საკონსტიტუციო სასამართლოში კომუნალური სარჩელები შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში კომუნალური სარჩელები შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების რიგი დადგა. რესპუბლიკელები და ლეიბორისტები კომუნალური გადასახადების ახალი სისტემის გასაჩივრებას ერთმანეთს ასწრებენ.  ოღონდ ლეიბორისტები საქართველოს პარლამენტს უჩივიან, ხოლო რესპუბლიკელები სემეკის აქტების გასაჩივრებას აპირებენ.

 

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი კომუნალური გადასახადების დაფარვის ახალი წესის სამართლიანობას, საკონსტუტიციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  ხიდაშელისთვის გაუგებარია დამოუკიდებელი სამი კომპანიის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობისგან კომუნალური გადასახადების ამოღება, ახალი წესით უნდა მოხდეს.

 

”ბევრ ადამიანს სასამართლოში აქვს დავა წყლის დავალიანების გამო და ეს დავები, ხშირად, თვეობით გრძელდება. საინტერესოა, რა მიზეზით მოხდება ასეთ შემთხვაში, მოქალაქისათვის რომელიმე მომსახურების შეწყვეტა. ვთქვათ, წყლის დავალიანების გამო, ”თელასის” მიერ ელექტროენერგიის გათიშვა”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია შესაბამის აქტებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, რომლებსაც რესპუბლიკელები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

რესპუბლიკელების დარად, პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოში გაემართნენ ლეიბორისტებიც. მთავარმა მშრომელებმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინაარმდეგ სარჩელი უკვე შეიტანეს.

 

როგორც ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განაცხადა, პარტია სამართლებრივი გზით შეეცდება, რომ პარლამენტს კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებული კანონი გააუქმებინოს.

 

”პარლამენტმა მიიღო კანონი და სემეკს დაავალა ერთიანი საგადასახადო სისტემის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ერთი ნებისმიერი კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში სხვა კომუნალლური მომსახურება შეუწყდება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, კანონი არავითარ შემთხვევაში არ აამოქმედონ და ვაფრთხილებთ, თუ ეს მაინც ასე მოხდება, მასშტაბურ საპროტესტო ტალღას მიიღებენ, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი გადაჰყვება”, - აცხადებს კახა ძაგანია.

 

რამდენიმე დღის წინ კი ლეიბორისტური პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ ამ წესით გადასახადების გადახდაზე უარი თქვან და საერთო საგადასახადო დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ. ნათელაშვილის აზრით, საგადასახადო დაუმორჩილებლობა უკვე შემდგომ გახდება საერთო დაუმორჩილებლობის გამოცხადების საფუძველი, რა გზითაც ხელისუფლება შეიცვლება. 

 

კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში მოხდება. ცვლილება, სავარაუდოდ, ნოემბრიდან ამოქმედდება. სემეკის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა და ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.

 

”ადმინისტრატორს ევალება აბონენტისთვის ერთიანი ქვითრის წარდგენა, რომელშიც, დანატილი იქნება ელეტრონერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი. კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება ბუნებრივი აირის გადასახადს არ შეეხება”, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.