აბაშიძემ ოცდახუთი დეპუტატი მოიშორა

აბაშიძემ ოცდახუთი დეპუტატი მოიშორა

გუშინ ასლან აბაშიძემ უზენაესი საბჭოს ოცდახუთი დეპუტატი დაითხოვა. ისინი უზენაესი საბჭოს სხდომაზევე გაანთავისუფლეს.

კონსტიტუციური შესწორებების სახით თავმჯდომარემ წევრებს შეუთავსებლობის მექანიზმი შესთავაზა. შეწინააღმდეგება ვერავინ გაბედა.

აბაშიძის სიტყვები დაახლოებით ასეთი გახლდათ: რადგან შესწორება გაზიარებულია, საკითხს წერტილი დავუსვათ. და ამ წერტილს ოცდახუთი საბჭოს წევრი „შეეწირა“. საქმე ის გახლავთ, რომ ე.წ. შესწორებას ფორმულირების იერიც არ ჰქონდა. ანუ ასლანისეული მექანიზმი მზად არ იყო. მიუხედავად ამისა, ყველა გამგებელი და მინისტრი ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების მარათონს გამოეთიშა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას თანაშემწე, ზურაბ ნოღაიდელიც.

ეს ინფორმაცია ბათუმიდან სარწმუნო წყარომ მოგვაწოდა. ბათუმელი ექსპერტის ვარაუდით, ვაკანტური ადგილები აღარ შეივსება. დასკვნა გაბედულია, მაგრამ იგი ისევ აბაშიძის ერთ ფრაზას ეყრდნობა: ჩვენ ოცდახუთი დეპუტატი არ გვჭირდება.