"კრიტიკულია კითხვა, როდესაც პრემიერს უნამუსოს უწოდებთ", - აღნიშნული კითხვით ჟურნალისტებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას გუშინდელი ინციდენტის გამო მიმართეს.
ნიკა მელიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ", პრემიერმა კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნეს და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს.
"მე მაპატიეთ, მაგრამ აბა, რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით და შიმშილობს მოსახლეობის უმეტესობა და შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონებები დაუყადაღდათ, და იმედიც არ აქვთ, ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრის ხვა მიზეზის ფონზე რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვილი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გემაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ ჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა ქუჩებში ჩანს ეს. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა", – განაცხადა მელიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, კრიტიკულია თუ არა კითხვა, როდესაც ის პრემიერს უნამუსოს უწოდებს, ნიკა მელია პასუხობს:
"კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და ერცერთ კითხვას პასუხს არ ცემს, ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთონ ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში. რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ", – აცხადებს მელია.