ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა - რომ მჯეროდეს ამ ვერსიის, გეტყოდით კი, რომ არ მჯეროდეს, გიპასუხებდით - არა

ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა - რომ მჯეროდეს ამ ვერსიის, გეტყოდით კი, რომ არ მჯეროდეს, გიპასუხებდით - არა

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყოდით კი, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არა, - ამის შესახებ ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია, რთულია რაიმე ამტკიცო. „ყველას შეიძლება დაემართოს“,- განაცხადა ხაჩიროვმა.

მისივე თქმით, ტატუნაშვილის საკითხით პირადად დაინტერესდა. „მივედი ჩვენს პრემიერთან, ვკითხე, როგორი ვითარება იყო და რატომ არ აბრუნებს ჩვენი მხარე ცხედარს. ამიხსნეს, რომ ამაზე სპეცორგანოები მუშაობენ და ექსპერტიზის საკითხსაც უკავშირდება. ელოდებიან საერთაშორისო ორგანიზაციას, წითელ ჯვარზე საუბარი არ არის. კიდევ სხვა ორგანიზაციაა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ. არ მაქვს კონკრეტული პასუხი, როდის მოხდება ცხედრის გადაცემა“,- განაცხადა ხაჩიროვმა.

შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპ ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. თავად ხაჩიროვმა მის მიმართ გაჟღერებულ ამ ბრალდებას პროვოკაცია უწოდა. 
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.