ყვითელი ავტობუსების ბედს სამარშრუტო ტაქსებიც გაიზიარებენ

ყვითელი ავტობუსების ბედს სამარშრუტო ტაქსებიც გაიზიარებენ

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსების მარშუტები შეიკვეცა, რამდენიმე მარაშრუტო ხაზი კი საერთოდ გაუქმდა. საკრებულოს წევრები ამ გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ აქამდე მოქმედი ხაზების მარშრუტის სიგრძე არარეალურად იყო გაზრდილი და ამის გამო, სახელმწიფო სოლიდურ ზარალს ნახულობდა. გარდა ამისა, მაგალითად მოჰყავთ ევროპული ქვეყნების, თუნდაც  გერმანიის გამოცდილება, სადაც დიდ ქალაქებში საავტობუსო მარშრუტები საკმაოდ მოკლეა, თუმცა გერმნიაში ტრანსპორტი იმდენად ზუსტ გრაფიკში მოძრაობს, რომ ამით მგზავრებს პრობლემები არ ექმნებათ.

 

თბილისელების დიდი ნაწილი საკრებულოს აღნიშულ გადაწყვეტილებას მხარს ორი მთავარი მიზეზით არ უჭერს. 1. შორ მანძილზე მიმავალ ადამიანს რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევს, რაც აუცილებლად გაზრდის მის ყოველდღოურ ხარჯებს. 2. ტრანსპორტის ხშირი ცვლის და სხვა ავტობუსის მოლოდინის გამო, დაიკარგება ბევრი დრო, რაც შესაძლებელია მოქალაქეებს სამსახურში დაგვიანებად და ამის შემდეგ, სამსახურის დაკარგავადაც კი დაუჯდეთ.

 

ჩვენ მიერ გამოკითხული ავტობუსის მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა რეისების შეკვეცის ფაქტს აპროტესტებს. უფრო მეტიც, ფაქტობრივად ვერ ვნახეთ ერთი მგზავრიც კი, რომელიც მიესალმებს საკრებულოს აღნიშნულ ინიციატივას. თბილისელი მასწავლებელი, 3 შვილის დედა, გიული ედიშერაშვილი, ყველაფერს მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის შევსების სურვილს უკავშირებს.

 

გიული ედიშერაშვილი: “მე და ჩემი ქმარი ოჯახის შემოსავალს ყოველი თვის დასაწყისში ისე ვანაწილებთ, რომ საჭმელშიც გვეყოს, გადასახადებშიც და მგზავრობაშიც. თვის ბოლოს თითქმის არასოდეს გვრჩება “ზედმეტი ფული“. ახლა კი, რაკი ერთი ადგილიდან მეორეგან მისასვლელად ორმაგი და სამმაგი ხარჯი გვექნება, ბუნებრივია, ჩვენი შემოსავალი ვერ გასწვდება ყველაფერს. სახლში კი ვერ დაჯდები, რადგან სახლში ჯდომით, საჭმლის ფულსაც კი ვერ იშოვი. მერიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიღო, რომ წლის ბოლოა, ბიუჯეტში თანხები შემოელიათ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამატებითი სახსარი ნახონ. ამისათვის კი, აგერ არ ვართ უბრალო ხალხი? ჩვენზე ადვილი გასაყვლეფი ვინაა?“

 

საავტობუსო ხაზების შეკვეცა–შემცირების გადაწყვეტილების დადებით მხარეზე საუბრისას, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაუქმებული ხაზებიდან დარჩენილი ავტობუსები სხვა ხაზებს დაამატეს და დარჩენილ მოკლე მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბევრად უფრო ნაკლები დროის შუალედით ივლიან, ვიდრე აქამდე იყო, რაც მგზავრებს დროის ეკონომიას გაუკეთებს.

 

ხელისუფლების ეს არგუმენტები ერთი შეხედვით ლოგიკური და გასაგებია, თუმცა სატრანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტები, აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩების სივიწროვე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ  ძალიან მოკლე დროის შუალედში მოძრავი ბევრი ავტობუსი “აიტანოს“.

 

იური ბენდელიანი, სატრანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტი:  - “ავტობუსები რაც ნაკლებ შუალედში ივლიან, ეს ერთი შეხევდით მგზავრობას მართლა გააადვილებს, მაგრამ არავინ საუბრობს იმ დაკარგულ დროზე, რაც მგზავრებს ტრანსპორტის გამოცვლის შემთხვევაში მოუწეს. მაგალითად, საავტობუსო რეფორმის შემდეგ, გლდანიდან ორთაჭალაში მიმავალმა ადამიანმა სამი,  ან ოთხი ავტობუსი უნდა გამოიცვალოს, როდესაც აქამდე მაქსიმუმ 2 ტრანსპორტი სჭირდებოდა.

 

ზედმეტად გადახდილ ფულსაც რომ თავი დავანებოთ, მგზავრს 4–ჯერ მოუწევს ავტობუსის გაჩერებაზე დგომა, რაც ძალიან დიდი დროის დაკარგვად დაუჯდება. მალე დადგება ზამთარი და ეს პრობლემა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. ავტობუსის გაჩერებაზე, სიცივეში დღეში 7–6–ჯერ დადგომა სულაც არ იქნება ადვილი.

