იუნესკოს (მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის) საბოლოო დასკვნის ქართული თარგმანი, რომელიც ბრაზილიაში ჩატარებული 34–ე სესიის შემდეგ, იუნესკოს საიტზე ინგლისურ ენაზე დაიდო (http://whc.unesco.org/en/sessions/34COM/documents) და 25ივლისი–3 აგვისტოთია დათარიღებული, პრესა.გე–ს მოაწოდა არქიტექტორ–რესტავრატორმა ნატო ცინცაბაძემ, რომელიც ამავდროულად იკომოსის ეროვნული კომიტეტის – იკომოსი–საქართველოს წარმომადგენელია.
მისი განმარტებით, იუნესკოს დასკვნის ქართულად გადათარგმნაზე, იკომოსი–საქართველოს თანამშრომლები მუშაობდნენ, რისი მიზანიც ისაა, რომ დოკუმენტი დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
დასკვნის ქართულად გადათარგმნაზე მუშაობა ერთი თვის წინ დასრულდა და უახლოეს დღეებში იკომოსის – ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობა თავის ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს.
მანამდე, პრესა.გე გთავაზობთ ამონარიდებს იუნესკოს დასკვნის ქართული, 9–გვერდიანი თარგმანიდან. მას შემდეგ, რაც დასვნას ქართველი სპეციალისტები გაეცნობიან, შემოგთავაზებთ მასალას, რომელშიც წაიკითხვათ მათ შეფასებებს (რასაკვირველია, თუ ამის სურვილი ექნებათ), ამ დასკვნასთან დაკავშირებით.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ 12 ოქტომბერს, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა, რაინერ ბარტელმა, ატენის სიონის ირგვლივ საჯარო ლექცია წაიკითხა, პრესა.გე–მ, შესვენების დროს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, სიძველეების მოყვარულად ცნობილ ნიკა ვაჩეიშვილს ჰკითხა, იუნესკოს საბოლოო დასკვნის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია. პასუხად მივიღეთ ეს – “რა ვიცი, არ ვიცი, გამოქვეყნდა?..“ მან ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და ზურგი შეგვაქცია.
გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია, რომ იუნესკო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნის მიერ ძეგლზე განხორციელებულია შეუქცევადი ჩარევები.
იუნესკო საქართველოს მოუწოდებს:
დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბაგრატის კათედრალზე მიმდინარე ყველა სამუშაო, რაც საფრთხეს უქმნის ძეგლის გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას, ინტეგრულობასა და ავთენტურობას; ასევე მოუწოდებს საქართველოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულების, ინტეგრულობისა და ავთენტურობის დასაცავად; უზრუნველყოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგი და შესწავლა; უზრუნველყოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის ისტორიულ ძეგლთა გრძელვადიანი კონსერვაცია და გამაგრება.
იუნესკო საქართველოს ასევე მოუწოდებს დაიწყოს კონსულტაციები საერთაშორისო ინჟინერ-რესტავრატორებსა და არქიტექტორ-რესტავრატორებთან, რათა განიხილონ, როგორ შეიძლება, სრულად ან ნაწილობრივ, გამოსწორდეს უკვე განხორციელებული ჩარევები და უზრუნველყოფილ იქნას ბაგრატის კათედრალის ნანგრევების სრული კონსოლოდაცია:
“ითვალისწინებს რა, რომ წევრმა ქვეყანამ არ შეასრულა კომიტეტის 33COM 7B.103
გადაწყვეტილების ყველა მოთხოვნა, რის გამოც ძეგლი საფრთხეშია (მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV. B-ის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი შევიდეს საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“.
იუნესკო თავის დასკვნაში ასევე აქვეყნებს “დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ცვლილებების“ განრიგს და ამასთან, საქართველოსგან მოითხოვს:
“მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს 2011 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს ძეგლის კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში, მენეჯმენტის გეგმის პროექტის 3 ნაბეჭდი ეგზემპლარისა და ელექტრონული ვერსიის ჩათვლით, რომელიც განხილულ იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესიაზე 2011 წელს.
იმის გათვალისწინებით, რომ თუ ბაგრატის კათედრალზე სარეკონსტურქციო სამუშაოები გაგრძელდა, ძეგლი, (კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV. C -ის შესაბამისად, შესაძლოა, საბოლოოდ, ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან“.