კახა თარგამაძის ავტოფარეხი დაიწვა

კახა თარგამაძის ავტოფარეხი დაიწვა

25 მარტს, საღამოს საათებში, ვაკის სახანძრომ საბურთალოზე მიცკევიჩის ქუჩაზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო. შემთხვევის ადგილზე სახანძროს რამდენიმე მანქანა გავიდა, როგორც გაირკვა, ცეცხლი მიცკევიჩის ნომერ 17 საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ავტოფარეხს გაუჩნდა. ეს ავტოფარეხი შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. მინისტრის გარემოცვა ყველანაირად ეცადა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ „ალიამ“ ზოგიერთი დეტალის დაზუსტება მაინც შეძლო.

სახანძროში ოფიციალურადაა დაფიქსირებული მიცკევიჩის ჩვიდმეტიდან გამოძახება და გასვლის დრო - 25 მარტი, საღამოს 9 საათი და 22 წუთი.

რაც შეეხება მიზეზს, იგი სპეციალურ ჟურნალში საკმაოდ ბუნდოვანია - ავტოფარეხის გარეთ საბურავები იწვოდა, გამოძახებაც თურმე ამის გამო მომხდარა.

სახანძროში „ალიას“ განუცხადეს, რომ ყოველი 10 გამოძახებიდან 8 ცეცხლწაკიდებული ხის ან ძველი საბურავის დაწვის გამო ხდება.

არანაირი სერიოზული შემთხვევა არ ყოფილაო, - აცხადებს სახანძროს უფროსი.

არადა, მოარული ხმებით, ავტოფარეხში ხანძარი გენერატორის აფეთქებას გამოუწვევია (ეს ინფორმაცია სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელსაც ჰქონდა გაგონილი). ავტოფარეხში მდგომი რამდენიმე ავტომანქანაც დამწვარა (მანქანების მარკა ვერ დავადგინეთ), მაგრამ დღეს ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. ეჭვსაც სწორედ ეს ბადებს. ხანძარი უბედური შემთხვევაა და თუ მინისტრის ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა, ეს თარგამაძის კომპრომატი სულაც არ იქნებოდა. მაშინ რატომ არის დაფიქსირებული სახანძროში გასვლის მიზეზად ძველი საბურავების დაწვა და რატომ ამბობს მინისტრის ერთ-ერთი თანაშემწე, რომ თარგამაძის ავტოფარეხში ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა?

„ალიას“ მცდელობა ავტოფარეხში შეეღწია და თავად დარწმუნებულიყო სინამდვილეში უშედეგოდ დამთავრდა.

დღეს ამ ხანძრის შესახებ შს მინისტრი დუმილს ამჯობინებს, არადა, იმ ქვეყანაში, სადაც ტერორიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა, გამორიცხული არ არის, მისთვისაც მოეწყოთ რამე. თანაც ანალოგიური ფაქტი რამდენიმე თვის წინათაც მოხდა, როცა მთავარი სამხედრო პროკურორის სახლში აფეთქება მოხდა. მართალია, მაშინ საბოლოოდ ვერ დადგინდა, გაზის ბალონი აფეთქდა, თუ ტერორისტის მიერ შეგდებული „ლიმონკა“, მაგრამ ექსპერტიზა ხომ მაინც ჩატარდა. ეტყობა, ამ შემთხვევაში თარგამაძემ კარგად მოფიქრებული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. ავტოფარეხს ცეცხლი 25 მარტს გაუჩნდა, გაგანია, წინასაპრეზიდენტო არჩევნების დროს „დივერსიულ აქტებზე“ საუბარი წამგებიანი იყო. ან იქნებ იმ მიზეზის გამოც არის ჩუმად შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ მშიშარა კაცის იმიჯის დამკვიდრების ეშინია.