ყველა ქვეყანაში აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს დიდი უფლებამოსილება და იმისათვის, რათა მიღწეული იყოს ბალანსი და ურთიერთკონტროლი, საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის, ”საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში” პრეზენტაციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”აშშ მხარს უჭერს ძლიერ და მტკიცე დემოკრატიას საქართველოში. ამის მისაღწევად აუცილებელია საპარლამენტო ზედამხედველობა. განსაკუთრებით კი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანაში აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს დიდი უფლებამოსილება და შესაბამისად, იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ბალანსი და ურთიერთკონტროლი, საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ამ საკითხის განხორციელებაში”, - განაცხადა იან კელიმ.