საქართველო გზის გასაყარზე

საქართველო გზის გასაყარზე

საქართველოში ნებისმიერი მოგზაურობა, ნაწილობრივ მაინც აქაურ კოლორიტს ეძღვნება: კერძები, ლანდშაფტი, სტალინის მუზეუმი.

მაგრამ საქართველოს სხვა განზომილებაც აქვს: გეოპოლიტიკური. გაყოფილი, რუსეთის ჯარის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო მსოფლიოს ყველაზე სარისკო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო რუსეთთან ახალი კრიზისის აჩრდილი აქ ყველაფერს თან სდევს.

გულწრფელად თუ ვიტყვით, საქართველოს პრობლემათა ნაწილი მისი მთავრობის ცუდი გადაწყვეტილებების ბრალია. 2008 წლის ზაფხულში საქართველოს აგრესიულმა და გაუთვლელმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში, პოლიტიკამ, რომელიც ბუშის ადმინისტრაციისა და დანარჩენი დასავლეთის გაფრთხილებების მიუხედავად გატარდა, პუტინს სამხრეთ ოსეთის ოკუპირების საშუალება მისცა, საქართველოში ლტოლვლთა ახალი ტალღა გააჩინა და პრობლემები შეუქმნა საქართველოსაც და შეერთებულ შტატებსაც. ნდობის დეფიციტი დღესაც არსებობს. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ბევრს უბრალოდ არ სჯერა საქართველოს პრეზიდენტის და, ჩემი რწმენით, საქართველოს ნატოში მანამდე არ მიიღებენ, სანამ ის, ან მისი მემკვიდრე, ევროპელ სკეპტიკოსებს არ დაარწმუნებს, რომ ვითარება შეიცვალა. ქართველთა უმეტესობას, რომელთაც ველაპარაკე, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებსაც, ეს ესმით. მაგრამ, გაურკვეველია გაჩნდება თუ არა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში აუცილებელი ”სტრატეგიული მოთმინება”.

იმ დროს, როდესაც ქვეყანას ვსტუმრობდი, საქართველომ ჩრდილო კავკასიის მცხოვრებთათვის, მათ შორის ჩეჩნეთის მოქალაქეებისთვისაც, ახალი პოლიტიკის დაწყების, ანუ უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ განცხადება გააკეთა. ამ ნაბიჯმა განარისხა რუსეთი (რომელსაც ჩრდილო კავკასიაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნება სურს და უკვე ადანაშაულებს საქართველოს იმაში, რომ ამ პრობლემურ რეგიონში შეირაღებისა და ხალხის უკანონო გადაადგილების საშუალებას იძლევა) და სერიოზულად შეაშფოთა შეერთებული შტატები, რომელსაც არ სურს, რომ საქართველომ რუსი დათვი გააღიზიანოს. შეერთებული შტატები ამ იდეას დაჟინებით აპროტესტებს, რადგან ისლამისტი მებრძოლები თავისუფლად გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს და იხეტიალებენ ქვეყანაში, რომელშიც მრავლად არიან აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, დიპლომატები და სხვა პერსონალი. საქართველო ცდილობს მეტი ინგლისურენოვანი ადამიანი მიიზიდოს, რათა აქაურები კარგი ინგლისურით ალაპარაკდნენ! იღბალს ვუსურვებთ მათ, მით უფრო, თუ აქაური საზღვრები ჩრდილო კავკასიიდან წამოსულმა მებრძოლებმა უნდა გადალახონ.

ვიზების ამ რეჟიმმა ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებსაც მიაყენა დარტყმა. საქართველო იმედოვნებს, რომ იმ ქართველებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ, ან მოგზაურობენ, შეზღუდვებს გააიოლებს, მაგრამ საქმე წინ ვერ წავა, თუ ქვეყანა უსაფრთხოების ისეთი სერიოზული პრობლემისადმი, როგორიც საზღვრებია, ამგვარ უდარდელობას გამოიჩენს. შეიძლება კიდევ ერთი ეჭვიც გაჩნდეს - ეს გადაწყვეტილება იმ უცხოელ ინვესტორებსაც შეაფერხებს, რომელთა შემოტყუება საქართველოს ასე ძალიან სურს. სხვა თუ არაფერი, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უცხოური პერსონალისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება უფრო დაცული ვერ იქნება.

რამდენადაც დავადგინე,ამ ნაბიჯის გადადგმამდე საქართველოს არ გაუვლია კონსულტაციები არც ევროპელებთან, არც ამერიკელებთან და საერთოდ არავისთან, რამაც კიდევ ერთხელ განამტკიცა ის მოსაზრება, რომ საქართველოს ფიცხი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. აი ის მძიმე და სასტიკი დასკვნა, საიდანაც საქართველომ უნდა გააკეთოს: ნატოს ევროპელი წევრები წინდაუხედავ და თავნება საქართველოს, ალიანსში არ მიიღებენ. ამაზე დიდი ზიანის მიყენება ქვეყნისთვის საქართველოს ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ შეეძლო.

