მათთვის, ვისაც სინგაპურიზაცია მოსწონს

მათთვის, ვისაც სინგაპურიზაცია მოსწონს

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი აღმოსავლეთისკენ, კერძოდ, სინგაპურისკენ რომ იხრება, ეს უკვე მრავალგზისაა დეკლარირებული. ხელისუფლება ხშირად აპელირებს სინგაპურის ეკონომიკის განვითარების მაღალ ტემპებზე, იქ არსებულ თავისუფალ სავაჭრო გარემოზე და ა.შ. ანუ ფაქტობრივად, მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ აზიაში მდებარე ამ პატარა ქალაქ-სახელმწიფოს მიბაძოს, თუმც ეს რამდენად გამოდის, სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ხელისუფლების ბევრი მცდელობის შედეგად, საქართველო სინგაპურს, გარკვეულ ეკონომიკურ დარგებში, მართლაც დაემსგავსა, თუმცა ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესისადმი მიდგომაში მაინც ვერ ან არ დავემსგავსეთ.

 

თუ მსოფლიოში ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა მცირე და საშუალო ბიზნესს პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევს, ჩვენთან ამაზე საუბარიც არ სურთ და ბიზნესს კვლავ თანაბარუფლებიანობის ასპექტში განიხილავენ. მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი ქვეყნის წარმატებაზე მზრუნავი სახელმწიფო იმიტომ უწყობს ხელს, რომ იგი სოციალური დატვირთვის მქონე სფეროა. სწორედ ამ სექტორის განუვითარებლობას მიაწერენ ექსპერტები საქართველოში უმუშევრობის მაღალ დონეს.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის თემა ბოლოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ურუზმაგ ქარქუსოვმა გაააქტუალურა. მისი თქმით, მხოლოდ ტოტალიტარულ და კორუმპირებულ ქვეყანაში არ აჭარბებს მცირე ბიზნესის დონე 10%-15%-ს, საქართველოში კი მცირე ბიზნესი 10%-საც ვერ აღწევს. თუმცა, არც მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადების შემდეგ შეცვლილა სასიკეთოდ ქართველი მცირე მეწარმეებისთვის რამე. პირიქით, სწორედ მას შემდეგ იყო ინდმეწარმეების გახმაურებული დაპატიმრებები და დახურვები („კიდობანის“, „თერგის“, „პასაჟის“ 180-მდე მეწარმის დაკავება და ლილოს ბაზრობაზე სავაჭრო ობიექტების დალუქვა).

 

2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, მთლიან ბიზნესში (5,736 მლრდ. ლარი) მსხვილი ბიზნესის წილი 83,3%-ს (4,778 მლრდ. ლარი), საშუალო - 8,5%-ს (486 მლნ. ლ.), ხოლო მცირე - 8,2%-ს (472 მლნ.ლ.) შეადგენს. ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-საც ვერ აღწევს. ეს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 50%-დან იწყება. დღეისათვის, ქართული კანონმდებლობის საფუძველზე, მცირე და საშუალო საწარმოები ასე განისაზღვრება:

 

მცირე საწარმო - დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აჭარბებს 20 თანამშრომელს და ყოველწლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს.

საშუალო საწარმო - დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აჭარბებს 100 თანამშრომელს და ყოველწლიური ბრუნვა არ აღემატება 1,500,000 ლარს.

 

კანონმდებლობით კი ხდება ქვეყანაში არსებული ბიზნესების დეფინიცირება, თუმცა არც საგადასახადო და არც რაიმე სხვა სახის მიდგომის თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არ აქვს. მცირე და საშუალო მეწარმეები სწორედ იმდენსავე გადასახადების რაოდენობას იხდიან, რასაც მსხვილი ბიზნესები. მათთვის ბანკიდან ან სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღება ისევე ძნელია და მაღალპროცენტიანი, როგორც მათივე მსხვილი კოლეგებისთვის.

