კიდევ ერთი კანონი ივანიშვილისთვის? - დაყადაღებულ ოპოზიციას საარჩევნო რეკლამის ფულს წინასწარ სთხოვენ...

კიდევ ერთი კანონი ივანიშვილისთვის? - დაყადაღებულ ოპოზიციას საარჩევნო რეკლამის ფულს წინასწარ სთხოვენ...

"კონტროლის პალატის გადაწყვეტილებით, პარტიები წინასაარჩევნო პროცესში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის მედიასაშუალებებით გავრცელებას ვერ შეძლებენ, თუ თანხა წინასწარ არ გადაიხადეს. ეს კი, ექსპერტთა შეფასებით, კანონდარღვევაა და მიმართულია იმისკენ, რომ პარტიებმა რეკლამის გავრცელება ვერ შეძლონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დაყადაღებულ ოპოზიციას საარჩევნო რეკლამის ფულს წინასწარ სთხოვენ / კიდევ ერთი კანონი ივანიშვილისთვის.

"ქართული კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან განათავსონ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიის რეკლამა კანონით განსაზღვრული დროით და ამასთან, თუკი განათავსებენ რომელიმე პარტიის ფასიან რეკლამას, ვალდებულნი არიან, ამავე პირობებით განათავსონ სხვა პარტიების რეკლამაც, რათა დაცული იქნას თანასწორობის პრინციპი. ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით კი არავითარი რეგულაცია არ არსებობს გარდა იმ ბეჭდვითი მედიასაშუალებებისა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ანუ ყოფილი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ კი გამოსცა ბრძანება, რაც ადგენს რეკლამის განთავსების პირობებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბრძანებაში ნათქვამია: "1. წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება ტარიფის შესაბამისად. 2. საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა". აქვე ნათქვამია, რომ ეს ბრძანება უნდა ამოქმედდეს 2012 წლის 12 აგვისტოდან. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, გენერალური აუდიტორის ეს ბრძანება რამდენიმე პრობლემას ქმნის და რაც მთავარია, უკანონოა", - დასძენს გამოხცემა.

"გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ეს წესი პირველ რიგში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული. იმის გამო, რომ ხელისუფლება აჯარიმებს ყველას, ვინც კი "ქართული ოცნებისთვის" ფულს გადარიცხავს, მათ დღეს რეალურად დაფინანსების პრობლემები აქვთ. ივანიშვილი კოალიციის დაფინანსებას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. ამასთან, ახალი კანონმდებლობით, იურიდიულ პირს პარტიის დაფინანსება საერთოდ ეკრძალება, კერძო პირს კი მაქსიმუმ 60 ათასი ლარის გადარიცხვა შეუძლია და იმის გამო, რომ აქამდე ყველა დააჯარიმეს, "ქართული ოცნებისთვის" ფულის გადარიცხვა აღარ ხდება. ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციას ფინანსური პრობლემები აქვს და ამ წესის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება ვეღარ შეძლოს", - წერს სტატიის ავტორი.

"სად წერია, რომ კონტროლის პალატას აქვს უფლებას დაადგინოს ეს წესი - ეს არის ჩარევა ორი კერძო პირის სამეწარმეო ურთიერთობაში, კანონი ამას არ ითვალისწინებს. ამიტომაც არის ეს აქტი კანონსაწინააღმდეგო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს არის არაგონივრული და ძალიან ბევრ პრობლემებს გამოწვევს. არის მეორე პრობლემაც ანუ ის, რომ ტელეკომპანიებს რეალურად ართმევს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას... რაც შეეხება გაზეთებს, ორგანული კანონის თანახმად, პრესა საერთოდ თავისუფალია ყოველგვარი რეგულირებისგან და არანაირი კანონქვემდებარე აქტით ვერ მოხდება გაზეთებისთვის რამე რეგულაციის დაწესება, მით უმეტეს ისეთი რეგულაციის, რაც არ არის კანონით გათვალისწინებული", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

"ბრძანების დასაწყისში მითითებულია ის კანონები, რის საფუძველზეც ლაშა თორდიამ ის გამოსცა. ესენია "აუდიტის შესახებ" კანონი, რომელშიც გარდა იმისა რომ აქ წერია, აუდიტის სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიული ხასიათის ბრძანებებს, მეტი არაფერი არ არის ნათქვამი და ეს იმას ნიშნავს, რომ მას ბრძანების გამოცემის უფლება არ აქვს. აქვე მითითებულია "პოლიტიკური პარტიების შესახებ" კანონის მუხლები და ამ მითითებული ნორმების თანახმად, კონტროლის პალატა უფლებამოსილია დაადგინოს ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა, ანუ დაადგინოს ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის წესი - ამ ბრძანებით კი დგინდება არა გამჭვირვალობის, არამედ ანგარიშსწორების წესი! ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და ამდენად დღიდან გამოცემისა და ის არის უკანონო. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში, რადგან კანონის პირდაპირი დარღვევაა", - მიიჩნევს ვახტანგ ხმალაძე.

"აუდიტის სამსახურში კი ამბობენ, რომ ამ ბრძანებაში არაფერი არ არის კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ იურისტები მიიჩნევენ, რომ ბრძანება "აშკარად ეწინააღდმეგება კანონს და ის აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს". ვინ გაასაჩივრებს ამ ბრძანებას, პარტიები, მედიასაშუალებები თუ ორივე ერთად, ჯერჯერობით უცნობია. გასაჩივრებამდე კი დოკუმენტი ძალაში მომავალი ორშაბათიდან შედის", - დასძენს სტატიის ავტორი.