ღვინის გზამკვლევი თბილისში

ღვინის გზამკვლევი თბილისში

უცნაურია, მაგრამ ღვინის სამშობლოს –  საქართველოს დედაქალაქში, თითებზე ჩამოსათვლელი ღვინის მაღაზიაა, ისიც, ძირითადად, ცენტრალურ უბნებში. გარეუბნებში ღვინის მარკეტინგი ჯერ კიდევ არ გასცდენია ბაზრობების არეალს. აქ პირდაპირ მზის გულზე, ჭუჭყიან დახლებზე ნახავთ პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმულ გაურკვეველ სითხეებს ამბიციური ტრაფარეტებით: „ხაშმის საფერავი“, „რქაწითელი“, „მანავის მწვანე“. სინამდვილეში, ეს სითხეები ხშირად არათუ „საფერავი“, „რქაწითელი“ და „მანავის მწვანე“, არამედ საერთოდ ღვინოც არ არის.

 

თბილისში ჯერ კიდევ მრავლად ნახავთ საბჭოური ყაიდის გასტრონომებსა და მოუწესრიგებელ სასურსათო მაღაზიებს, სადაც ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექციებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. თუმცა, პრაქტიკულად ყველგან, ღვინო საკმაოდ არასათანადო პირობებში იყიდება.

 

დიდი პრობლემებია ზაფხულში, როცა მაღაზიების უმეტესობა კონდიცირების გარეშე მუშაობს და თაროებზე ღვინის ბოთლები სიცხეში თვეობით აწყვია. ღვინის შენახვის პირობები ხშირად თანამედროვე სუპერმარკეტებშიც არ არის დაცული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისაგან გაცხელებული დახლ-მაცივრების უარყოფითი გავლენა. ღვინის თაროები ხშირად, თითქოს, სპეციალურად არის მიდგმული მაცივრების ცხელ კედლებს.

 

ცხადია, სუპერმარკეტებს შორის არსებობს რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისი, სადაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის იდეალურთან მიახლოებული პირობებია. ამ მხრივ გამოირჩევა ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და „პოპულის“ XL  ფილიალები. მართალია, ღვინისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი ამ ელიტურ მარკეტებშიც არ არის, მაგრამ აქ ღვინოები სწრაფად იყიდება და კომპანიები ყოველკვირეულად აახლებენ თავიანთ პროდუქციას. ასეთ მოკლე დროში კი, ქარხნული წესით ჩამოსხმული ღვინო არ ფუჭდება.

 

„გუდვილი“ გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს პროდუქციის მომხმარებელთან წარდგენას. ამისათვის სპეციალურად შეუკვეთეს ოვალური ფორმის ფრანგული ღვინის დახლები – ე. წ. კუნძულები.

 

ჰიპერმარკეტში ადგილს ყველა ვერ იმკვიდრებს. აქაურ კონკურენციაში ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი მოქმედებს და საბოლოოდ „გუდვილში“ რჩება მხოლოდ ის კომპანია, ვისაც დიდი პიარი აქვს.

 

„ჰიპერმარკეტში დახლებზე დიდხანს ვერ გავაჩერებთ ისეთ პროდუქციას, რომელიც არ იყიდება. ამიტომ აუცილებელია რეკლამა, რომელმაც მომხმარებელი აქ უნდა მოიყვანოს. თავიდან ძალიან ბევრი კომპანია იყო წარმოდგენილი, მაგრამ ვისაც კარგი ვაჭრობა არ ჰქონდა, მალევე წავიდა“, – ამბობენ „გუდვილის“ მესვეურები.

 

შეიძლება ითქვას, გამონაკლისია „თელავის ღვინის მარანი“, რომელიც მასშტაბური სარეკლამო კამპანიით ვერ დაიკვეხნის. ამის მიუხედავად, კონკურენციაში ტოლს არავის უდებს და „გუდვილის“ სამეულში შედის, გაყიდული პროდუქციის მაჩვენებლებით.

 

რამდენიმე მსხვილი კომპანია „გუდვილში“ მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს საკუთარი ღვინის დეგუსტაციას, რაც ქართული ღვინის მარკეტინგის ისტორიაში ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ტენდენცია უკვე იმ რამდენიმე ღვინის მაღაზიაზეც ვრცელდება, რომლებიც თბილისის ცენტრშია გახსნილი. ღვინის გასინჯვა პრაქტიკულად, ყველა ღვინის მაღაზიაშია შესაძლებელი.

