როგორ ავარიდოთ თავი ახალ ომს სამხრეთ-კავკასიაში

როგორ ავარიდოთ თავი ახალ ომს სამხრეთ-კავკასიაში

იმ დროს როდესაც ევროპული მთავრობების უმრავლესობა საკუთარი ბიუჯეტების დასაბალანსებლად თავდაცვით ხარჯებს ამცირებს, კონტინენტზე ყველაზე ცოტა ორი ისეთი სახელმწიფო არსებობს, რომელიც პირდაპირ საპირისპიროდ მოქმედებენ: აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ორი ქვეყანა თავდაცვაზე ხარჯებს ზრდის და ამას ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აკეთებენ. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი-ყარაბახის გაყინული კონფლიქტის გამო ჩიხში არიან მოქცეულები და თუკი დანარჩენი ევროპის ლიდერები ამ საკითხს სერიოზულად არ მიუდგებიან, ისინი შესაძლოა მორიგი ცხელი კონფლიქტის მოწმენი გახდნენ.

მთიანი-ყარაბახი აზერბაიჯანის პროვინციაა, მაგრამ ბაქომ მასზე კონტროლი 1993 წელს სომხეთთან ომის დროს დაკარგა. მთიან-ყარაბახთან ერთად სომეხ სამხედროებს შვიდი შერეული რაიონი აქვთ ოკუპირებული. ნახშირწყალბადის რესურსებით მდიდარი და დასავლური კომპანიების ნებიერა აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სიტუაცია მყიფეა. ბაქოს შეუწყნარებლობაში ნაწილობრივ დამნაშავე ერთი მილიონი იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელი და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ინიცირებული დრომოჭმული სამშვიდობო პროცესია. 

უფრო თვითდაჯერებული, მდიდარი და $3 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტის მქონე აზერბაიჯანი დღეს იმ კონდიციაშია, რომ მთიანი-ყარაბახის სამხედრო ძალით გათავისუფლება ნორმალურ ნაბიჯად მიაჩნია.

ომის მხარდამჭერი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების მოწოდებების ფონზე, ევროკავშირი არაადეკვატურად რეაგირებს როგორც აზერბაიჯანის ახლადაღმოცენებულ თვითდაჯერებულობაზე, ასევე რეგიონში დაძაბულობის ზრდაზე. ამის ფესვები კი იქიდან მოდის, რომ ევროკავშირი უარს ამბობს სამხრეთ-კავკასიაში უსაფრთხოებაზე სერიოზული პასუხისმგებლობა აიღოს. შედეგად, ბევრი ევროპული დედაქალაქი სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს ამჯობინებს.

ეს არ გახლავთ ახალი პრობლემა. 2008 წელს ბრიუსელმა ყური არ დაუგდო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილებას და როდესაც რუსეთმა ორი ქართული რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყო, ევროპას პასუხის გაცემა გაუჭირდა. (ორი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ იგივე სიტუაციაში ვართ). 2008 წლის პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობდა, რომ კონფლიქტების პრევენციასთან დაკავშირებულმა ევროპულმა მექანიზმებმა მარცხი განიცადა. ევროპამ უარი თქვა ეთანამშრომლა სააკაშვილთან უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის საკითხებზე. ევროპელთა დიდი ნაწილი მას ცხელთავა, პრო-ამერიკელ მარიონეტად განიხილავდა, ხოლო ევროკავშირის ბევრი დედაქალაქი მოსკოვთან ურთიერთობებში მთავარ პრობლემად საქართველოსთან მზარდ კავშირებს მიიჩნევდა. 

თუმცა სააკაშვილის გზავნილი ევროპისადმი, რომელიც მან იმ წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე წარმოსთქვა, დღესაც მნიშვნელოვანია: სამხრეთ-კავკასიაში სტაბილურობა მოწყვლადი მანამ იქნება, სანამ რეგიონში გაყინული კონფლიქტები არ მოგვარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპამ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი რეალობა უნდა აღიაროს, რეგიონში რომელიც ყველაფრის მიუხედავად ევროპის ნაწილია და სადაც ის მთავარი ენერგეტიკული მილსადენები გადის, რომელიც ევროპას კასპიის ნავთობსა და გაზთან აკავშირებს.

ორი წლის შემდეგ, რთულია იმის თქმა რომ ევროპამ სააკაშვილის გზავნილი გაითავისა. დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროპელებს ანალოგიურ სიგნალს უგზავნის: აღიარეთ ვალდებულებები რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და ჩვენ არ ვიქნებით იძულებულები ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე ამდენი ფული დავხარჯოთ. მაშინ, როდესაც ბაქოსთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე საუბარი აუცილებლობადაა მიჩნეული, აზერბაიჯანელების თვალში ევროპის მიდგომა დაბალანსებულ პარტნიორობას არ ასახავს. 

ეს უნდა შეიცვალოს, რაც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირის, ასევე მთელი კონტინენტისთვის. ევროკავშირის ლიდერები სამხრეთ-კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს და აზერბაიჯანის გაფრთხილებებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ევროპის პირდაპირი და აქტიური ქმედებები რეგიონში დაძაბულობას განმუხტავდა და სომხეთს და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების რეჟიმში დააბრუნებდა. თუკი ბრიუსელი მარცხს განიცდის და კავკასიაში ახალი ომი დაიწყება, ევროკავშირის უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. გარდა იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ევროპის სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანს დაემუქრება, ის გავლენას იქონიებს ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიმეტრზეც და მის წევრებს მოწყვლადს გახდის ისეთი ასიმეტრიული საფრთხეებისთვის, როგორიც კონტრაბანდა და ტერორიზმია. ამავდროულად, ახალი ომი რეგიონში კიდევ უფრო გაართულებს ევროპის და რუსეთის ურთიერთობებს. 

რადგან აზერბაიჯანიც და სომხეთიც ”აღმოსავლურ პარტნიორობაზე” ევროკავშირის ინიციატივის წევრები არიან, ბლოკს მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ბერკეტები გააჩნია. ”აღმოსავლური პარტნიორობის” მომდევნო მაისის სამიტი ბუდაპეშტში, იმ შესაძლებლობათა პრეზენტაციას მოახდენს, რომელთა ხელიდან გაშვებაც ევროპას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლია. 

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია. საკითხის ასე დასმა: თუ როდის შეიძლება ბრიუსელი აღარ მიუდგეს კონფლიქტებს სერიოზულად, იმის გარკვევის ტოლფასია, თუ სადამდე შეიძლება გავრცელდეს ევროპის საზღვრები. ევროკავშირის უსაფრთხოება და სტაბილურობა კონტინენტზე – მედლის ორი მხარეა.

[foreignpress.ge]