“ენერგო-პრო ჯორჯიას” ხალხის საკუთრების მითვისებაში ადანაშაულებენ [video]

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ხალხის საკუთრების მითვისებაში ადანაშაულებენ [video]

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

ზუგდიდში, ფაიფურის ქარხნის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებსა და ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლებს შორის ორდღიანი დაპირისპირება ტრანსფორმატორის გატანის მცდელობას მოჰყვა. დავაში პოლიციის ჯგუფიც ჩაერთო. მოსახლეობა იმ ძვირადღირებული მოწყობილობის ჩამორთმევას აპროტესტებდა, რომელიც წლების წინ საკუთარი ხარჯებით შეიძინა.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა “პრესა.გე”-მ სატრანსფორმატორო პუნქტთან ენერგეტიკოსებისა და აბონენტების სრული მზადყოფნა შენიშნა. გაუქმებული ტრანსფორმატორის გასატანად ტექნიკაც მობილიზებული იყო. მოსახლეობა “ენერგო-პროს” თანამშრომლებისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდა და კერძო საკუთრების შესახებ კანონს ახსენებდა.

 

მზია ჩერქეზია, აბონენტი: “8 წლის წინ, სრული უშუქობის დროს, ეს ტრანსფორმატორი საკუთარი ხარჯებით, სიმწრით აღებული ფულით შევიძინეთ. 5 ათასი ლარი დაგვიჯდა და თითოეულმა ოჯახმა მაშინ 80 ლარი გაიღო. ცოტა ხნის წინ ეს ტრანსფორმატორი “ენერგო-პრომ” გააუქმა და სხვა სისტემას შეგვაერთა, მაგრამ იგი ხომ ჩვენი საკუთრება იყო. 60-მდე ოჯახი მის გაყიდვას ვაპირებდით და მიღებული თანხით მრავალსართულიანი სახლის ეზოში ღობის გავლებას ვგეგმავდით.

 

შეიძინოს “ენერგო-პრომ” ეს ტრანსფორმატორი და გატანაში პრობლემას არ შევუქმნით. მათ კი ჩვენს დასაშინებლად გუშინ პოლიციაც გამოიძახეს. დღესაც  წინააღმდეგობას თუ გავუწევთ, ისევ შეატყობინებენ და ჩვენი ნებართვის გარეშე წაიღებენ. ამ მთავრობას წინ ხომ ვერ აღვუდგებით”.

 

“ენერგო-პრო ჯორჯიას” სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურეობის სერვისცენტრის მენეჯერი მიხეილ გვალია ამბობს, რომ უკმაყოფილო მოსახლეობას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

 

მიხეილ გვალია: “ეს ტრანსფორმატორი არის კომპანიის ბალანსზე და მისი საკუთრებაა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. ახლა კი, საჭიროებიდან გამომდინარე გადაგვაქვს სხვა ადგილზე”.

 

ის, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, არც მოსახლეობა უარყოფს, თუმცა ათობით მოწმის ჩვენება საკმარისად მიაჩნიათ.

 

დარეჯან ანთია, აბონენტი: “გახსოვთ ალბათ, 8 წლის წინ როგორი განუკითხაობა იყო ქვეყანაში. რამდენიც მოგვთხოვეს, იმდენი მივეცით. მაშინ იყო ვერსია, რომ ეს ტრანსფორმატორი აფხაზეთიდან გადმოიტანეს. ამდენად, შესყიდვაზე ვერანაირი დოკუმენტი გვექნებოდა. გვაინტერესებს და “ენერგო-პრო”-მაც წარმოგვიდგინოს დოკუმენტი, რომელიც მათ ბალანსზე აღრიცხვიანობას დაადასტურებს. ვეჭვობთ, რომ არც მათ აქვთ”.

 

ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად “პრესა.გე” “ენერგო-პროს” პრესსამსახურს დაუკავშირდა. მისმა ხელმძღვანელმა ეკა ურიდიამ ტრანსფორმატორის კომპანიის საკუთრებაში არსებობა სიტყვიერად დაადასტურა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგან საარქივო მასალების მოძიება გარკვეულ პერიოდს მოითხოვდა.

 

ინტერვიუების ჩაწერიდან ნახევარ საათში “პრესა.გე”-ს ფაიფურის ქარხნის დასახლებიდან ტელეფონით აცნობეს, რომ “ენერგო-პროს” თანმშრომლებმა პოლიციის მონაწილეობით პუნქტიდან ტრანსფორმატორი გაიტანეს.

 

შეატყობინეს ისიც, რომ ზემოთნახსენები საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც თურმე არქივებში ხანგრძლივი ქექვა სჭირდებოდა, აბონენტებს სულ წინ უფრიალეს. გამოთქვეს ეჭვიც, რომ დოკუმენტი ყალბი იყო...