წიწამურის დეკლარაცია

წიწამურის დეკლარაცია

თუ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა მოძმეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ დეკლარაციის ხელმოწერა გიორგი ჭანტურიას დაბადების დღეს დაამთხვიეს, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები დეკლარაციას ხელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, წიწამურში აწერენ.

გუშინ ამ ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერთა გამოსვლები, რომლებშიც ისინი ხელისუფლების უსუსურობასა და იმ დადებით ძვრებზე საუბრობდნენ, რომელიც მათი მოსვლის შემთხვევაში მოხდება საქართველოში.

„ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ხელისუფლების გუშინდელმა რეაქციამ აჩვენა, რომ ის უსუსურია რუსეთის წინაშე. პრეზიდენტი შევარდნაძე პუტინის განცხადების შემდეგ სამი საათის განმავლობაში თათბირობდა გასული წლების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახელმწიფო მოხელესთან, კახა თარგამაძესთან, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო რაიმე ზომები. ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ყალბი პათოსი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ყველანი პრეზიდენტისა და ხელისუფლების გარშემო უნდა გაერთიანდნენ. ზვიად ძიძიგურმა და დავით ბერძენიშვილმა კი თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ სანამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ილიას მსგავსად მზად არიან, თავი შესწიროს სამშობლოს, საქართველოს ვერავინ დაამარცხებს.

დეკლარაციას ხელი ნაციონალურ მოძრაობასთან, ეროვნულ ძალთა გაერთიანებასა და რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ხელი მოაწერეს პურის მეწარმეთა, ტრანსპორტის მუშაკთა, ექიმთა პროფესიული კავშირების ხელმძღვანელებმა, ბესო ჯუღელის ლიბერალურ-ეკონომიკურმა პარტიამ. სააკაშვილის თქმით, ისინი აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ ჟვანიას გუნდთან და იმ პარტიებთან, რომლებიც მემარჯვენე პოზიციებზე დგანან და მათ იდეებს იზიარებენ.

ფაქტობრივად, წიწამურის დეკლარაციის ხელმოწერით გუშინ ახალი წინასაარჩევნო ბლოკი გაფორმდა, რომლის გაფართოება, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში შესაძლებელია. დეკლარაციის მთავარი თეზისები საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას ეხება. ხელისუფლების რადიკალური კრიტიკით შეზავებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ამ ბლოკის გამარჯვების შემთხვევაში მცირე მეწარმეები ორი წლით განთავისუფლდებიან ყოველგვარი გადასახადებისაგან, დიდი ყურადღება დაეთმობა მეწარმეობის განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ დაცვას.

ასევე მნიშვნელოვანია თეზისი, რომელიც უმიზეზოდ გამდიდრებულთათვის ქონების ჩამორთმევას და მის უპოვართათვის დარიგებას ითვალისწინებს, მაგრამ დეკლარაცია დეკლარაციაა და მასში ამ ქმედებების რეალური მექანიზმების შესახებ არაფერია ნათქვამი.

„ჩვენ მოვიგებთ ყველა არჩევნებს ამ არჩევნების შემდეგ“, - ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდის შემდეგ წიწამურის ტერიტორია დატოვა და დღევანდელი ყრილობისათვის სამზადისი გააგრძელა. ყრილობა, რომელიც ფილარმონიაში შედგება, უფრო დეტალურად იმსჯელებს ნაციონალური მოძრაობისა და მისი მეგობარი პარტიების მომავალზე.