“მაგრად” შემოჭერილი ქამრები

“მაგრად” შემოჭერილი ქამრები

2009 წლის იანვრის ბოლოს, როცა ომგამოვლილი ქვეყნის ეკონომიკას მსოფლიო ფინანსური კრიზისიც დაემუქრა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური „ქამრების შემოჭერის ინიციატივით“ გამოვიდა. მან  განმარტა, რომ საუბარი ბიუჯეტიდან საწვავის, მივლინებებისა და ავტომანქანებისათვის გამოყოფილი თანხების დაზოგვას ეხებოდა. „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპია და  ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს. დაზოგილი თანხები, კრიზისის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებაზე უნდა დაიხარჯოს.

 

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ინიციატივა ძალაშია, ფოთის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის ბიუჯეტის სახსრებით სულ მცირე ცხრა ძვირადღირებული მანქანა შეიძინა. მათ შორისაა 2010 წელს გამოშვებული მაღალი გამავლობის,  77 030-ლარიანი TOYOTA Land Cruiser Prado, რომელიც ფოთის ახალ მერს, ვახტანგ ლემონჯავას, მერად არჩევიდან ორ კვირაში ფოთის ბიუჯეტმა შეუძინა. 

 

 

რამდენი უჯდება ბიუჯეტს ადგილობრივ ჩინოვნიკთა გადაადგილება და სად გაქრა ბიუჯეტიდან ნაყიდი 80-ათასიანიბუმერი“?

„უახლესი წარმოების… მაღალი გამავლობის… ძვირადღირებული“ - ეს იმ ავტომობილების საერთო მახასიათებლებია, რომელთაც ბოლო წლებში ფოთის თვითმმართველობა ქალაქის ბიუჯეტიდან სისტემატურად ყიდულობს ადგილობრივი ჩინოვნიკებისთვის, სამხარეო ადმინისტრაციისა და სამართალდამცავებისათვის. ამ უწყებებს ავტომობილები უმეტესად მუდმივ სარგებლობაში გადაეცემათ. 

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიზნით, მხოლოდ ფოთის ბიუჯეტიდან 600 ათას ლარამდეა დახარჯული. მერიის ადმინისტრაციიდან ნაწილ-ნაწილ და, შეიძლება ითქვას, თვეების მანძილზე   წვალებ-წვალებით მოპოვებული  ინფორმაციის მიხედვით (მოქმედი კანონმდებლობით, ინფორმაცია დადგენილი ყველა წესის დარღვევითაა მოწოდებული, ცხრილის ფორმა აქვს, შეიცავს ბევრ უზუსტობას და არასრულია, ამიტომაც გადამოწმების მიზნით, არაერთხელ მივმართეთ), 2007 წლიდან მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქის ბიუჯეტიდან  13 ავტომობილია შეძენილი. თითოეული მანქანის ღირებულება 28 ათასიდან 84 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

2007 წლის 5 აპრილს, მერის №572 და №24 ბრძანებების საფუძველზე, მერის ადმინისტრაციამ ორი ახალი ავტომობილი: 2007 წელს გამოშვებული „Volkswagen Jetta” 42 518 ლარად და იმავე წლის “Volkswagen Passat”-ი 58 744 ლარად შეიძინა და ქალაქის საკრებულოს გადასცა. ამ უკანასკნელი ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით LOF-001) ვანო საღინაძე ქალაქის მერობისას გადაადგილდებოდა და  საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგაც მას ემსახურება.

 

მერიის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ცხრილის მიხედვით, 2005 წელს გამოშვებული „BMW”(ძ/ს 5,0), რომელიც მერიის ადმინისტრაციამ 2007 წელს  80 000 ლარად შეიძინა, ამჟამადაც მერიის ადმინისტრაციის ბალანსზეა. თუმცა, მერიაში არავინ იცის, ვინ სარგებლობს ამჟამად ამ ავტომობილით.

