სომხეთში ხალხის ჯგუფმა სომეხთა კათოლიკოსის გადადგომის მოთხოვნით კანცელარიის შენობაში შეჭრა სცადა

სომხეთში ხალხის ჯგუფმა სომეხთა კათოლიკოსის გადადგომის მოთხოვნით კანცელარიის შენობაში შეჭრა სცადა

სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში ადამიანების ჯგუფმა, რომელიც სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს, მისი კანცელარიის შენობაში შეჭრა სცადა. ამის შესახებ „ტასს" სომხეთის პოლიციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ეჩმიაძინის ტერიტორიაზე მომსახურე სამართალდამცველებმა დემონსტრანტები კანცელარიის შენობაში არ შეუშვეს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში დემონსტრანტები კანცელარიის შენობასთან იმყოფებიან და კათოლიკოსის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ.

კათოლიკოს გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის ივნისში დაიწყო. მომიტინგეები აცხადებენ, რომ კათოლიკოსი საეკლესიო რეფორმების გატარებას აფერხებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საეკლესიო საქმეებში ვერ ჩაერევა და მომიტინგეების მოთხოვნების შეფასებაზე უარი განაცხადა.