“მოვითხოვ,  სასწრაფოდ გამოიძახეთ პარლამენტში ნარკოლოგი და გინეკოლოგი“

“მოვითხოვ, სასწრაფოდ გამოიძახეთ პარლამენტში ნარკოლოგი და გინეკოლოგი“

გუშინ პარლამენტში ლანძღვა- გინების მორიგი რაუნდი შედგა.

დღის ბოლოს  განცხადების გაკეთების უფლება ითხოვა პარლამენტარმა ბორის კაკუბავამ და ყოფილი  გენპროკურორის, ჯემალ ბალუაშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, რევაზ ყიფიანის საქმიანობის შესწავლასთან ერთად, პარლამენტარ დიმიტრი ჯაიანის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა.

კაკუბავას განცხადებებს საპარლამენტო ფრაქცია „აფხაზეთის“ დეპუტაციის აღშფოთება მოჰყვა. გუშინ საღამოს  საკანონმდებლო ორგანოში ორი რეგიონის დეპუტაცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ერთმანეთს.

დეპუტატთა შეხლა-შემოხლის მიზეზი კვლავ აჭარის ხელმძღვანელობის მისამართით „აფხაზეთის“ წევრების მიერ გაკეთებული ბრალდებები გახდა.

კაკუბავამ პასუხი გასცა პარლამენტარ გენო კალანდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ აჭარიდან აფხაზეთის მისამართით სეპარატისტების დასახმარებლად იარაღით დატვირთული კოლონა მიემართებოდა.

„მოვითხოვ, შეწყდეს ბრალდებების ნიაღვარი, რაც ამ პარლამენტში ისმის. მოვითხოვ იმ პიროვნების ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომელიც გაზეთ „რეზონანსის“ დღევანდელი ნომრის პირველ გვერდზეა გამოსახული. ჩემს განცხადებებს კიდევ გავიმეორებ - ჯაიანს აფხაზეთში მხოლოდ გამოუყენებელი შპრიცები დარჩა, ხოლო აკადემიკოს - პოეტს დათა თუთაშხიას ცნობილი სიტყვებით მინდა მივმართო: „ყუფარია მამაძაღლო, შენ არაფერი გესმის აფხაზეთის საკითხების მოგვარებაში“ - აღნიშნა პარლამენტის ტრიბუნიდან კაკუბავამ.

მის სიტყვებს აფხაზეთის დეპუტაციის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა: „შე გამყიდველო“ - ყვიროდა აღშფოთებული კალანდია.

„ვთხოვ ოპერატორს მსხვილი ხედით აჩვენოს მაყურებელს ჩემი თვალები. ამ წუთას მე, კოტე მგალობლიშვილმა და ჯანსუღ ჩარკვიანმა 200 გრამით დაბადების დღე აღვნიშნეთ. მოვითხოვ, სასწრაფოდ გამოიძახეთ პარლამენტში ნარკოლოგი და გინეკოლოგი. მოპირდაპირე მხარეს ვიღაცეები არიან გასასინჯი რაღაცის გამო, ხოლო მე გასასინჯი ვარ რაღაცის გამო“ - სიტყვით გამოვიდა ჯაიანიც.

დეპუტატების კიდევ ერთმა დაპირისპირებამ კოლეგებში აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ამგვარი დაპირისპირება ცეცხლზე ნავთის დასხმასა და პროცესების კიდევ უფრო გამწვავებას ემსახურება.

დეპუტატი კობა ამირხანაშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ორი ჯგუფის დაპირისპირებამ შეიძლება პარლამენტს გარეთაც გადაინაცვლოს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.

„გამშველებლები გავიდნენ გარეთ და ჩხუბიც შეწყდება“, - „თეთრი მანდილი ჩააგდო“ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიქრია ჩიხრაძემ.

აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გარდა, კაკუბავამ ყოფილი გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის მიმართაც არ დაიშურა ბრალდებები.

„რამდენიმე წლის წინ, როცა პარლამენტმა პროკურატურის მიმართვის გამო იმუნიტეტი მომიხსნა, მაშინდელი გენპროკურორი და მისი მოადგილე, შეპირდნენ საკანონმდებლო ორგანოს, რომ 2 თვეში წარმოადგენენ საჭირო მტკიცებულებებს, სადაც ჩემი ბრალეულობა იქნებოდა დადასტურებული. ეს არ მოხდა, მაგრამ პროკურატურა დღემდე განაგრძობს ჩემი ოჯახის მორალურ ტერორს. მოვითხოვ, პარლამენტმა განიხილოს ბაბილაშვილის და ყიფიანის დანაშაულებრივი საქმიანობა, რადგან მათ  პარლამენტი შეცდომაში შეიყვანეს“, - აღნიშნა კაკუბავამ.

„თქვენ ჯერჯერობით გამართლებული არ ხართ. როცა გაგამართლებთ პროკურატურა ან სასამართლო, მაშინ შეიძლება მოითხოვოთ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. მანამდე ასეთ ხმამაღალ განცხადებებს თავი დაანებეთ“, - უპასუხა რევაზ ყიფიანმა კაკუბავას.

მიუხედავად გაწევ-გამოწევისა, პარლამენტის სხდომა მოულოდნელად დასრულდა. კვორუმის არარსებობის გამო დეპუტატებმა განხილული საკითხების კენჭის ყრა ვერ მოახერხეს. პარლამენტმა გუშინ მხოლოდ მოსკოვში განვითარებული მოვლენების რეაგირება მოახდინა და სპეციალური განცხადება მიიღო.

პარლამენტის დილის სხდომა მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტის გამოხმაურებით დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატების“ ლიდერი გია ბარამიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს მისამართით მორიგ აგრესიას ამზადებს.

„საქართველოს პარლამენტი გამოხატავს აღშფოთებას და გულწრფელ თანაგრძნობას მოსკოვში ტერორისტების მიერ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა თავიდან აიცილოს ტერორისტული აქტის ტრაგიკული შედეგები, რომლის მსხვერპლთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.