 

მერიის ადმინისტრაციის მოწოდებულ ავტომობილთა ნუსხაში ვერ აღმოვაჩინეთ 73 403 ლარად შეძენილი ავტომობილი “Volkswagen Passat”, რომელიც მერიის ადმინისტრაციამ  კაპიტალური ხარჯების მუხლიდან შეიძინა და ერთი დღეც არ უსარგებლია, რადგან მხარის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას, გადასცა სარგებლობაში.

 

ჩვენ მიერ იმ დროს  მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, 2008 წელს გუბერნატორის დაცვის უფროსს, დიმა მარკოიძეს, ავტოავარია ხსენებული ავტომობილით შეემთხვა. მერიის ადმინისტრაციის იმჟამინდელი უფროსი, დავით ბასილაია აღნიშნულ ფაქტს ასე განმარტავდა: „მანქანა დაზღვეული იყო და მის სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანიამ 80 000 ლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომობილი შეიძინა, რომლითაც ისევ რწმუნებული სარგებლობს“.

 

არის თუ არა ხსენებული და მერიის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ სიაში არსებული BMW ერთი და იგივე ავტომობილი, დაზუსტებით თქმა ძნელია. ფასის და მარკის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ მარკოიძის მიერ დამტვრეული მანქანაა, თუმცა, რატომ აისახა ის ფოთის ბიუჯეტში, გაუგებარია.

 

ჯანდაცვის შემცირებული პროგრამები და პოლიციის გაზრდილი ხარჯები

2008 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას (ეს პროცესი მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს, ზაზა გოროზიას პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი), საპატრულო პოლიციისათვის 4 ავტომობილის შესაძენად ფოთელმა თვითმმართველებმა ბიუჯეტში 150 000 ლარი გაითვალისწინეს. მოგვიანებით, ეს თანხა მერიის ადმინისტრაციის კაპიტალურ ხარჯებში გადაიტანეს. საკრებულოს წევრები მაშინ  პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ პატრულისათვის დაპირებულ მანქანებს მაინც შეიძენდნენ, თუმცა, ამას „მყვირალა“ ფორმულირება აღარ ექნებოდა და ოფიციალურად ეს ავტომობილები ფოთის მერიის ადმინისტრაციისათვის იქნებოდა ნაყიდი.

 

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, „Volkswagen Jetta” (ძრავის სიმძლავრე 1,6, გ/წელი 2008 ), რომელიც მერიის ადმინისტრაციამ 2008 წლის 16 აპრილს 35 377 ლარად შეიძინა, რამდენიმე კვირაში, მერის  ბრძანებითვე, შსს-ს გადასცა. დამატებითი განმარტებები დოკუმენტში მოცემული არ არის.

 

გარდა ამისა, 2008 წლის ფოთის ბიუჯეტიდან სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის გათვალისწინებული 100 000 ლარის გარდა, წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ შეტანილი რამდენიმე საბიუჯეტო ცვლილებით, ადგილობრივმა სამართალდაცავებმა (პოლიციის სამმართველო, საპატრულო პოლიცია, კუდ-ი და სოდ-ი) ბიუჯეტიდან კიდევ  400 ათასი ლარი მიიღეს, რომელიც ძირითადად საწვავისთვის, კაპიტალური რემონტისთვის, ფასადის მოწესრიგებისათვის, ეზოს კეთილმოწყობისთვის, სატელეფონო და სხვა ხარჯებისთვის იყო გამოყოფილი. 2009 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მერიის ადმინისტრაციის მიერ ბიუჯეტის ერთ-ერთ მუხლში გათვალისწინებული 192 000  ლარის შესახებ საკრებულოში აცხადებდნენ, რომ ეს სამართალდამცავთათვის ავტომანქანების შესაძენად გამოყოფილი თანხა იყო. თუმცა, ღიად ამაზე არავინ საუბრობდა.

 

ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტში, მხოლოდ ერთი მანქანაა მითითებული. ამავე წლის აპრილში ფოთის მერიამ საპატრულო პოლიციისათვის 2009 წელს გამოშვებული “Shkoda oqtavia” 34 650 ლარად შეიძინა.

