რატომ არ გაუშვა სააკაშვილმა ერაყში ქართველი მომღერლები?

რატომ არ გაუშვა სააკაშვილმა ერაყში ქართველი მომღერლები?

როგორც „ქრონიკამ“ შეიტყო, ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ახალ წელს ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად უნდა შეხვედრილიყვნენ და რამდენიმე დღე გაჩერებულიყვნენ. ეს პროექტი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ეს აქცია ჩაიშალა. ამის მიზეზი კი სააკაშვილის საარჩევნო კამპანია გახდა. ქართული შოუ-ბიზნესის ხმები, წინასაარჩევნოდ, ჰაერივით სჭირდება მას და ერაყში გამგზავრების უფლება არც ერთ მომღერალს არ მისცა, - სადაც ხართ, იქ დაეტიეთ, ახლა მე მჭირდებით, არჩევნებს რომ მოვუგებთ, ერაყს კი არა, მთელ მსოფლიოს მოგატარებთო, - უთქვამს. ასე რომ, ქართული შოუ-ბიზნესის ერაყ-ფართი ჩაიშალა.

„ქრონიკა“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან ურთიერთობის უფროსს, ნანა ინწკირველს ესაუბრა:

-ქართველი მომღერლები მართლაც უნდა წაგვეყვანა საახალწლოდ ერაყში, მათ ჩვენი იქ მყოფი ჯარისკაცებისთვის კონცერტი უნდა გაემართათ, თუმცა ეს პროექტი დროებით გადაიდო.

ანუ ისევ აპირებთ მათ წაყვანას?

-აუცილებლად ჩატარდება ეს „ფართი“ ერაყში, თუმცა ახალი წლის შემდეგ.

ჩვენი ინფორმაციით, ეს კონცერტი იმის გამო ჩაიშალა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მომღერლებს არ მისცა უფლება, ერაყში წასულიყვნენ, რადგან მათი ხმები და თანადგომა დღეს არჩევნებისთვის სჭირდება.

-ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ჩვენ შევპირდით ჯარისკაცებს და აუცილებლად ჩავატარებთ ამ კონცერტს. მე მგონი, გადადების მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთმა მომღერალმა ვერ მოიცალა. ხომ გესმით, ახალი წელია, კონცერტები აქვთ, ეს მათთვის გარკვეულ შემოსავალს წარმოადგენს და ამის გამო თბილისში დარჩენა გადაწყვიტეს.

თქვენ არ უხდიდით ჰონორარს?

-ამ საკითხს კულტურის სამინისტრო აგვარებდა, რა თქმა უნდა, ჰონორარს უხდიდნენ, ჩვენ ეს არ გვეხება, მათ ტრანსპორტირებაზე და უსაფრთხოებაზე უნდა გვეზრუნა.

ვინ ვერ მოიცალა ერაყში მყოფ ქართველ ჯარისკაცებთან შესახვედრად და რა ინფორმაციას ფლობდნენ მომღერლები კონცერტის ჩაშლასთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად მერაბ სეფაშვილსა და ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.

მერაბ სეფაშვილი:

ბატონო მერაბ, რატომ ჩაიშალა ერაყში ქართველი მომღერლების გასტროლები?

-ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, ვიცოდით, რომ უნდა წავსულიყავით ერაყში და კონცერტი ჩაგვეტარებინა ქართველი ჯარისკაცებისთვის.

იქნებ, იმიტომ, რომ თქვენი თანადგომა ახლა აქ სჭირდება სააკაშვილს?

-ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. დასამალი რა მაქვს, ინფორმაცია რომ მქონდეს, აუცილებლად გეტყოდით.

ნინი ბადურაშვილი:

-ერაყში წასვლა მეც შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი, შემეშინდა, რადგან საშიში ზონაა. მე იმდენად არ შემშინებია, მაგრამ ოჯახის წევრებმა უფრო შემაშინეს და ჩემი გაშვება არ ისურვეს.

ნინი, ჰონორარი შემოგთავაზეს თუ საქველმოქმედო კონცერტი იყო?

-ჰონორარი შემომთავაზეს.

რამდენი, ვერ გვეტყვით?

-სოლიდური, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ელემენტარულად, არაკორექტული იქნება ამაზე საუბარი.

ერთი სიტყვით, სააკაშვილის წინასაარჩევნო მარათონის გამო, ქართველი ჯარისკაცები ერაყში ჩვენი ვარსკვლავების გარეშე შეხვდებიან ახალ წელს. მათი ხილვის ბედნიერება, თუ კიდევ რამე არ შეიცვალა, არჩევნების დასრულების შემდეგ ექნებათ.