოთ მიწას. უნდა ავაღორძინოთ სოფელი, რომ მან ქალაქი გამოკვებოს და ქვეყანა გადაარჩინოს. ქართული მიწის მესაკუთრე და პროდუქციის შემქმნელი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. სოფელი ეროვნული კულტურის საძირკვლია. ქართველ კაცს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მიწისადმი. როცა შაჰაბასი ვაზს ჩეხავდა, იმიტომ არ ჩეხავდა, რომ ღვინოს არ სვამდა. მისთვის მთავარი ის იყო, რომ მოესპო ქართველი კაცის მიწასთან დამოკიდებულება. ვაზი მრავალწლიანი ნარგაობაა, კაპიტალური და ხანგრძლივვადიანი დაბანდებაა და თუ ვაზს მოსპობდა, აქედან ქართველი კაცი თვითონ გასახლდებოდა.

 

მიწა ეროვნული სიმდიდრეა და მას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო მიწის სხვა დანიშნულებით გამოყენება. ამისთვის საკანონმდებლო ბარიერები უნდა დაწესდეს. მსოფლიოში მიმდინარე სასურსათო კრიზისი და ჩვენს ქვეყანაში არსებული აგრარული კრიზისი ამ საკითხს დღის წესრიგში აყენებს. ამით არის განპირობებული საქართველოს პრეზიდენტის სოფლის მეურნეობისკენ შემობრუნება. მან სოფლის მეურნეობა ეკონომიკის საძირკვლად და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ასეთი მიდგომა სწორია და ხელისუფლებამ მიწისადმი დამოკიდებულებაც უნდა შეიცვლოს. სასურსათო კრიზისის დროს ივიწყებენ დეკლარირებულ ჰუმანურ იდეებს ლიბერალური ეკონომიკის შესახებ.

 

უცხო ხალხის საქართველოში ჩამოსახლება ის იდეაა, რომელსაც ძალიან ბევრი ფიქრი და კარგად გაზრებული სტრატეგია სჭირდება. საქართველოში

სასოფლო-სამეურნეო სავარგული არის 3 მილიონ ჰა-ზე მეტი. აქედან, 1 მლნ 900 000 ჰა სათიბი და საძოვარია, 800 000 ჰა სახნავი, 250 000 ჰა კი მრავალწლიანი ნარგავებითაა დაკავებული. ესაა ჩვენი სიმდიდრე. ეს არის ქვეყნის საარსებო სივრცე. დაახლოებით 400 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული პრივატიზებას კიდევ ექვემდებარება. არ ვიქნები მომხრე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს რომელიმე რეგიონში კომპაქტურად ჩაასახლონ და მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები კერძო საკუთრებაში გადასცენ. თუ ბურებს ჩამოიყვანენ, მათ მიწები გრძელვადიანი მემკვიდრეობითი სარგებლობის უფლებით უნდა გადაეცეთ“.

 

ხელისუფლების არგუმენტს მოვიშველიებ და გკითხავთ, რატომ არ

შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწა კერძო საკუთრებაში გადაეცეთ? თან წაიღებენ?

თუ იცით, რა უქნეს ებრაელებმა ნაყიდ მიწებს? მათ სახელმწიფო ბედუინებისგან ნაყიდ მიწებზე შექმნეს!