ქობულეთის ფიჭვნარში არსებულ ვითარებაზე პრესა.გე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, პროფესორ ამირან კახიძეს ესაუბრა, რომელიც ამავდროულად, საქართველო–ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელია.
გუშინ პრესა.გე–ს “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ მოაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ ქობულეთის ფიჭვნარში ბულდოზერით ანადგურებდნენ კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერში, მიხეილ სააკაშვილმა, ქობულეთის ფიჭვნარში, სასტუმრო კომპლექსის ამშენებელ ინვესტორებს პირობა მისცა, რომ მიწას უფასოდ გადასცემდა და ამასთან, 15 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლებდა.
პრესა.გე–ზე მასალა სათაურით – V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!! 16 საათზე გამოქვეყნდა. საღამოს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, ამირან კახიძეს დავუკავშირდით და ინტერვიუ მაშინ ჩავწერეთ, როცა ის აჭარის ა/რ კულტურის მინისტრთან მიიჩქაროდა.
დღეს, პრესა.გე–ზე მასალის გამოქვეყნებამდე, ამირან კახიძეს ტელეფონით ისევ დავუკავშრდით და დავინტერესდით, შეაჩერა თუ არა ბულდოზერმა მუშაობა, რაზეც პასუხად მივიღეთ ის, რომ თბილისში ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს და რომ დღის ბოლოს იქნება რაიმე სიახლე. მანამდე გთავაზობთ ამირან კახიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს. ანუ ამ წუთებში თბილისში არკვევენ, ქობულეთის ფიჭვნარში უნდა შეჩერდეს თუ არა კოლხური და ელინური კულტურის ნაშთების ბულდოზერით განადგურება.
გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ხდება ამჟამად ქობულეთის ფიჭვნარში?
ამირან კახიძე: ამაზე ინფორმაცია მაქვს. ალბათ იცით, რომ იქ ტურისტული ზონა შენდება. ჰოდა, ერთი გაუგებრობა მოხდა – ჩვენ, არქეოლოგებს თავის დროზე არ დაგვიკავშირდნენ, არ გაგვაგებინეს და ამ ტერიტორიაზე მოხვდა უნიკალური ძეგლის ნაწილი. იქ არის VIII-VII საუკუნეების ერთი ბრწყინვალე ძეგლი – ქვიშაზვინულები; ის უკვე საკმაოდ დააზიანეს, ესაა რეალობა, მაგრამ მგონი მივაღწევთ იმას, რომ სამუშაოები დღეს–ხვალ შეჩერდეს; თბილისიდან არის რაღაც მონაცემები – ალბათ, არქეოლოგიურ გათხრებს გავაგრძელებთ, იქაურობას შევისწავლით, რის შემდეგაც მშენებლობებს გააგრძელებენ.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ინსტანცია შევძარით; თბილისი გვერდზე დაგვიდგა. საქმე ახლა ხარჯთაღრიცხვამდეა მისული, ვახტანგ ლიჩელთან ერთად ხარჯთაღრიცხვა შევადგინეთ და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამ დღეებში ალბათ, გათხრეს დავიწყებთ და ძეგლს მგონი გადავარჩენთ.
როდის გაიგეთ, რომ ფიჭვნარში ბულდოზერმა დაიწყო მუშაობა?
- ბულდოზერით მუშაობა გასულ სამშაბათს, 2 ნოემბერს დაიწყეს. იქ მცველი გვყავს და ამის შესახებ იმავე დღეს გავიგეთ, მაგრამ, ძალიან ცუდად მოიქცნენ – მუშაობა არ შეაჩერეს. ყველას შევატყობინეთ. წამოვედით, კიდევ დაიწყეს, წამოვედით, კიდევ დაიწყეს და აი, ასეთ დღეში აღმოვჩნდით.
ამ წუთისთვის ბულდოზერი ისევ მუშაობს თუ გაჩერდა?
- ბულდოზერი სამწუხაროდ, არ გაჩერებულა. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას დღე–დღეზე ველოდებით. მინისტრი მგონი იმისთვის გვიბარებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს.
რას გვეტყვით ფიჭვნარში არსებული გათხრების მნიშვნელობაზე?
- ეს არის ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლი, სადაც უზარმაზარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია II–I ათასწლეულის კოლხური კულტურის ნაშთები. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზეა ამიერკავკასიაში ბერძნულ ეთნოსთან დაკავშირებული, ჩვენს ერამდე V-IV საუკუნეების ერთადერთი ძეგლი – ნეკროპოლი.
ამიტომ ეს ძეგლი კოლხური კულტურის გენეზისის, საქალაქო ცხოვრების წარმოშობის და ანტიკურ–ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების კვლევისთვის უმდიდრეს ინფორმაციას იძლევა. იქ 100 ჰექტარზეა გადაჭიმული, ანტიკური ხანის უზარმაზარი ნაქალაქარი, კოლხური კულტურის ნაშთებით, სადაც 450 სამარხი გვაქვს შესწავლილი. ასევე იქ არის ელინიზმის ეპოქის სამარხები.
ქობულეთის ფიჭვნარში ჩვენთან ერთად, 18 წლის განმავლობაში მუშაობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის ექსპედიცია. გამოაქვეყნეს სერიალი – ფიჭვნარი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე; მეხუთე და მეექვსე მოამზადეს. საზღვარგარეთ არ არსებობს ჟურნალი, რომ ფიჭვნარის გათხრებზე ინფორმაციები არ იყოს გამოქვეყნებული; დიდი დაინტერესებაა ამ ძეგლის მიმართ – 1965 წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა სიმპოზიუმის მონაწილე ვარ, რაც კი ჩატარებულა.
რამდენი წელია, რაც ფიჭვნარში გათხრები ტარდება?
– პირადად მე, 50 წელია, რაც ამ გათხრებზე ვმუშაობ.
დასაშვებია თუ არა გათხრების დასრულების შემდეგ, მშენებლობის დაწყება?
– კანონის მიხედვით, როდესაც შევისწავლით და ტერიტორიას გავათავისუფლებთ, ჩვენი დასკვნის მიხედვით, იქ უკვე შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ, რომ წამოწყებული დიდი საქმე არ შეფერხდეს.