„გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე“

„გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე“

ინტერვიუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ირაკლი კოვზანაძესთან

 

ბატონო ირაკლი, 1 ოქტომბრიდან საბანკო ზედამხედველობა გამკაცრდა. ლიკვიდობის კოეფიციენტი 20%-დან 30%-მდე გაიზარდა. ერთი შეხედვით გამკაცრება ძველ ნორმებზე დაბრუნებას უფრო გულისხმობს, რადგან ეს მაჩვენებლები სწორედ 2008 წლის სექტემბერში შემცირდა და ახლა მათი ძველ ნიშნულზე დაბრუნება ხდება. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? რა ხდება, რატომ ამკაცრებს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას, საქართველოს საბანკო სექტორი კრიზისიდან გამოვიდა? როგორ შეაფასებდით დღესდღეობით საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ სიტუაციას?

- ეს მაჩვენებლები, როგორც თქვენ კითხვაშიც ახსენეთ, 2008 წლის სექტემბერში შემცირდა, ამიტომ მოდით მკითხველებს შევახსენოთ ის ტენდენციები, რაც ქართულ საბანკო სისტემაში ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიკვეთა. 2008 წელი საბანკო სისტემამ 215 მლნ. ლარის ზარალით დაასრულა, 2009 წელიც ასევე ზარალით დასრულდა. მოგეხსენებათ 2008 წელს იყო  რუსეთ-საქართველოს ომი და ფინანსური კრიზისის დასაწყისი, ამ ფონზე ბუნებრივია საბანკო სექტორის აქტივების დაახლოებით 12%-ით შემცირება მოხდა, რამაც ციფრობრივ მაჩვენებელში 1.026 მლრდ. ლარი შეადგინა. მე ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში პრობლემები უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომი მოხდებოდა.

 

2009 წლის დასაწყისიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, ეს არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ევრობანკი, მოხერხდა გარკვეულწილად პრობლემების სიმწვავის მოხსნა. მათ შორის წამყვანი ქართული ბანკებისთვის უკვე ვადა დამდგარი საგარეო ვალდებულებების დაფარვა. 2010 წლიდან ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს გარკვეული დადებითი ტენდენციები.

 

საბანკო სისტემის აქტივები 2010 წლის დასაწყისთან შედარებით 9 თვეში 19.0%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.3%-ით გაიზარდა და 9.8 მლრდ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული მაქსიმუმია და 2008 წლის ომამდელ მაჩვენებელზე 10.9%-ით ანუ 970 მლნ ლარით მეტია.

 

პირველად 2008 წლის შემდეგ 2010 წლის დასაწყისიდან სახეზეა ბანკების საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური ზრდა, სულ 2010 წლის დასაწყისიდან 9 თვეში მისი მოცულობა 12.7%-ითაა გაზრდილი, თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ ჩამორჩება კრიზისამდელ დონეს.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახეზე გვაქვს არსებული საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესების ტენდენცია. თუკი გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შეფარდება საკრედიტო პორტფელთან 13.1% იყო, დღეისათვის იგი 11.0%-ის ტოლია.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების (გარდა ბანკების დეპოზიტებისა)  ზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. იურიდიული პირების დეპოზიტები ბოლო 12 თვის განმავლობაში 1.65 მლრდ ლარიდან 2.60 მლრდ ლარამდე გაიზარდა (ზრდა 57.4%-ია). ფიზიკური პირების დეპოზიტები იგივე პერიოდში 1.84 მლრდ ლარიდან 2.55 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ეს მაჩვენებელი ისტორიული მაქსიმუმია და ზრდის ტემპი 38.7%-ს შეადგენს.

 

2010 წლის განმავლობაში, იანვრის გარდა, ყველა თვე ბანკებისათვის საბოლოო ფინანსური მაჩვენებლითაც წარმატებული აღმოჩნდა. 2010 წლის 9 თვეში ბანკების საერთო წმინდა მოგებამ 95.3 მლნ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვნად შემცირდა ზარალიანი ბანკების რაოდენობაც. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მათმა რაოდენობამ 14-დან 7-მდე იკლო.

