პარლამენტის თავმჯდომარე არის დესტრუქციული პერსონა, რომელიც დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერება

პარლამენტის თავმჯდომარე არის დესტრუქციული პერსონა, რომელიც დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერება

პარლამენტის თავმჯდომარე არის დესტრუქციული პერსონა, რომელიც დაკავებულ თანამდებობას ნამდვილად არ შეეფერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დატოვების შემდეგ განუცხადა. 

ჯანგირაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წლის შემდეგ სარეკლამო ბაზარი რადიკალურად არის შემცირებული და ეს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის ოფიციალური მონაცემებით დასტურდება. 

„პარლამენტის თავმჯდომარემ სათქმელი არ მათქმევინა. საუბარი ორი წინადადების შემდეგ გამაწყვეტინა და აზრის დასრულების საშუალება არ მომცა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ – კაცმა ათი-თხუთმეტი წუთი მეძახა, რომ ვატყუებ! სინამდვილეში ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები წარმოადგინა. მან თქვა, რომ სარეკლამო ბაზარი ბოლო წლებში იზრდებოდა. ჩვენ მოვიტანეთ მონაცემები, რომ ბაზარი 2014 წლიდან იკლებს, ხოლო მანამდე იყო მზარდი. ამაზე მეცა, გამაჩუმა, არ მალაპარაკა და თვითონვე თქვა, რომ ბაზარი 2013 წლამდე იყო მზარდი. ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის ამ კანონის ლობისტი. კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ახდენდა ზეწოლას, მან დეპუტატებს ჩატში ჩაუყარა მოწოდებები, რომ ხმა მიეცათ ამ კანონისათვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯანგირაშვილმა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა და „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამას წინ უძღოდა ჯანგირაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის კამათი.