 

„საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 15-18%-ს შეადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული მოსახლეობის წილი დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში 70%-ია. მიუხედავად ამისა, მთავრობის ერთიან პოლიტიკა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის იქნება მიმართული, არ არსებობს. სახელმწიფოს მიერ არჩეული მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს მხოლოდ იმ ცალკეული ფიზიკური პირების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რომელიც სახელმწიფომ ჩათვალა საჭიროდ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფომ განსაზღვრა მცირე ბიზნესის საკუთარი სტანდარტები. მან მცირე ბიზნესად აღიარა ცალკეული ფიზიკური პირების ეკონომიკური აქტივობა, რაც არასაკმარისი პირობაა, მცირე ბიზნესის რეალური სექტორისთვის და განსხვავდება საერთაშორისო კრიტერიუმებისგან.

 

რეალურად მცირე ბიზნესის საგადასახადო დაბეგვრა იგივე განაკვეთებით ხდება, როგორიც მსხვილი საწარმოების დაბეგვრა. სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს მარკეტინგული კვლევების, კვალიფიციური კადრების მომზადების, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის და იაფი საკრედიტო რესურსების მოძიების სისტემები. დღეისათვის ეს პროგრამები საქართველოში არ ხორციელდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები, რომელიც ეხება მცირე ბიზნესის კრიტერიუმების განსაზღვრას, მეტ დახვეწას მოითხოვს”, - აღნიშნავს „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე.

 

მათთვის კი, ვისაც სინგაპური მისაბაძ მაგალითად მიაჩნიათ და კიდეც ცდილობენ, რომ როგორმე ამ ქვეყანას დავემსგავსოთ, და არა მხოლოდ მათთვის, გვთავაზობთ სინგაპურსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს დამოკიდებულებას მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმართ.

 

სინგაპური

მცირე ბიზნესის  წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა სინგაპურში სახელმწიფოს ცენტრალიზებული მხარდაჭერის გარეშე. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ქვეყანაში შეიქმნა სააგენტო Spring, რომელიც ახდენს მცირე ბიზნესის მხარდაჭერის 100 სხვადასხვა პროგრამის შემუშავებას და შემდეგ რეალიზაციას. სააგენტო მუშაობს 5 ძირითადი მიმართულებით:

 

მცირე ბიზნესის საწარმოების წარმოებითი პოტენციალის განვითარება; საწარმოებისთვის ბუღალტრული და ინფორმაციული დახმარება; საწარმოებისთვის კონკრეტული დახმარება, რომელიც მათ საქმიანობის სპეციფიკას ეხება; საქონლის სტანდარტიზაციის და ხარისხის პრობლემის გადაწყვეტა; მცირე ბიზნესის საწარმოების სტრუქტურის სრულყოფა; მცირე ბიზნესის მართვისთვის კადრების მომზადება;

 

Springარის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალური სააგენტო,  რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს გაზარდონ ინოვაციური საქმიანობა და საწარმოო პოტენციალი ბაზარზე დამკვიდრებისთვის. Spring-მა 2008 წელს სტიპენდიებით დააჯილდოვა ის სტუდენტები, რომლებსაც სურდათ წარმოებაში დაკავება მმართველ პოზიციებზე, სწავლის დამთავრების შემდეგ. ეს სტიპენდიები ხელმისაწვდომი გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის მომუშავეებისთვისაც. კურსის 90% ფინანსდება SPRING Singapore-ს სუბსიდიებით. 10% კი მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიების ანგარიშებიდან.

 

მცირე ბიზნესის საქმიანობად სინგაპურში გვევლინება მომსახურების სხვადასხვა სახეები: ვაჭრობა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ფინანსები, ტურიზმი და სხვა. ეს სფეროები მოსახლეობის სამუშაო ადგილების 70-80%-ს შეადგენს. სინგაპურის მაცხოვრებლების უმრავლესობა დაკავებულია ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობით - აბანდებენ სხვადასხვა კომპანიების აქციებში და სხვა ფასიან ქაღალდებში ფულად რესურსებს, ამიტომ სინგაპურში მოსახლეობის საშუალო ფენა შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 80%-ზე მეტს. განსაკუთრებულ შეღავათებს იღებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც იწყებენ საქმიანობას. მცირე და საშუალო საწარმოები ერთიანდებიან ერთ ჯგუფში, სადაც დაკავებული მომუშავეების რაოდენობა არ აღემატება 200-ს. სინგაპურში ფუნქციონირებს 140 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის სუბიექტი, რომელიც ქვეყნის წარმოების 90%-ს შეადგენს. სინგაპურში დანერგილია პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შეღავათიანი დაკრედიტებით, სადაც ჩართულია სპეციალური სესხები, საკრედიტო რისკების დაზღვევა, და სხვა სუბსიდიები.

