სააკაშვილი და ორასოთხი მაგიდა

სააკაშვილი და ორასოთხი მაგიდა

ნაციონალური მოძრაობის წევრები 30 აგვისტოს რესპუბლიკის მოედანზე სახელმძღვანელოების დარიგებას აპირებდნენ, თუმცა ხელისუფლებამ მათ ამის უფლება არ მისცა.

დღეს რესპუბლიკის მოედანზე „შავნაბადას“ ბატალიონის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ამერიკის ელჩი საქართველოში - რიჩარდ მაილსი დაესწრებიან.

„ალია“ დაინტერესდა, სად, როგორ დაურიგებენ სახელმძღვანელოებს პირველკლასელებს და მიიღებს თუ არა ამაში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა.

ამასთან დაკავშირებით ვანო ზოდელავამ თავის დროზე მათემატიკური გათვლებიც ჩაატარა და დაიანგარიშა, რომ რესპუბლიკის 13 ათასი პირველკლასელისთვის წიგნების დარიგებას, სულ მცირე ცხრა დღე მაინც დასჭირდებოდა. მერე, როგორც სჩანს, თავის „აღმოჩენების“ შესახებ სააკაშვილსაც აუწყა და მიშაც დათმობაზე წავიდა.

„ალია“ ვანო ზოდელავას  ესაუბრა:

- ისე სახელმძღვანელოები, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ფენებს უნდა დაურიგდეს, თორემ ჩემს შვილს და მიშას შვილს უფასო წიგნები ნამდვილად არ სჭირდებათ. ამ წიგნების რესპუბლიკის მოედანზე დარიგება ხომ საერთოდ დიდი სისულელე იყო.

პირველკლასელებს წიგნები სკოლაში დახვდებათ?

- რა თქმა უნდა, ამას ქალაქის განათლების სამმართველოსთან ერთად მოვაგვარებთ. დირექტორები გავაფრთხილეთ და კუთვნილ წიგნებს თვითონ წაიღებენ. ქართველი კაცი ოდითგანვე ბრძენი იყო და წინასაარჩევნო პერიოდში პოპულიზმით და პროპაგანდით ვერ მოატყუებენ!

ისე, მაგაზე გამახსენდა - მარიამობისთვის კლიპი თქვენც დაატრიალეთ!

- კი, მაგრამ ეს ბლოკის პროპაგანდა არ იყო, უბრალოდ თბილისელებს მარიამობა მივულოცეთ და ამის უფლება მქონდა.

საკრებულოები ამაში მონაწილეობას მიიღებენ?

- მათი ნებაა, მოვიდნენ, მოულოცონ, ბავშვებს ხელი ჩამოართვან და მოესიყვარულონ და როცა იძახიან, რომ ეს წიგნები სკოლაში დაიკარგება და იქიდან ბაზრობაზე გაიტანენ, კარგად დაფიქრდნენ და პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს შეურაცხყოფას ნუ აყენებენ.

რადგან მიხეილ სააკაშვილი თბილისში არ იმყოფება, „ალია“ საკრებულოს თავჯდომარის აპარატის უფროსს - გიორგი არველაძეს ესაუბრა.

მისი განცხადებით ეს წიგნები სამი დღეა, ქალაქის „ბიბლკოლექტორში“ ინახება და არც გამორიცხავს, რომ იქ „დაამწნილონ“ და უწიგნოდ დარჩენილი მშობლები იძულებულები გახადონ, ბაზრობებს მიმართონ.

ამ წიგნების დარიგება მთავრობამ აიღოს თავის თავზე და დროზე რომ არ დაფასოვდეს, თქვენ უკვე პასუხს აღარავინ მოგთხოვთ.

- ჩვენ ყველაფერი გავამზადეთ და ერთმა ბავშვმაც რომ მაინც არ მიიღოს, მთელი პასუხისმგებლობა, მთავრობას და შევარდნაძეს დაეკისრება.