 

ხელისუფლების წევრებისათვის შესაძლებელია არაფერს ნიშნავს მსგავსი საკითხები, რადგან მათ არც ავტობუსის გაჩერებაზე უწევთ დგომა და არც გადაჭედილ ავტობუსებში სხედან ყოველდღე.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ საავტობუსო ხაზების მარშრუტების დამოკლების შემდეგ, ავტობუსები სხვა ხაზებს დაემატება და საქალაქო ტრანსპორტი ძველებურად აღარ გადაიჭედება

 

– ხაზების შემცირების შემდეგ, შესაძლებელია მართლაც განტვირთოს ავტობუსები, რაც ნამდვილად კარგია, მაგრამ მოდით ამას მეორე მხრიდან შევხედოთ. თბილისის ქუჩები დიდი ნაწილი ვიწროა და საცობების მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ეს სივიწროვე გახლავთ. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ავტობუსები გაბარიტებით საკმაოდ დიდები არიან, იმ შემთხვევაში თუ ისინი მცირე შუალედით ივლიან, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობა შეიქმნება თუნდაც “ნახალოვკაში“, ანდა აღმაშენებლის გამზირზე? ამ ყველაფერს წინასწარ შესწავლა და ანალიზი სჭირდება, რასაც საქართველოში სამწუხაროდ არავინ აკეთებს.

 

როგორც ამბობენ, სულ მალე სამარშრუტო ტაქსებსაც ავტობუსების ბედი ელით და შესაძლებელია ბევრი ხაზი გაუქმდეს ან შეიკვეცოს. თქვენი აზრით, საბოლოოდ რას გამოიწვევს ეს ცვლილება?

 

– სამარშრუტო ტაქსები სულ მალე თბილისში მთლიანად მერიის დაქვემდებარებაში გადავა და კერძო მანქანებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ დაუშვებენ ხაზებზე. ეს მაშინ, როდესაც ბევრ მძღოლს სამარშუტო ხაზებში ავტომანქანაზე ბევრი ფული აქვს გადახდილი და კარგი და ახალი მანქანის ყიდვა თუნდაც იმიტომ ვერ შეძლეს, რომ მთელი ფული სამარშრუტო ხაზში გადაიხადეს. ხელისუფლებას შემოჰყავს ახალი სამარშუტო ტაქსები, სადაც დღეს თბილისში მომუშავე სამარშრუტო ტაქსის მძღოლების ალბათ მხოლოდ 15–20% დაასაქმებენ.

 

გარდა ამისა, ხაზებზე დატოვებენ იმ მძღოლებს, რომლებაც ჭკუა იხმარეს და ახალი მანქანების შეძენა მოახერხეს. დანარჩენები კი უმუშევრობისათვის არიან განწირულები, რადგან საქალაქთაშორისო რეისები უკვე მთლიანად ხელისუფლების ხელშია, საქალაქო ტრანსპორტიც თანდათან მერიას დაექვემდებარება და ფაქტობრივად აღარ დარჩება ნიშა, სადაც სამარშრუტო ტაქსის მქონე მძღოლს დასაქმება შეეძლება.

 

თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება მსგავსი ღონისძიებები?

 

– სხვა ქალაქების შესახებ ინფორმაცია მცირე მაქვს, თუმცა თბილისის იმით განსხვავდება ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებისაგან, რომ აქ რამდენიმეჯერ მეტი მძღოლია დასაქმებული და სატრანსპორტო დაუგეგმავობა სხვა ქალაქებს ისე არ აწუხებთ, როგორც დედაქალაქს.

 

ცოტა ხნის წინ, ქუთაისშიც იყო სამარშრუტო ხაზებთან დაკავშირებული პრობლემები და ქუთაისელი მძღოლები თბილისშიც კი ჩამოვიდნენ საპროტესტო აქციის ჩასატარებლად. რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები თავიანთ ძველ ხაზებზე ისევ მუშაობენ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თბილისის შემდეგ, ხელისუფლებამ ბათუმში, ქუთაისში, გორში თუ სხვა ქალაქებშიც დაამყაროს მათი აზრით “წესრიგი“.

 

თქვენ ხშირი კონტაქტი გაქვთ მძღოლებთან. როგორია მათი დამოკიდებულება ბოლოდროინდელ ცვლილებებთან მიმართებაში?

 

– მძღოლებს ერთადერთი რაც უნდათ,  ეს ის არის, რომ სამსახური არ დაკარგონ და მშივრები არ დარჩნენ ქუჩაში. საქართველო რომ ამერიკა იყოს, მძღოლების ძლიერი პროფ–კავშირის არსებობასაც აზრი ექნებოდა და მათ აზრსაც გაითვალისწინებდა ვინმე, მაგრამ საქართველოში ყველაფერი ისე წყდება, როგორც ხელისუფლებაში მყოფ რამდენიმე ადამიანს სურს და ეს მძოლებმაც კარგად იციან.