ნილ სკოტი: ყოველ წუთს ველოდებით, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოხდება

ნილ სკოტი: ყოველ წუთს ველოდებით, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოხდება

ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის, - ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების საკითხს. 

“როგორც ვიცით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის. ასევე ველოდებით ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას. ზუსტ თარიღებზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ზუსტი თარიღები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს”, - განაცხადა ნილ სკოტმა. 

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.