სააკაშვილი უკანონოდ შემოიჭრა ჩვენთან, ამიტომ ლოგიკური იყო, რომ უკრაინამ გააძევა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე

სააკაშვილი უკანონოდ შემოიჭრა ჩვენთან, ამიტომ ლოგიკური იყო, რომ უკრაინამ გააძევა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრის დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაძევება პოლონეთში სრულიად კანონიერი იყო.

ლუბინეცის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საშუალება მიეცა, სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაეცვა თავისი უფლებები, თუმცა სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე მისი ყოფნის კანონიერი საფუძველი ვერ დაინახა.

"გუშინ ჩატარდა პროცედურა სრულიად კანონიერად, ვინაიდან ბატონი სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთიდან, აბსოლუტურად უკანონოდ მოხვდა. მას საშუალება მისცეს აბსოლუტურად ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა თავისი უფლებების დაცვა. ყველა პროცედურა გაიარა, მაგრამ სასამართლომ ვერ ნახა კანონიერი საფუძველი, რომ ის იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე. ის უკანონოდ შემოიჭრა პოლონეთის ტერიტორიიდან, ამიტომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ უკრაინამ სასაზღვრო ძალების გამოყენებით გააძევა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე. მე რამდენადაც ვიცი, მისი ყოფნა ევროკავშირის ტერიტორიაზე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მისი მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქეა, შესაბამისად, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს იმყოფებოდეს როგორც პოლონეთის ტერიტორიაზე, ისე, თუ მოინდომებს, გადავიდეს ჰოლანდიაში",- განაცხადა ლუბინეცმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს გავლენა უკრაინაში ბოლო პერიოდში ძალიან მაღალია, თუმცა დაკავშირებულია არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელთან, არამედ იმ საქმიანობასთან, რასაც ქართველები უკრაინაში ეწევიან.

"მე შემიძლია უკრაინის მთელი პარლამენტის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარების გამო, რომელსაც ჩვენ ქართველების მხრიდან ვიღებთ. უკრაინა-რუსეთის ომის პირველ დღეებში ქართველი ბიჭები პირველები იყვნენ, ვინც ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდნენ",- დასძინა დმიტრო ლუბინეცმა.