„შეიძლება „აბლავაში“ ლოცვა?“

„შეიძლება „აბლავაში“ ლოცვა?“

გლდანის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მამა ბასილის (ვასილ მკალავიშვილი) საპატრიარქომ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აუკრძალა. ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მრევლმა სალოცავი 99-ე ბაღის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ფიჭვნარში მოაწყო.

გიორგობა დღეს, ფიჭვის ხეებზე ხატები ჩამოჰკიდეს. ჩაბეტონებულ, ვეებერთელა რკინის ჯვართან მაგიდა დადგეს და წირვა-ლოცვა წესის სრული დაცვით ჩაატარეს. მრევლს ცხვარიც და მამალიც კი მოეყვანა.

„სამლოცველოს“ გვერდით, ჩვეულებრივ ხატებს და სანთლებს ყიდდნენ. ქადაგების დაწყებამდე მამა ბასილიმ ჟურნალისტებში მიმართვა გაავრცელა:

„ჩვენ დროში გამრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთო სჯულისა და თუ არა წმინდა ეკლესიამ, მაშ ვინღა უნდა აღიმაღლოს ხმა და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ“.

წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა გლდანის ეკლესიაში შესვლა გადაწყვიტა. ამიტომ ბაღიდან გასასვლელი, სასწრაფოდ, „ომონმა“ და პოლიციამ ჩაკეტა.

-განა შეიძლება, „აბლავაში“ ლოცვა?“ - იკითხა ერთ-ერთმა ქალმა მრევლიდან.

-ვიყოთ ჯვართან ერთად და ვილოცოთ. მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, თუ უფლის წინაშე მართლები ვართ, - გააგრძელა ქადაგება მამა ბასილიმ.

დასასრულს კი გამოაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლაპარაკი სურდა. პასუხი რომ ვერ მიიღო, „აბა, მამაკაცებო, წინ! თუ ეკლესიაში არ შეგვიშვებენ, შევაკვდეთ, როგორც წმინდა გიორგი ურწმუნო მეფეს შეაკვდა“, - მიმართა ისევ მრევლს და ნამდვილი ეკლესიისკენ წასასვლელად მოემზადნენ. წინ ვეებერთელა ხის ჯვარი წაიმძღვარეს. ქალებმა გალობა დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინვე მამა ბასილისთან გაჩნდნენ, გვერდით გაიხმეს და მცირე საუბრის შემდეგ გაშორდნენ.

-ხუთი წუთი უნდა დაველოდოთ, - გამოუცხადა მრევლს მამა ბასილიმ. თუმცა ეს დრო მას უქმად არ დაუკარგავს და ჟურნალისტებთან მინიპრესკონფერენციაც გამართა.

ხუთი წუთი გავიდა და მათ ისევ ეკლესიისკენ წასვლა გადაწყვიტეს. ხელისუფალნი სწრაფად გამოჩდნენ. გლდანის რაიონის პოლიციის შეფმა, თამაზ დავითაშვილმა, მამა ბასილი ისევ გვერდით გაიხმო. მალე მათ ქალაქის ადმინისტრაციული პოლიციის ვიცე-შეფი, ალეკო მიქაბერიძეც შეუერთდა. ნახევარსაათიანი თათბირის შემდეგ მამა ბასილიმ მრევლს მიმართა:

„ერთ კვირაში პრობლემის გადაწყვეტას დაგვპირდნენ. იმ ეკლესიაში „ომონია“ და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ამჯერად, დავუთმოთ“. მრევლიც დაეთანხმა და ფიჭვნარში საგიორგობო ლოცვა განაგრძეს.

P.შ. გლდანის მართლმადიდებელ ეკლესიაში კი, მართლაც, ხალხმრავლობა იყო. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე “ომონი“ და პოლიციელებიც (ხელმძღვანელებითურთ) საკმაოდ იყვნენ. მამა ბასილის მრევლი არ მოვაო, რომ გაიგეს, ძალიან გაეხარდათ.