ექპორტმა ექსპერტებს აზრი ვერ შეაცვლევინა

ექპორტმა ექსპერტებს აზრი ვერ შეაცვლევინა

ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეკონომიკას წინსვლისა არაფერი ეტყობა. მთვარობა კმაყოფილია, ექსპერტები კი - დაეჭვებულნი. 2010 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელი 33%-ით გაიზარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თქმით: „ზრდა განპირობებულია არა მარტო ფასების ზრდის გამო, არამედ, 10 თვის მონაცემებით, მეტი სახეობის პროდუქცია გადის საქართველოდან და მეტ ქვეყანაში გვაქვს განხორციელებული ექსპორტი, ვიდრე ეს ადრე გვქონდა“.

 

რეექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროდუქტი ავტომობილებია. „საქართველო გახდა ცენტრი ბევრი საავტომობილო კომპანიის. მათ საქართველოში ჩამოყავთ ავტომობილები, ასაწყობებენ და გააქვთ ექსპორტზე აზერბაიჯანში, სომხეთსა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ დიდ შემოსავალს ტოვებს“, - განაცხადა გილაურმა.

 

მაგრამ ეს კიდევ რაა. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2011-14 წლებში ექსპორტის ზრდის ტემპები იმპორტის ზრდის ტემპებს გადააჭარბებს. 2013 წლიდან კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობითი მაჩვენებელი, მნიშვნელოვან შემცირებას დაიწყებს.

 

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილი მშპ-ის მიმართ 2010 წლისათვის -11.2 პროცენტის, ხოლო 2011 წლისათვის კი -12.7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. გარეგანი შოკების არარსებობის შემთხვევაში, შემდგომ წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს შემცირების ტენდენცია ექნება და 2014 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობითი მაჩვენებელის მნიშვნელობა, სავარაუდოდ, -8.3 პროცენტის ფარგლებში იქნება.

 

პროგნოზული გათვლებით, 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილი მშპ-ის მიმართ 0.9 პროცენტით შემცირდება. ამ პერიოდში უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ლიდერობას თურქეთი ინარჩუნებს, მას მოსდევს აზერბაიჯანი და შემდეგ უკრაინა.

 

მთავრობის მეტად ოპტიმისტური პროგნოზის მიუხედავად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალში ბევრი არაფერი შეცვლილა და მათ შორის არც საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეული. უკვე მერამდენე წელია ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ფეროშენადნობებს უჭირავს - 16 პროცენტი. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 13 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კვლავ შავი ლითონების ჯართი დარჩა და ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.

 

„ექსპორტის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.  ჩვენ ვახდენთ ნედლეულსა და ნახევრფაბრიკატების ექსპორტს.  როდესაც შედარება ხდება 2009 წლის პირველ კვარტალთან, მაშინ ომის მომდევნო პერიოდი იყო და არაფერი ხდებოდა. შესაბამისად, ეს შედარება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ეკონომიკის ბუმია“, - ამბობს ექსპერტი დავით ნარმანია.

 

ექსპერტი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ ფეროშენადნობებისა და ჯართის ექსპორტის საექსპორტო ათეულში უცვლელად ყოფნა ეკონომიკის წანსვლას არ ნიშნავს.

 

„ამ სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდაზე არ მიუთითებს. საექსპორტო პროდუქცია მრავალფეროვანი რომ გახდეს, უნდა მოხდეს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის გარდაქმნა, ქვეყანაში უნდა შეიქმნას პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა. მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ავტომობილების ექსპორტში, ანუ რეექსპორტში. ეს ავტომობილები კი საქართველოში არ იწარმოება“, - ამბობს სილაგაძე.