 

მცირე საწარმოებში, სადაც ათ ადამიანზე მეტი არ მუშაობს არის სპეციალური შეღავათიანი საკრედიტო პირობები. საბანკო საკრედიტო სისტემა ახორციელებს მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კონსულტაციების და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევით. სინგაპურის მთავრობა აფინანსებს კვალიფიკაციური კადრების მაღალ დონეზე მომზადებას.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ში, კომპანიების უმრავლესობა, კანონმდებლობის თანახმად, მცირე ბიზნესის საწარმოებად ითვლება, სადაც 500 თანამშრომელზე ნაკლები მუშაობს. მას შემდეგ, რაც 2009 წელს კონგრესმა მიიღო კანონი ამერიკული ეკონომიკის რეინვესტირების შესახებ, დიდი ძალისხმევა მიმართული იქნა ეკონომიკის ეკოლოგიურად გაჯანსაღებისთვის.

 

2010 წელს აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ გრანტების, კონტრაქტების, კრედიტების, სახით გამოყო 5,9 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის საწარმოებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში პროგრესულ ეკოლოგიურ მომსახურებას იყენებდნენ. ამ საწარმოებისთვის ასევე დაწესდა საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები, მათ შორის 2011 წლამდე დოტაციების თანხა სხვადასხვა ფორმით, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს.

 

2010 წლის 17 სექტემბერს კონგრესმა მიიღო კანონპროექტი 30 მილიარდი დოლარით მცირე ბიზნესის დაკრედიტების შესახებ. აქედან საგადასახადო შეღავათების საერთო თანხა 12 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

შეღავათები ინოვაციებისთვის

აშშ-ში ფედერალურ და რეგიონალურ დონეზე ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესში ინოვაციების დანერგვას აქვს. ამ მიმართულებით მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის და ნაციონალური სამეცნიერო ფონდის სააგენტო. ხშირად მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო გამოქვითვებმა შეიძლება ხარჯების, რომელიც იხარჯება სამეცნიერო მოწყობილობებზე, სამეცნიერო კვლევით და ექსპერიმენტულ საცდელ სამუშაოებზე, 100%-იც კი შეადგინოს. Small Business Innovation Program პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან კვლევებისთვის გამოიყოფა 100-150 ათასი დოლარი ექვსი თვის ვადით.

 

წარმატების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე გრანტის თანხა ერთი მილიონს შეადგენს, რომელიც ორი წლის ვადით - პერსპექტიული იდეების შემუშავებისთვის გამოიყოფა. ასევე მუშაობს პროგრამა - Small Business Technology Transfer, რომელიც გათვალისწინებულია კერძო კაპიტალის პარტნიორებისა და კომერციული კვლევითი ორაგანიზაციებისთვის. პირველ ეტაპზე განსაზღვრულია 100 ათასი დოლარის, შემდეგ ეტაპზე კი 750 ათასი დოლარის გამოყოფა.

 

იაპონია

იაპონიის ეკონომიკაში მცირე საწარმოების წილი, მთლიან წარმოებაში, 40%-ზე მეტია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს მსხვილი კონცერნები, რომლებიც ავტომობილების და ტექნიკური პროდუქციის წარმოებით არიან დაკავებული. იაპონიაში ხდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესების მხარდაჭერაც, თუ ისინი ექსპორტს ეწევიან. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მოქმედებს საგადასახადო გამოქვითვების სისტემა, რომელიც საშუალოდ შეადგენს - 12%-ს. შეღავათების თანხა არ უნდა იყოს საერთო დარიცხვების 30%-ზე მეტი.

 

ამასთან ხდება ინოვაციური ბიზნესის სტიმულირება. ამისათვის გამოიყენება შეღავათიანი დაკრედიტება და დაზღვევა. ხშირია პირდაპირი სუბსიდირება და სხვა ზომები. ხშირ შემთხვევაში, სამეცნიერო და ექსპერიმენტული სამუშაოების ჩარჩოებში, ახალი მოწყობილობების შეძენა. ხარჯები ექსპერიმენტების ჩატარებაზე და საცდელი ნიმუშების მომზადებაზე გადასახადებისგან თავისუფლდება.

