ბორჯომის საკრებულოში გუშინდელი მოვლენები თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული

ბორჯომის საკრებულოში გუშინდელი მოვლენები თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბორჯომში მიმდინარე პროცესებში ყველა კონსტიტუციური ორგანო იყო ჩართული და მათი, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი უწყებების მიზანი იყო, რომ ადგილზე მიმდინარე პროცესებს, უმართავი სახე არ მიეღო.

გაბუნიამ ბორჯომში მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციის განცხადებებს კომიტეტის სხდომაზევე უპასუხა და აღნიშნა, რომ ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე დისკუსიის საკითხის დაყენებით, ოპოზიციამ პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია.

„კომიტეტის სხდომა მოიწვევა ერთი კვირით ადრე, მაგრამ, ამავდროულად, პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლებამოსილება, რომ წერილობით მიმართოს კომიტეტს, თუკი მას რაიმე ახალი საკითხის შემოტანა სურს დღის წესრიგში რეგლამენტის დაცვით. ამიტომ ვერც ერთ შენიშვნას ვერ მივიღებთ იმაზე, რომ კომიტეტი არ ფიქრობს მნიშვნელოვან საკითხებზე, არ საუბრობს და განცხადებებს არ აკეთებს. თქვენ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანის ლეგიტიმური უფლება გქონდათ და არ გამოიყენეთ. ახლა ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით თქვენი ფლანგიდან ბატონო ნიკა, რეგლამენტის დარღვევას. აქ იქნა აღწერილი გუშინდელი მოვლენები და სამწუხაროდ, ეს მოვლენები, თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული. ყველა უწყება ჩართული იყო ამ პროცესში, რომელთა მიზანი და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიზანი იყო იქ მიმდინარე პროცესებს არ მიეღო უმართავი სახე. ის, რომ საქმე აღძრულია, ამას ნიშნავს სწორედ“, - მიმართა გაბუნიამ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას და აღნიშნა, რომ ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება გუშინ ნიკა მელიას და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა, რამაც საფუძველი დაუდო ესკალაციას.

გაბუნიას სწორედ აღნიშნული განცხადების შემდეგ მოხდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა.