ჩვენ ნამდვილად არ მოვდიოდით იმ ფორმატით, რომ გვქონოდა სპარინგი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გენერალურმა დირექტორმა, ინგა დადიანმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
როგორც ინგა დადიანმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მას არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება რჩება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის ერთ ფრაზას მოვიშველიებ, რომ სარეკლამო ბაზარზე დიდი გავლენას არ მოხდენს კომერციული რეკლამის გაზრდის ცვლილებაო, ამ შემთხვევაში, მინდა შეკითხვა დაგისვათ თქვენ და საპარლამენტო ურავლესობიდან იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მიეცით ამ ცვლილებებს, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია გარანტირებული ბიუჯეტი სახელმწიფოდან და თვითონვე ამბობს, რომ ცვლილებებით საუბარია დაახლოებით 2 მილიონზე, რომელიც ამ ბაზარზე დიდ გავლენას ვერ არ მოახდენს, მაშინ რა არის ამაში, რომ ეს ცვლილება მაინცდამაინც უნდა გავიდეს? ვის რას აძლევს ეს 2 მილიონი? თუ მეორე მხარეს, რჩება ის კომერციული არხები, რომლებიც ამ ფულისთვის იბრძვიან და ეს არის მათთვის საარსებო წყარო. ეს 2 მილიონი 20 -22 რეგიონული არხის ფულია“, - განაცხადა დადიანმა.
მანვე შეკითხვით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ სინამდვილეში საუბარია არა 50, არამედ 39 მილიონ ლარზე.
ინგა დადიანი ვასილ მაღლაფერიძეს შეეკითხა დააკონკრეტოს, რა თანხაა ეს, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ მიმდინარე წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 53 მილიონ ლარამდეა.