ფაქტია, რომ სააკაშვილი დათმობაზე წავიდა! თან რომ დაფიქრდე, ამდენი ათასი პირველკლასელის მოყვანა რესპუბლიკის მოედანზე ცოტა უხერხული ხომ არ იყო?

- ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ღონისძიება, მთელს რესპუბლიკის მოედანზე იდგმებოდა 204 მაგიდა, ანუ თითოეულ სკოლას ექნებოდა თავისი მაგიდა, რაიონების მიხედვით დაყოფილი. თითოეულ სკოლაში იყო მაქსიმუმ 100 პირველკლასელი.

ზოდელავას გათვლაზე რას იტყვით?

- აბსურდია, ალბათ ზოდელავამ იფიქრა, რომ 13 ათასი ბავშვს წიგნებს ერთი ადამიანი დაურიგებდა. მშობელი უმალ დაინახავდა თავის სკოლის ნომერს, მივიდოდა და თითო მაგიდა მოემსახურებოდა 100 ბავშვს, ყველა მაგიდას ექნებოდა მოსწავლეთა სია და თითოეულ ბავშვს - ქვითარი, დირექტორის ხელმოწერით, რომელიც უკვე დარიგებულია. ძალიან მარტივი ღონისძიება იყო. ყველა ერთად ხომ არ მოვიდოდა, თითოეულ ადამიანს ნახევარი საათი დასჭირდებოდა. „რიგიან-ყველაფრიანად“. გარდა ამისა რესპუბლიკის მოედანზე შუაში იქნებოდა სცენა, სადაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოდგენას გამართავდნენ, იქნებოდნენ ჯამბაზები, ცირკის ჟონგლიორები და მოაწყობდნენ სასიამოვნო შოუს ბავშვებისათვის. ასე რომ, ხელისუფლებამ შეგნებული პანიკა დათესა და მშობლებს უარყოფითი ემოცია გაუჩინა, თითქოს ეს იყო რეკლამა და ასე შემდეგ...

თორემ ასე იყოს?

- რანაირად იყო, დამიმტკიცე!

რა დამტკიცება უნდა, ელემენტარულად სააკაშვილმა მაგაზე საარჩევნკლიპი გააკეთა.

- ეგ არის თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამა, ამის თაობაზე მოსახლეობას ინფორმირებულობის შესახებ. დიახაც, ყველა მოქალაქისათვის უნდა შეგვეტყობინებინა და ნაციონალური მოძრაობა არსად არის ნახსენები.

მართალია, მხოლოდ სააკაშვილი ჩანს!

- სააკაშვილი საკრებულოს თავჯდომარეა, დიდი ბოდიში!

საკრებულოში სხვა წევრებიც არიან და ამაზე კამათი აღარ არის საჭირო. მე მაინტერესებს საკრებულოს წევრები თუ მიიღებენ მონაწილეობას

- საკრებულოს წევრები გააკონტროლებენ და უკვე ვაკონტროლებთ. ხომ ხედავთ ორი დღეა, არაფერი გაუკეთებიათ. მაგ წიგნებს გაანაწილებენ და როცა აყიდინებენ ბავშვებს, მერე მისცემენ. ჩეენ ყველა სკოლას მოვივლით და შევამოწმებთ, რომელიმე ბავშვს წიგნი ხომ არ დააკლეს.

სხვათა შორის, დღეს გიორგი არველაძე კანცელარიაში იყო და პრეზიდენტს სააკაშვილის წერილი დაუტოვა. სამწუხაროდ, მისი ასლი არველაძეს არ აღმოაჩნდა და დაახლოებით ასეთი რამ მოგვიყვა: “მე ვიცი, რომ ნაციონალური მოძრაობა და მე თქვენში მხოლოდ უარყოფით ემოციებს აღვძრავთ. არც ჩვენ გვეხატებით გულზე, მაგრამ  რაც ახლა თქვენი მითითებით წიგნებთან დაკავშირებით ხდება, ყოვლად აღმაშფოთებელია“.