თურქული უნივერსიტეტი გაუხსნიათ და ჩვენ არც ვიცოდით

თურქული უნივერსიტეტი გაუხსნიათ და ჩვენ არც ვიცოდით

დემირელის სახელობის თურქული კოლეჯის მეპატრონე ჰაიათ ქუჩუკი, თურმე ქართველების განათლებაზე დღე და ღამე ფიქრობს და ჩვენ მაინც უმადურები გამოვდექით.

ბაზალეთში არ გვინდა უნივერსიტეტიო, ქვეყანა ავაწრიალეთ და მას კი (ჩვენ არც ვიცოდით) თბილისში, კვების მრეწველობის ინსტიტუტში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტად წოდებული თურქული ცოდნის ტაძარი გაუხსნია.

 „ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ გურამ მამულიას ჰკითხეთ, 1995 წლის 31 აგვისტოს მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენი პრემიერ-მინისტრი, თანსუ ჩილერი იყო ჩამოსული და თქვენს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად გაჭრა ლენტი.

თქვენც (ჟურნალისტებიც) ესწრებოდით ამ ამბავს (ეტყობა, ვიღაცას მახსოვრობა ღალატობს), მაგრამ არ გაახსენდებათ. ნეტარხსენებული უნივერსიტეტი მარტო ჩვენ კი არ დაგვიფუძნებია, თქვენი განათლების სამინისტრო და დუშეთის გამგეობაც იყო გარეული მაგ საქმეში.

მართალია, დაფინანსება ახლა ჩვენ შეგვატოვეს, მაგრამ არა უშავს, ტირილს არ დავიწყებო“. - განგვანათლა თურქმა მზრუნველმა და მისმა ქართველმა თანამესანგრემ გურამ მამულიამაც (გვარი ხომ აქვს და აქვს) კვერი დაუკრა - ნამდვილად ასეაო.

ბატონმა მამულიამ თავის მხრივ კი დაგვარიგა: „ქუჩუკს პატივი ეცით, სტამბულში ქართველოლოგიური ფაკულტეტი გახსნა. კაცია ისეთი, უკეთესს ვერ ინატრებო“.