 

ეს არის ის ტენდენციები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორში გვაქვს.

 

დავუბრუნდეთ იმ კითხვას, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ლიკვიდობის კოეფიციენტი 2008 წლის სექტემბერში შემცირდა და ახლა მისი ძველ ნიშნულზე დაბრუნება ხდება. ეს გამოწვეულია ზუსტად იმ ტენდენციებით რაზეც ზევით ვისაუბრეთ. ომისა და კრიზისის ფონზე ეროვნული ბანკის ამოცანა იყო საბანკო აქტივობების ზრდა, სისტემაში  საკრედიტო დაბანდებების აღმავალი ტენდენციის გამოწვევა. მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა ცენტრალურმა ბანკმა ეს ნორმატივები და მოთხოვნები მაშინ შეამცირა.

 

დღევანდელ დღეს სახეზე გვაქვს აშკარად გაუმჯობესებული ვითარება და ამიტომ ცენტრალური ბანკი ზრდის ამ მოთხოვნებს, უბრუნებს ძველ ნიშნულს. ესაა ლიკვიდობის მაჩვენებლების ზრდა, კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლების გამკაცრება, რომელიც თავის მხრივ ფინანსური მდგრადობის უმნიშვნელოვანესი და ინტეგრირებული მაჩვენებელია. ვფიქრობ ამ ინფორმაციითა და მცირე ექსკურსის მოყვანით, რაც ახლა ჩვენ მკითხველს შევთავაზეთ, ვპასუხობთ კიდეც კითხვას, თუ რატომ აბრუნებს ცენტრალური ბანკი ამ მოთხოვნებს 2008 წლის სექტემბრამდელ მდგომარეობაში.

 

2010 წელი მაღალი ინფლაციით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პერიოდულად 5%-დან 7,5%-მდე გაზარდა, ინფლაციის მაჩვენებელი მაინც მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს (ოქტომბერი 9,6%). თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია წელს ასეთი მაღალი ინფლაცია, რატომ ვერ ახერხებს სებ- მის მიზნობრივ ნიშნულამდე შემცირებას და მოხერხდება თუ არ წლის ბოლომდე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე (6%) დაწევა?

- მკითხველს შევახსენებ რა არის ინფლაცია. - ეს არის სამომხმარებლო ბაზარზე არსებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის ბრუნვაში არსებულ ფულის მასასთან თანაფარდობის დარღვევაა ამ უკანასკნელის ზრდის ხარჯზე. გეთანხმებით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა გახლავთ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და იგი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს საამისოდ, რათა დათრგუნოს ინფლაცია და მაჩვენებელი პროგნოზირებულ ნიშნულს დაუბრუნოს. საამისოდაა სწორედ მიმართული ცენტრალურმა ბანკის ეს ნაბიჯები. მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 5%-დან 7,5%-მდე გაზრდა და ასევე, ვფიქრობ, ის პოლიტიკაც, რაც ლარის კურსის გამყარებას გულისხმობს. ეს ყოველივე კომპლექსში ინფლაციის შესამცირებლადაა გამიზნული.

 

მაგრამ აქ არის საკითხი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ის არის, რომ გრძელვადიანი მაკროეკონომიკური ხედვით ლარის გამყარების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მისი ზემოქმედება ინფლაციაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინფლაციის მოთოკვის პროცესში ამ ბერკეტზე უფრო მეტად გამოყენებული უნდა იყოს სხვა საშუალებები. ესაა სტერილიზაციის ღონისძიებები მათ შორის, სადეპოზიტო სერთიფიკატები, სადეპოზიტო აუქციონები და სხვ. ცენტრალური ბანკი ამ ბერკეტებს იყენებს კიდეც და ვფიქრობ, კიდევ უფრო გააქტიურებს ამ კუთხით მუშაობას, რათა ჭარბი ფულადი მასა მიმოქცევიდან იქნეს ამოღებული. ასევე მნიშვნელოვანია ამ კუთხით სახაზინო ვალდებულებების თემაც, რაც მიმაჩნია, რომ ლიკვიდობის მართვისათვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა