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქინძმარაულის მარნის“ საფირმო მაღაზია ვაკეში, სადაც ყველაზე თანამედროვე სპეციალური სადეგუსტაციო კარადა აქვთ. მასში ვაკუუმურად დატუმბული ნაკლული ბოთლები აწყვია და მომხმარებელს საღი ღვინის გასინჯვა შეუძლია. „ქინძმარაულის მარნის“ ეს საფირმო მაღაზია ჩამოსასხმელი ღვინის შესანახი ულტრათანამედროვე იტალიური რეზერვუარებითაც გამოირჩევა. მაღაზიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამსაუკუნოვანი საწნახელი, რომელსაც ინტერიერის დიზაინერმა მაღაზიის ცენტრში მიუჩინა ადგილი და სრულიად ახალი ფუნქცია მიანიჭა – მინისზედაპირიან სადეგუსტაციო მაგიდად აქცია.

 

ღვინის მასობრივი ფალსიფიკაციის პერიოდს რუსეთის ემბარგომ თითქოს წერტილი დაუსვა, მაგრამ ბოთლის ღვინოებისადმი უნდობლობა ქართველ მომხმარებელში ისევ გრძელდება. მაღაზიებში ღვინის დეგუსტაციის დამკვიდრება უპირველესად სწორედ ამ ფაქტორით არის ნაკარნახევი და არა მომხმარებელზე გადამეტებული ზრუნვით. კომპანიები ყველანაირად ცდილობენ, გაყიდონ თავიანთი ჩაწოლილი პროდუქცია. ამ ვითარებაში ტრადიციულად პოპულარულია ჩამოსასხმელი ღვინო, მარტივი მარკეტინგული შეთავაზებით – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე და ბოლოს იყიდე!

 

ჩამოსასხმელი ღვინო ყველა ღვინის მაღაზიაში იყიდება. „ღვინის სამყაროს“ მეპატრონეები მეღვინეებიც არიან და მომხმარებელს საკუთარ ღვინოსაც სთავაზობენ. „ვინოთეკა“ ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანას“ ფერმერების ჩამოსასხმელ ღვინოებს ჰყიდის და ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული მაღაზიაა.

 

მაღაზია „ღვინის სამყარო“ ევროპული სტრუქტურის ღვინის სახლის ნაწილია. ღვინის ეს ოაზისი მოიცავს მაღაზიას, რესტორანს, ბარს, ღვინის მოყვარულთა კლუბს, სადეგუსტაციოს და ცქრიალა ღვინო „კიუვე მარგოს“ მცირე წარმოებას. „კიუვე მარგო“ კლასიკური, ბოთლური პრინციპით მზადდება და მასობრივი წარმოების ქართული ცქრიალა ღვინოებისგან განსხვავებით, ფასიც სოლიდური აქვს – 20 ლარი.

 

კომფორტითა და წესრიგით გამორჩეულ „ღვინის სამყაროს“ მხოლოდ პატარა სასტუმრო აკლია ევროპული ტურ-ოპერატორების ღვინის ტურებში მოსახვედრად. „ღვინის სამყაროში“ უცხოური ღვინოები პრინციპულად არ იყიდება, რადგან აქცენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კეთდება.

 

ქურდაძეების „ღვინის სახლის“ ქსელი 10 წლის წინ ოცამდე ღვინის მაღაზიას მოიცავდა თბილისის თითქმის ყველა უბანში. ახლა მხოლოდ ორია შემორჩენილი. „ღვინის სახლის“ უპირატესობა სხვა მაღაზიებთან შედარებით ის არის, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ლესელიძის ქუჩის ფილიალში კი ღვინოსთან ერთად შეგიძლიათ, შეიძინოთ მეღვინეობის დამხმარე მასალები, მინი-ტექნიკა, სპეციალური ლიტერატურა, სუვენირები და რაც მთავარია, აქვე შეგიძლიათ, გამოცდილი მეღვინის, ალექსანდრე ქურდაძის უფასო კონსულტაციითაც ისარგებლოთ.

 

უცხოური ღვინოები, არც ისე დიდი ასორტიმენტით თითქმის ყველა მაღაზიაშია. ყველაზე დიდი არჩევანია მაღაზიებში: „ვინოსიმო“, „ვინოშოკი“ და „ვინოთეკა“, სადაც შეიძენთ როგორც ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნების, ისე ე. წ. ახალი სამყაროს ღვინოებს. ფასი 12-დან 70 ლარამდე მერყეობს. გამონაკლისია „ვინოშოკი“, სადაც 70-მდე დასახელების უცხოური ღვინო იყიდება და მათგან სამი დასახელების უმაღლესი კატეგპრიის ღვინის ფასი 60-დან 215-ლარის ფარგლებში მერყეობს.

ზოგადად, როგორც ამ მაღაზიების მფლობელებმა გვითხრეს, ძვირადღირებული უცხოური ღვინოების მყიდველი თბილისში არავინაა და მათ რეალიზაციას აზრიც არა აქვს.