 

2009 წელს ფოთის ადგილობრივ თვითმმართველობას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. დაგეგმილი შემოსავლები ვერ სრულდებოდა, ამიტომაც წლის დასაწყისში ქალაქის მთავრობამ ფინანსთა სამინისტროსაგან 1,5 მილიონი ლარი ისესხა. პრობლემები იმდენად აშკარა იყო, რომ თებერვალში მომხდარი ქარიშხლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციებისა  და საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება თვითმმართველობამ მხოლოდ გამოთანაბრებითი ტრანსფერიდან მოახერხა. წლის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ადგილობრივ მთავრობას მერიის სხვადასხვა სამსახურის 1,1 მლნ ლარი და ფინანსთა სამინისტროს 3-მილიონიანი დავალიანება ჰქონდა.

 

12-მილიონიანი ბიუჯეტის დაგეგმვისა და დამტკიცებისას რამდენიმე სოციალური პროგრამა (ტუბერკულოზთან ბრძოლის დამატებითი ღონისძიებები, შეჭირვებულთა და პენსიონერთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დაუსრულებელი ოსტეოგენეზის ანუ „შუშის ბავშვების“ სტაციონარული მკურნალობა,  გინეკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა-პროფილაქტიკა და ა.შ) ბიუჯეტიდან იმის გამო ამოიღეს, რომ პროგრამები სახელმწიფო (ცენტრალური) ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდა და ხარჯების გაორება ხდებოდა. თუმცა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამავე ბიუჯეტში თავდაცვისა და პოლიციის ხარჯებისათვის (ნაყიდი ავტომობილის გარდა) 241 000 ლარი გაითვალისწინა. ყველა ეს ორგანო ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე სახელმწიფო (ცენტრალური) ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ფოთისდიდსულოვანი“  თვითმმართველობა დათავმდაბალიშსს

8 ავტომობილი და 358 330 ლარი - ეს ფოთის ხელისუფლების 2010 წლის „მონაგარია“. ორი ერთეული“Shkoda oqtavia”(თითოეულის ფასი  34 650 ლ) მერიის ადმინისტრაციის კაპიტალური ხარჯებიდან  მ/წლის 19 თებერვალსაა შეძენილი, რამდენიმე თვეში კი ეს ავტომობილები საპატრულო პოლიციას გადაეცა. მომდევნო ავტომობილი - „Toyota Prado”(ძრავის სიმძლავრე 4,0) -  შსს-მ ფოთის თვითმმართველობისგან საჩუქრად მ/წ 12 მარტს მიიღო და ის ბიუჯეტს 84 800 ლარი დაუჯდა. მერიის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში არაა დაზუსტებული, შსს-ს რომელ ადგილობრივ უწყებას გადაეცა ხსენებული მანქანა.

 

იმ დროს, როცა ქალაქის ხელისუფლება მანქანის  შესაძენად დოკუმენტებს ამზადებდა, დაგეგმილი 3,5 მლნ ლარის ნაცვლად, ბიუჯეტში 700 ათასი ლარი იყო შესული.

 

სამი Chevrolet Cruze ფოთის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 15 მარტს შეიძინეს, იმავე თვის ბოლოს კი შსს-ს გადასცეს.  მერიის ადმინისტრაცია არც ამ შემთხვევებში აკონკრეტებს სამინისტროს რომელ უწყებას გადაეცა მანქანები. „მოვალეობის ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულების მიზნით“- მხოლოდ ეს წერია მერის ბრძანებაში. მ/წ 15 მარტს ფოთის მერიამ მეოთხე - 40 800-ლარიანი “Ford ranger”-იც შeიძინა და ორ თვეში სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადასცა - „შეძენილ იქნას ერთი ერთეული 2010 წელს გამოშვებული ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა “Ford ranger 2.5”. ზემოხსენებული ავტომანქანა დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად, მაღალორგანიზებულად შესრულების მიზნით უნდა გადაეცეს სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციას“ - მითითებულია მერის #187 ბრძანებაში, რომელსაც ხელს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ლაგვილავა აწერს.