 

მაგრამ აქ არის ერთი საკითხი. კერძოდ ის, რომ ინფლაციასთან ბრძოლა მხოლოდ მონეტარული საშუალებებით არ უნდა ხდებოდეს. აქ ფისკალური ხერხებიცაა საქმეში ჩასართავი. ამ მიმართულებით, ვფიქრობ მუშაობა გასააქტიურებელია. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. კერძოდ, თუ პრივატიზაციიდან მიღებული თანხით დაიფარება საგარეო ვალები, ხოლო მიმდინარე შემოსავლებით დავფარავთ მიმდინარე ხარჯებს და ბიუჯეტის დეფიციტსაც შევამცირებთ, ინფლაციური პროცესიც საგრძნობლად მოითოკება. ანუ, მონეტარულ საშუალებებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს ფისკალური ხერხები და ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ეფექტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის.

 

ინფლაციასთან ბრძოლისას კომპლექსური მიდგომაა საჭირო და აქ მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა უნისონში უნდა იმოქმედონ, რამდენადაც მხოლოდ ცენტრალურ ბანკს, მიუხედავად იმისა, რომ მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ეფექტიანად იყენებს, გაუჭირდება ინფლაციასთან ბრძოლა და მისი შემცირება.

 

ჩვეულებისამებრ, ინფლაციასთან ბრძოლის გამკაცრება საბანკო კრედიტების გაძვირებას და ხელმიუწვდომლობას იწვევს. თქვენი აზრით, სებ-ის ბოლო ნაბიჯები რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ისედაც ძვირი კრედიტების კიდევ უფრო გაძვირებას?

- მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველოს საბანკო სექტორი 2009 წელს აღმოჩნდა იყო საკრედიტო რისკების მკვეთრი ზრდა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. უმოქმედო კრედიტების მთლიანი მოცულობა 2009 წელს საკმაოდ გაიზარდა და არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში ბანკებმა ძლიერ შეამცირეს საკრედიტო აქტიურობა.

 

მესმის, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება გვინდა, მაგრამ ასე სწრაფად ეს ვერ მოხდება, გამომდინარე იმ არსებული რისკებიდან, რაც საკრედიტო სისტემაში ჯერ კიდევ რჩება. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც დეპოზიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქვია.

 

ამ მედალს ნამდვილად ორი მხარე აქვს. კერძოდ, დეპოზიტებზე თითქოს მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებული ინფლაცია პრაქტიკულად «ჭამს» საპროცენტო სარგებელს. თუნდაც დოლარში დენომინირებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების სწრაფი შემცირება ვერ ხდება, რადგან ადამიანები კარგად გრძნობენ, რომ წლის დასაწყისში 100 დოლარის მსყიდველობითი უნარი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე წლის ბოლოს 110 დოლარი, ანუ მიღებულ დივიდენდთან ერთად. ამ პროცესების სინქრონში მოყვანას დრო და ეკონომიკის კიდევ უფრო გააქტიურება სჭირდება. დღეს საბანკო სისტემაში დეპოზიტების ზრდის დინამიკა აჭარბებს დაკრედიტების ზრდის დინამიკას და სახეზე გვაქვს ხშირად ჭარბი ლიკვიდობა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დგება კარგი, ჯანსაღი საკრედიტო პროექტების სიმწირე.

 

ეროვნული ბანკის განცხადებით, მიმდინარე წელს მისი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს საბანკო სექტორში ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდა. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებისა და კრედიტების რაოდენობის ზრდა? რატომაა, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ იზრდება. და საერთოდ, რამდენად აქვს სებ- იმის ბერკეტი, რომ საბანკო სექტორში ლარიზაციის მაჩვენებელი გაზარდოს?