 

ჩინეთი

მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკაში მცირე ბიზნესის განვითარებას. მოზიდული ინვესტიციების და გაფართოებული დაკრედიტების სახით ჩინეთში მცირე საწარმოებს დამატებითი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვთ. ჩინეთის მთავრობა მცირე მეწარმეობის მხარდაჭერით ცდილობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედოს. ეს იქნება საკანონმდებლო აქტები, ეკონომიკის რეგულირების მექანიზმები და სხვა. დღეისათვის ჩინეთში მცირე საწარმოები მოქმედებენ „მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების და განვითარების კანონის“ შესაბამისად, რომელიც მიღებულია 2002 წელს.

 

მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად ჩინეთში მოქმედებენ სახელმწიფო ფონდები, რომლებიც „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ შეიმუშავა. ეს ფონდები ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთავრობის ჩინეთში მცირე საწარმოების სწრაფი განვითარება 2003 წლიდან დაიწყო: გაიზარდა საწარმოების რენტაბელურობა, გაიზარდა მათი წილი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, საგადასახადო შემოსავლებით. 2005 წლის მონაცემებით ჩინეთში ფუნქციონირებდა 3 მილიონი მცირე საწარმო და 30 მილიონზე მეტი მწარმოებელი. დღეისათვის მცირე საწარმოებში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 60%.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მცირე ბიზნესის მხარდაჭერით დაკავებულია ბიზნესის კოორდინაციის ცენტრი. ასევე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ბიზნესის განვითარებას არეგულირებს, არის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური CSMEO.

 

გერმანია

გერმანიაში მცირე საწარმოდ ითვლება ის საწარმო, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 4015 ევროს და მომუშავეების საერთო რაოდენობა 50-ს არ აჭარბებს. საშუალო საწარმოდ ითვლება ის ბიზნესი, სადაც დასაქმებულების რაოდენობა  250-ს არ აღემატება. გერმანიაში ექსპორტიორი კომპანიების 98% საშუალო ბიზნესის კლასს მიეკუთვნება. 2010 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, მსხვილი საწარმოების რიცხვი 0,9%-ით შემცირდა, ხოლო მცირე საწარმოების რიცხვი 7,5%-ით გაიზარდა, სადაც გადამამუშავებელი საწარმოები - 12,4%-ს შეადგენს.

 

გერმანიაში მოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია. მხარდაჭერის პროგრამებს ფედერაციული მიწების ბანკებთან თანამშრომლობით ცენტრალური ბანკი KfW ახორციელებს (რომლის აქტივები 400 მილიარდ ევროს შეადგენს). გერმანიის მთავრობა და საფინანსო საკრედიტო სტრუქტურა პასუხისმგებელია ბიზნესის სტიმულირებაზე. 18 ბანკი, რომელიც გერმანიის სხვადასხვა ფედერაციულ მხარეში მდებარეობს, ახდენენ ბიზნესის დაკრედიტებას, გირაოს ქვეშ სესხების გაცემას, გარანტიების გაცემას კრედიტებზე და სხვა ფინანსურ მომსახურებებს კომპანიებისთვის.

 

KfW-მა 2010 წლის პირველ კვარტალში გასცა 60%-თ მეტი კრედიტები, ვიდრე 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში. მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენამ გერმანიის მთავრობა აიძულა შეემუშავებინა ახალი ფინანსური რეფორმა. ეკონომიკური კონიუქტურის მხარდაჭერისთვის შეიქმნა ფონდი „გერმანია“ (Deutschlandsfond) - ამ პროგრამის სახსრები 115 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ყველაზე აქტიურად მიკროკრედიტები გაიცემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გერმანიაში მიკროკრედიტად ითვლება თანხა, რომელიც 25 ათას ევრომდეა. ამ პროგრამის მონაწილეები არიან მცირე საოჯახო კომპანიების მფლობელები. გერმანიის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვეულებრივ ბანკებში კრედიტებს წლიური 20%-ის განაკვეთით გასცემენ, ხოლო ფედერაციული მიწების ბანკებში, რომლებიც მცირე ბიზნესის სტიმულირებას ახდენენ, კრედიტებს 4-6%-ის განაკვეთით გასცემენ.