აფიშების ომი თბილისში

აფიშების ომი თბილისში

6 ოქტომბრიდან, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, პარტიათაშორისი ბრძოლა ამომრჩეველთა ხმების მოსაგროვებლად, არ გადაზრდილა ტელედებატებსა თუ საგაზეთო პოლემიკაში. თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარ რეკლამაზე ზრუნავს და არაფერს ამბობს ოპონენტი პარტიის საარჩევნო პლატფორმის შესახებ. ზოგიერთი მათგანი საკუთარ პოზიციებსაც მალავს და მხოლოდ სარეკლამო რგოლებით კმაყოფილდება.

მაყურებლისათვის მძიმე საცქერია პროპაგანდისტული ხასიათის კლიპებით გაჯერებული ტელევიზორი, რომელშიც ეკრანზე ხან ცხენები ბრდღვინავენ, ხან შავოსანი ქალები ქვითინებენ, ხანაც სამეფო დროშებს აფრიალებენ.

პარტიათაშორისი ბრძოლა დღეს კვლავ ქუჩის საკუთრება გახდა. ნაცნობი და უცნობი პოლიტიკური მოძრაობების ლიდერებმა თავიანთი პორტრეტებით ააჭრელეს შენობა-ნაგებობების ფასადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფანჯრები.

მათი ბრძოლა სწორედ საარჩევნო აფიშების საუკეთესო ადგილზე გამოკვრაში გამოიხატება. შეძლებულმა პარტიებმა თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი და დედაქალაქის ცენტრალური უბნები დაიპყრეს. ნათქვამია, „მოჩქარეს მოუგვიანდესო“ და საარჩევნო კამპანიის მიწურულს დასტამბულ სხვადასხვა პარტიის ასიათასობით აფიშას თავისუფალი ადგილი აღარ დახვდა. ამ აფიშების პატრონებმა ერთადერთი გამოსავალი მონახეს და ხალხმრავალ ადგილზე უკვე გაკრულ აფიშებზე თავისიც გადააწებეს. ეს იძულებითი და ამავე დროს, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი რამდენიმე დღეში ისე გავრცელდა, რომ ქალაქი სრულებით გადასხვაფერდა.

აფიშების ამ კალამბურში მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსის პორტრეტი დარჩა შეურყვნელი. ედუარდ შევარდნაძემ და ვახტანგ რჩეულიშვილმა დროულად განჭვრიტეს მომავალი და საკუთარი ფოტოებით დამშვენებული აფიშები რესპექტაბელური მაღაზიების ვიტრინებშიგნით განათავსეს. 5 ნოემბრამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ამ პერიოდში რიგი პარტიებისა აფიშების განმეორებით დასტამბვას აპირებენ და ბრძოლა სარეკლამო ადგილებისათვის კიდევ უფრო გამწვავდება.

შევარდნაძის და რჩეულიშვილის პრაქტიკას სხვა პატივცემული პირებიც გაითვალისწინებენ, რავ რიგი მაღაზიების დახლების სრულ დაბნელებას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში თუ როგორ დასრულდება წინასაარჩევნო კამპანიის ქუჩური ბრძოლები და ვინ გაიმარჯვებს, „ამ აფიშების უწყალო ომში“, ისევე ძნელი გამოსაცნობია, როგორც თვით 5 ნოემბრის არჩევნების შედეგები.