V–III საუკუნეების  კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!!

V–III საუკუნეების კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!!

ბათუმის ფიჭვნარში არსებული საგანგაშო ვითარების ირგვლივ ინფორმაცია პრესა.გე–ს რამდენიმე წუთის წინ, “რესპუბლიკური პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურმან დუმბაძემ მოაწოდა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სექტემბერში, მიხეილ სააკაშვილმა, ქობულეთის ფიჭვნარში, სასტუმრო კომპლექსის ამშენებელ ინვესტორებს პირობა მისცა, რომ მიწის უფასოდ გადასცემდა და ამასთან, 15 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლებდა, რასაც მურმან დუმბაძე “უაზრო გადაწყვეტილებად“ აფასებს, რაც მისივე განმარტებით, მდიდრებს არაკონკურენტულ, პრივილეგიურ რეჟიმში აყენებს, ხოლო ღარიბებს კიდევ უფრო აღარიბებს.

მურმან დუმბაძე: “მაგრამ ეს არადეკვატური გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი მხარეა. ქობულეთის ფიჭვნარი არქეოლოგიური სამეცნიერო კვლევისთვის უმდიდრეს მასალას წარმოადგენს. კერძოდ, ამ ტეროტორიაზე კვლევები დაიწყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან; დაგროვილია უზარმაზარი არქეოლოგიური მასალა და შესაბამისი სამეცნიერო შრომები, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე, რომლითაც პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ეს ტერიტორია ძველი წელთააღრიცხვით მეხუთე–მესამე საუკუნეებში, მაშინდელი კოლხური კულტურის და ელინური კულტურის შეხვედრის ადგილია, რაც თავისთავად სხვა კულტურებთანაც კონტაქტების საფუძველი ხდებოდა.

გამომდინარე აქედან ამ ტერიტორიის მიმართ დაინტერესება დიდია, როგორც უცხოელი, ასევე  ადგილობრივი მკვლევარების მხრიდან. ბოლო 13 წელია გათხრებს აწარმოებს ბრიტანულ-ქართული სამეცნიერო ექსპედიცია. უკვე აღმოჩენილი უმდიდრესი მასალა, საფუძველს გვაძლევს ახალი აღმოჩენებისთვის, რაც ხელს შეუწყობს თავისთავად არაერთი არქეოლოგიური პრობლემების ახლებურ გააზრებას და  რომლის ღირებულება განსხვავებით სასტუმროებისგან, ლარებში არ იზომება.

დღეს ამ ადგილზე ბულდოზერები მუშაობს. ჩვენ არ მივმართავთ არაადეკვატურ პრეზიდენტს – დრო მოვა და მას პასუხს მოვთხოვთ საქართველოს ძველი ისტორიის კვალის ხელოვნური განადგურებისთვის. აქ იკვეთება პერსონალიზაციის საკითხი – გვაინტერესებს, ქვეყანა და განსაკუთრებით მისი მეცნიერება გამოვიდა თუ არა გასული საუკუნის 30-იანი წლეებიდან, ამიტომ მივმართავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტს,

ნიკო ბერძენიშვილის არქეოლოგიის ინსტიტუტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებს – ფიჭვნარი გადასარჩენია“.