- საერთოდ ლარიზაცია არის მისწრაფება საბანკო სექტორის დედოლარიზაციისკენ. პრაქტიკულად იმ დროს როდესაც ჩვენ დეპოზიტების 70%-ზე მეტი გვაქვს უცხოურ ვალუტაშია და კრედიტების 76-77%-ზე მეტი ასევე უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, ამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი საშუალება არსებობს, ესაა ლარის მიმართ რეალური ნდობის ჩამოყალიბება. რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას და მის ბაზაზე ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებას. ეს ასევე გრძელვადიანი პროცესია, რადგან საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაცია ისტორიულია. თუ გადახედავთ, ნახავთ რომ მთელი დეპოზიტების, დავუშვათ, 70-75% არის უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ფიზიკური პირების დეპოზიტებს თუ აიღებთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ამიტომ აუცილებელია ლარის კურსის მკვეთრი რყევები თავიდან იქნას აცილებული. თუმცა ამჟამინდელი გამყარების პროცესი ლარიზაციას ხელს უწყობს.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წლის ნოემბრის სიტუაცია, როდესაც ლარი ამერიკული დოლარის მიმართ ერთბაშად 16%-ით დაეცა და 1.42-დან 1.65-ის მაჩვენებელს მიაღწია, ან წლევანდელი ცვალებადობა, როცა 1.78-დან 1.89-მდე გაიზარდა კურსი, ეს მოსახლეობის ცნობიერებაში და მეხსიერებაში ნეგატიურადაა დალექილი და ამდენად ამოცანა, რომელიც ლარიზაციის წახალისებას გულისხმობს, საკმაოდ სერიოზულია და ამ კუთხით ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა მოუხდება. ამ გზაზე კი უმთავრეს პირობად მე კურსის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება მიმაჩნია.

 

2010 წლის 3-10 ივნისს ლარის დოლართან მიმართებაში 1,78 ნიშნულიდან 1,88-მდე გაუფასურებას მყისიერად უპასუხეს იმპორტიორებმა პროდუქტებზე ფასების ზრდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტიდან მოყოლებული 3 თვის მანძილზე ლარი-დოლარის კურსი უკვე 1,76 ნიშნულამდე გამყარდა, ქვეყანაში პროდუქტებზე ფასის კლება არ ფიქსირდება, პირიქით ფასები კიდევ უფრო ძვირდება. რით ახსნით ამ მოვლენას, თქვენი შეფასებით რა არის იმის მიზეზი, რომ ლარის გაუფასურება მსწრაფლ აისახება პროდუქციის გაძვირებაზე, ხოლო გამყარების შემთხვევაში ფასები არათუ იკლებს, არამედ მატულობს?

- როდესაც ლარის კურსის გამყარებაზე გვაქვს საუბარი მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, რადგან ამით ცდილობს გავლენა მოახდინოს ინფლაციური პროცესებზე  და შეამციროს ის. თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს პრობლემები გამომდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობიდან. საქართველოს ეკონომიკას უფრო სხვა ტიპის პრობლემები აქვს და მათგან ერთ-ერთს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრობლემა ჰქვია.

 

ცხადია ფასებს ბაზარი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ ხშირად, სწორედ რეალური, ჯანსაღი კონკურენციის არარსებობის გამო სურათი განსხვავებული გვაქვს. როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკას დღეს სხვაგვარი ხედვა და მიდგომები სჭირდება, რათა მოსახლეობის კეთილდღეობა და მსყიდველობითი უნარიანობა უმჯობესდებოდეს. მაგრამ ეს არის უკვე ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა სჭირდება რათა მაქსიმალურად გაიზარდოს რეალური კონკურენცია, ეფექტიანად ამოქმედდეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეროვნული ბანკის და სამთავრობო გუნდის მუშაობის რეალური შედეგები.