მერიის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ცხრილის მიხედვით, ფოთის მთავრობამ მხოლოდ ერთ დღეში, 2010 წლის 15 მარტს, ერთდროულად 4 მანქანა იყიდა, 127 ათასი ლარი გადაიხადა და მოგვიანებით ისინი სხვადასხვა უწყებას გადასცა. მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით, არც ერთი თვის დაგეგმილი ბიუჯეტი არ შესრულებულა. სამი თვის მონაცემებით, ქალაქის ბიუჯეტის დანაკლისმა 900 ათასი ლარი შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლება მომდევნო თვეებში კვლავ გამოთანაბრებითმა ტრანსფერმა იხსნა. 

 

ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ივნისის თვის მონაცემებით, მერიას გადაუხდელი ჰქონდა სამსახურების ოფისის ხარჯი და კომუნალური გადასახადები, ასევე, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯები; სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლები მუშებს ხელფასს ბანკიდან აღებული კრედიტებით უხდიდნენ. 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან 1 ივლისამდე), საბიუჯეტო დანაკლისმა 3 მლნ. 518, 2 ლარი შეადგინა.

 

მანქანებისკარუსელი

ივლისის თვის პირველივე დღეებში ქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ„თავისუფალი სიტყვისათვის“ მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, როგორ აპირებდა ბიუჯეტში არსებული კრიზისული ვითარების დაძლევას, განაცხადა, რომ პროგნოზირებისაგან თავს იკავებს, რადგან საკითხს კარგად არ იცნობს. თუმცა, საკითხის სიღრმისეულ შესწავლამდე ახალმა მერმა თადარიგი დაიჭირა და 15 ივლისს,  77 030 ლარად ღირებული, 2010 წელს გამოშვებული მაღალი გამავლობის ავტომობილი - TOYOTA Land Cruiser Prado შეიძინა. „თანხის ნაწილი ადმინისტრაციის კაპიტალური ხარჯებიდან ავიღეთ, ნაწილი კი მშენებლობის და ინფრასტრუქურის ტენდერებიდან გაკეთებული ეკონომიებიდან დაემატა,“- აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი სულხან თოლორდავა. მისივე განმარტებით, 2010 წლის იანვრიდან, სექტემბრის ჩათვლით, ბიუჯეტში 1 900 000 ლარის დანაკლისია და დაუფინანსებელი სწორედ მშენებლობა-ინფრასტრუქტურის სფეროები დარჩა. 

  

1 ივლისის ბრძანებით, საკრებულოში გადანაცვლებულ ყოფილ მერს, ვანო საღინაძეს, მანქანა მძღოლიანად გაატანეს. სავარაუდოდ, არც ვანო საღინაძემ ისურვა ყოფილი კოლეგის ნაქონი მანქანით სარგებლობა. იმავე დღის ბრძანებით, ფოთის საკრებულოს საკუთრებაში არსებული „Volkswagen Jetta“ სახელმწიფო ნომრით: IES-555  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს გადასცა. ინფრასტრუქტურის სამსახურმა კი, საკუთარი ბალანსიდან, „Volkswagen Jetta“ სახელმწიფო ნომრით: MSM – 070,  ფოთის მერის წერილის საფუძველზე, ვიცე-მერს, ავთანდილ ბაბილუას, სამსახურეობრივი საჭიროებებისათვის მისცა.

 

მოწოდებულ  მასალაში მოხსენიებული არაა Mersedes-Benz-C280 (1999 წ), რომელიც მერის 24 ივნისის #245 ბრძანების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისთვისაა შეძენილი და ერთ-ერთი ადგილობრივი სამსახური სარგებლობს. ამ ჩამონათვალში არც თბილისში „ტოიოტა ცენტრში“ შეძენილი ორი ნაგავმზიდია მოხსენიებული (Toyota dyna და Mitsubishi canter), რომლებიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებითაა შეძენილი და ექსპლოატაციისათვის შპს „ინფრასტრუქტურის“ საკუთრებაშია. 

