იგივე რომ გავაკეთოთ თბილისში ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით - თბილისის საკრებულოში რომ ვცემოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გამოვკეტოთ თავმჯდომარე ტყემალაძე კაბინეტში, იქ პოლიცია არ მივიდოდა და არავინ დაისჯებოდა? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს.
ბორჯომის მოვლენების შეფასებისას მელიამ აღნიშნა, რომ ბორჯომის საკრებულოში პოლიცია 10 საათის განმავლობაში არ მისულა, დაძაბული ვითარებისა და ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად.
„გუშინ რაც ვიხილეთ ბორჯომში, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. მეც კი არ მჯეროდა, რომ ეს შეგეძლოთ გაგეკეთებინათ იქ. ერთადერთი თვითმმართველობა, სადაც თქვენ ვერ მოიპოვეთ უმრავლესობა, ეს არის ბორჯომის თვითმმართველობა. გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, დაახლოებით 700 აქტივისტთან ერთად გამოცხადდნენ საკრებულოს შენობაში, დაარბიეს შენობა, ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრს, ამის შემდეგ მოხდა საკრებულოს წევრების ოთახებში გამომწყვდევა და ამის შემდეგ მე, პარლამენტის დეპუტატი ჩავედი ბორჯომში, თუმცა კარგი იქნებოდა არამხოლოდ მე ჩავსულიყავი იქ. ყველაზე შემაშფოთებელი მოცემულობა იყო, როდესაც პოლიციის თანამშრომელი 10 საათის განმავლობაში შენობაში არ იყო. ახლა წარმოვიდგინოთ მოცემულობა - რაც მოხდა ბორჯომში, იგივე რომ გავაკეთოთ თბილისში, ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, თბილისის საკრებულოში რომ მივიდეთ ახლა ყველანი, მივიყვანოთ 500-600 ადამიანი, ვცემოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გამოვკეტოთ თავმჯდომარე ტყემალაძე კაბინეტში“, - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას შერჩევითი მიდგომა აქვს.
„ეს არის შერჩევითი! დაადასტურეთ, რომ შერჩევითი მიდგომა აქვს თქვენს პოლიტიკას. ზუსტად ეს გააკეთეს გუშინ. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, თქვენი აქტივის დიდმა რიგმა“, - აღნიშნა მელიამ.