ზოგს უშაქრო მოსწონს, ზოგს - ზედმეტად შაქრიანი, ზოგს - რძიანი, ზოგს - ცივი, ზოგიერთს კი - ცხელი, მაგრამ ყველა მათგანს ლამის სიგიჟემდე უყვარს ყავა. ყავის გარეშე ცხოვრება უკვე საქართველოშიც წარმოუდგენელია. თუ ადრე ყავის სმა თბილისური “გამოსულობის” შემადგენელი ნაწილი იყო, დღეს ყველაფერი რადიკალურად არის შეცვლილი.
ყავას სვამენ ყველგან - სახლში სამსახურში, ქალაქში, სოფელში, სუფრასთან თუ ფეხზე დგომელა, მანქანაში, ნებისმიერ ამინდში, ზაფხულსა თუ ზამთარში. თანამედროვე საქართვლეოში ყავამ ქართული სტუმარ-მასპინძლობის სიმძიმეც “იტვითრა”. დღესდღეობით უფრო დიდი შანსია სტუმრად მისულს ყავით გაგიმასპინძლდნენ, ვიდრე ხაჭაპურით და დოქი ღვინით.
ყავა ქართველებმა ისე შეიყვარეს, რომ ყოველი დილა მისით იწყება და ღამე ამ სასმელით მთავრდება (იმ შემთხვევაში თუკი ვინმეს უძილობა ან ჰიპერტონია არ აწუხებს). და ამ დროს, როდესაც ყავა თითქმის ყველა ქართველის ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტი გახდა, შესაძლოა, წარმოუდგენლად გაძვირდეს.
ამ ყველაფრის თავი და თავი კი ის არის, რომ მსოფლიოში ყავის წარმოება, შესაძლოა, შემცირდეს, რაც მასზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ხანგრძლივი წვიმების გამო ინდოეთი ბაზარზე პროდუქციის დაყოვნებით მიწოდებაზე საუბრობს, ხოლო ვიეტნამში მოსავლის 3%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.
ბრაზილიაში წლეულს ყავის მაღალ მოსავალს კი ელოდებიან, თუმცა პორტების გადატვირთვის გამო, მისი იმპორტი გართულებულია.კოლუმბიაში კი, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე, “არაბიკის” ექსპორტით მეორე ადგილი უკავია ყავის ხეების განახლების პროგრამას 2011 წლიდან გეგმავს, რაც 3-4 წლით დააყოვნებს შესაბამისი მოცულობის პროდუქციის ბაზარზე გატანას.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოში ყავა უახლოეს მომავალში მკვეთრად გაძვირდება. ამის შესახებ ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორ "როიალ კოფე ჯორჯიაში" საუბრობენ, თუმცა კონკრეტულ მაჩვენებელს ჯერ ვერ ასახელებენ. კომპანია “რობუსტას” სახეობის მალაიზიური ყავის იმპორტს ახორციელებს, რომლის ფასი კილოგრამზე 6-დან 6,5 ლარამდე მერყეობს.
ყავის კიდევ ერთ მსხვილ იმპორტიორ “კანტში” ამბობენ, რომ ყავის გაძვირების შემდეგ, შესაძლოა, პროდუქციის იმპორტი საერთოდ შეწყვიტონ.
ყავის გაძვირებას ადასტურებს ყველა. ერთ-ერთ უმსხვილესი იმპორტიორი “როიალ ყავა ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ყავაზე ფასები მოიმატებს, თუმცა რა ოდენობით, კომპანიაში არ აკონკრეტებენ.
მართალია, არიან უშაქრო ყავის მოყვარულები (მათი გარკვეული ნაწილი შაქრის არანორმალურად გაძვირების გამო იძულებით ჩაეწერა უშაქრო ყავის მოყვარულთა კლუბში), მაგრამ ეს უპოპულარულესი სასმელი შაქრის გარეშე მაინც წარმოუდგენელია. ჰოდა, ვითარება ამ მხრივაც შემაშფოთებელია. საქმე იქეთკენ მიდის, რომ უშაქრო ყავის მოყვარულთა კლუბში თვალსაჩინო მატება იქნება.
შაქრის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე ახალი რეკორდი დაამყარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა. მაისიდან მოყოლებული შაქრის ფასი 135%-ით გაიზარდა. მიზეზი ამ პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელ ბრაზილიაში არსებული გვალვებია, რამაც მოუსავლიანობა გამოიწვია.
კიდევ ერთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა ინდოეთმა ანალოგიური მიზეზების გამო, შაქარზე კვოტები დააწესა. ამიტომაც ევროპელი ექსპერტები 2011 წლისათვის შაქრის ფასის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. საქართველოში კი სადღეისოდ 1 ტომარა შაქარი 90 ლარი ღირს.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარგად დაშაქრული კარგი ყავა მალე დელიკატესი გახდება.