დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, გამოეგზავნათ სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნებზე, ეუთო/ოდირის უარი იყო ერთადერთი გზა, რათა საკუთარი რეპუტაციული ზიანი თავიდან აერიდებინა.
როგორც მან გადაცემაში „EURO ანატომია“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, უარის მიზეზი ეუთო/ოდირზე განხორციელებული ბულინგია.
„მათ სწორ, სამართლიან დასკვნას ბულინგი მოჰყვა. ეუთოში 57 ქვეყანაა და ქვეყნების სხვადასხვა სპექტრია - რუსეთიდან დაწყებული, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა და აზიის ქვეყნებიც არიან იქ. ამხელა ბულინგის შემდეგ ვინ განაცხადებდა თანხმობას? თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, შესაძლოა ეგ საკითხიც დამდგარიყო, რომ „რატომ წავალ მისიაში, როდესაც მართალს ვიტყვი, გამოვიტან სწორ დასკვნას რეალობიდან გამომდინარე და ამ დროს ისევ იგივე რეაქცია იქნება - ბულინგი, რომ როგორ გაბედე და თეთრზე შავი როგორ თქვი““, - აღნიშნა დიპლომატმა.
წამყვანის კითხვაზე, „ეცდება თუ არა ევრობიუროკრატია, რომ ეუთო/ოდირის ეს გადაწყვეტილება, არ მისია ჩამოვიდეს 4 ოქტომბრის არჩევნებზე, გამოიყენოს იმისათვის, რათა ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნები ან მისი ლეგიტიმაცია“, კონსტანტინე ჟღენტმა უპასუხა, რომ „ნამდვილად ეცდება“.
„მგონია, რომ ორივე შემთხვევაში გამოიყენებდა [მისიის დასკვნას]. ანუ, რომ ჩამოსულიყო მისია და დაედო ობიექტური დასკვნა, ევრობიუროკრატია მაინც იმავეს გააკეთებდა. ისინი თავის რეპუტაციას არ უყურებენ. ისინი რომ თავის რეპუტაციას უყურებდნენ, რამდენი საშუალება იყო იმის, რომ ოდნავ მაინც ობიექტურად რაღაც შეეფასებინათ ჩვენს ქვეყანაში. ისინი არიან ერთ გზაზე დამდგარი და იქიდან გადახვევას არ აპირებენ. რამდენჯერმე დავწერე კიდეც, კუბილიუსის, კაია კალასის და იუკნევიჩიანეს შეცვლა წარმოუდგენელია. ისინი და მისნაირები არ შეიცვლებიან. ყოველგვარი ფაქტების გარეშე როდესაც საუბრობ და ამას მუდმივად იმეორებ ყველა ფაქტზე, რომელიც კი საქართველოში ხდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ მიზანმიმართულად ხდება“, - აღნიშნა მან.