 

„დიდი მანქანები“ - დიდი პროექტებისა და დიადი მიზნებისთვის

ექსპერტები  აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საბიუჯეტო დაწესებულებების მიერ ძალიან ბევრი ისეთი ხარჯია გაწეული, რაც დეკლარირებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში დაუშვებელია. მით უმეტეს, ფოთის მთავრობას კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი აქვს ხელგაშლილობაზე უარის სათქმელად - ბიუჯეტს ვერ ასრულებს.

 

„ჩვენ ვცდილობთ შემოსავლების მიხედვით ვარეგულიროთ, თუ რისი შეძენა გვინდა. მაგალითად, თუ სამსახურისთვის რაღაც მჭირდება, ვცდილობ ეს ხარჯი გავწიო მაშინ, როცა ბიუჯეტს ამის საშუალება აქვს. მაგრამ თუ ბიუჯეტს თანხა აკლია, დიდ დანახარჯებს თავს ვარიდებთ,“- აცხადებს საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი სულხან თოლორდავა, როცა საუბარია დეფიციტური ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ. მისივე განმარტებით, თანხები ფოთის ბიუჯეტს კი არა, სახელმწიფო ბიუჯეტსაც უჭირს, მაგრამ სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს ხარჯავს პოლიციისთვის და ამაში ქალაქმაც უნდა შეიტანოს წვლილი.

 

„რწმუნებული მხოლოდ ზუგდიდის კი არაა, ფოთისაც არის და რა პრობლემაა, თუკი მას ფოთის ბიუჯეტიდან შევუძენთ მანქანებს?!..  კრიმინოგენული ვითარება, თუ ატყობთ, გამოსწორებულია, ეს პოლიციის დამსახურებაა და რა პრობლემაა, თუკი ქალაქი ხელს შეუწყობს მათ მუშაობას?!“- ასეთი იყო ქალაქის ექს-მერის, ვანო საღინაძის არგუმენტები. შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება საკრებულოს თავმჯდომარეობის შემდეგ, უცნობია, რადგან ის ჩვენს მედიასაშუალებასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

 

ფოთის პერსპექტივებსა და მასშტაბურ პროექტებზე საუბრით დაიწყო  ქალაქის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ პასუხი კითხვაზე: რა აუცილებელი იყო საბიუჯეტო კრიზისის პირობებში ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა? -„ქალაქში უკვე გადათხრილია რამდენიმე ქუჩა, იწყება მასშტაბური პროექტები, რაც დიდ ყურადღებას და კონტროლს მოითხოვს, ამ დიდი პროექტების და უდიდესი შრომის გათვალისწინებით, ფოთში სწორედ დიდი გამავლობის მანქანა იყო საჭირო,“ - აცხადებს ის.

  

ექსპერტების მიერ ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევებზე მუდმივ მითითებებს ხელისუფლებამ კანონში ცვლილებების შეტანით უპასუხა, არამიზნობრივი ხარჯები „დაიკანონა“ და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების და ქვეყნის დეცენტრალიზაციის დეკლარირებული მიზნის მიღწევაში.

 

P.S. ანაკლიაში, ღია ცის ქვეშ,  უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე (03.10.2010), მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს „ბიზნესკლასის სალონიდან ეკონომკლასში გადასვლა“ და  ძვირადღირებულ ავტომობილებზე უარის თქმა ურჩია. პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერიდან დაუქნია თითი იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ვერ უძლებენ ხალხის ხარჯზე, საკუთარი კომფორტის შექმნის ცდუნებას, მაგრამ, ფაქტია, რომ პრეზიდენტის სიტყვა ფოთელ ჩინოვნიკებს არც მუქარად აღუქვამთ  და არც რჩევად. ნომერ პირველ საცდურს, მმართველობის ნებისმიერ დონეზე, კვლავ უცხოური წარმოების, ძვირადღირებული ავტომობილები წარმოადგენს.