საქართველოს პრეზიდენტის ქცევამ, რომელსაც ამერიკელებიც და ევროპელებიც სამართლიანად თუ უსამართლოდ მიიჩნევენ წინდაუხედავად და თვითნებურად, ისე დააფრთხო ნატოს ალიანსი, რომ საქართველო თვალსაწიერ მომავალში მასში გაერთიანებას ვერ შესძლებს. აშშ-ს ამ ვითარების შესაცვლელად, ძალა არ შესწევს. ნატოს ევროპელ წევრებს აქვთ იმის უფლება, რომ დამოუკიდებელი პოზიცია იქონიონ. ახალ წევრებს ალიანსში ერთხმად იღებენ. სამხედრო კავშირი სხვაგვარად ვერ იმოქმედებს, რადგან არ შეიძლება თავისუფალი ხალხები იმაში დაავალდებულო, რომ ვიღაცის გამო ომში საკუთარი თანხმობის გარეშე აღმოჩდნენ. აშშ მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოსთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულების დადებას, ისეთის, როგორიც იაპონიასთან გავაკავშირებს.

შექმნილი ვითარება საქართველოს სავალალო მდგომარეობას უქმნის. ის რუსეთთან დავების მთელ სერიაშია გახვეული – რუსეთს დღეს ჩრდილო-დასავლეთით აფხაზეთი აქვს ოკუპირებული და ჩრდილოეთით – სამხრეთ ოსეთი – თითქმის 300,000 ქართველ ლტოლვილს იძულებით დაატოვებინეს ეს რეგიონები. რუსეთის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ქართული საზოგადოებრივი აზრი სასტიკად ნაციონალისტური შეიძლება იყოს, ხოლო 4.4 მილიონი ადგილობრივი მცხოვრები (აქედან დაახლოებით 85 პროცენტი ეთნიკური ქართველია) გაყოფილია გეოგრაფიულ, კულტურულ და კლანურ, დაპირისპირებულ დაჯგუფებებად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990-იანი წლებიდან, საქართველომ ორი რევოლუცია, სამი სამოქალაქო და ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ომი გადაიტანა (ეს ჩამონათვალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ კვალიფიკაცის მისცემთ მოვლენებს). ახალმა ომმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება იფეთქოს, თუმცა მგონია, რომ მახლობელ სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადის გამო, რუსეთს, ალბათ არ სურს ისეთი ახალი კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება ოლიმპიადის დღესასწაული ჩაუშხამოს.

უგუნური ქართული პოლიტიკა ვითარებას ართულებს, თუმცა, როდესაც ქართველები ჩივიან, რომ ქვეყნის პრობლემათა უმრავლესობა მათი ბრალი არ არის, ამას გარკვეული საფუძველი აქვს. როგორც კავკასიის ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ მიმავალმა, ნავთობისა და აირის სატრანზიტო მარშრუტმა, ქვეყანამ ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფოს ყურადღება მიიპყრო. რუსეთს მილსადენის კონტროლი სურს, ხოლო აშშ და ევროპა ამის წინააღმდეგია.

ვითარება საქართველოში, გარკვეული ხარისხით, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. მანამდე, სანამ უკრაინის მთავრობას ქვეყანა ნატოსკენ მიჰყავდა, საქართველოს სწრაფვაც გონივრული ჩანდა. ახლა, როდესაც უკრაინამ ნატო გეგმიდან ამოიღო, საქართველო (მიუხედავად იმისა, რომ ის, თურქეთს, ნატოს წევრ-ქვეყანას ესაზღვრება), ახლა ძალიან შორს მოსჩანს ნატოსგან და ნატოს შტაბ-ბინისგან ბრიუსელში.

ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ექსპანსიონისტური გზნება ჩაცხრა, საქართველოს ასევე დაუცველად ტოვებს. იყო დრო, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც ბევრი ექსპერტის აზრით, თურქეთი და უკრაინა, ორივე ერთად, ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ალბათ, ვერც ერთი ეს ქვეყანა მიწვევას ვერ მიიღებს (რაც ჩემი აზრით, სამწუხაროა). და თუ ეს ორი, უფრო დიდი სახელმწიფო გარეთ დარჩა, საქართველოსთვის გაწევრიანება უბრალოდ მიუღწეველი ხდება. ამის გამოა, რომ საქართველო სულ მარტო დარჩა, ხოლო ძლევამოსილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ალიანსები ამაზე მხოლოდ წუხან.

და კიდევ ერთხელ – საქართველოს ამაში ბრალი არ მიუძღვის. არაკომპეტენტურობა, კორუფცია და პოლიტიკური დავები, რომლებმაც დაღუპა უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის იმედები, ყოფილი საბჭოთა სივრცის სახეც შეცვალა. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების გამო, ევროკავშირის ელიტამ მნიშვნელოვნად დაკარგა თავისი ჩაკეტილი, პირქუში მოსახლეობისთვის ფართომასშტაბიანი, არაპოპულარული რეფორმების ჩატარების უნარი, ისეთი რეფორმებისა, როგორიცაა, მაგალითად აღმოსავლეთისკენ გაფართოება. გეოგრაფია და პოლიტიკა, საქართველოსთვის ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ ხდის ევროკავშირში თურქეთამდე გაწევრიანებას. და რადგანაც თურქეთის გაწევრიანება როდინობის კვირის 12-შია მოსალოდნელი, ე.ი საქართველოს გაწევრიანებაც იმავე კვირის 13-ში შედგება. სულ უფრო მზარდი დისტანცია თურქეთის ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკასა და აშშ-ს შორის, საქართველოს დროთა განმავლობაში ძალიან გაურთულებს ერთდროულად დასავლელი და თურქი პარტნიორებისთვის სიამოვნების მინიჭებას. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული კონფრონტაცია, ისევ ადგას ჩრდილად რეგიონის სამშვიდობო პერსპექტივებს.
საქართველოში ჩასული ამერიკელი საინტერესო სიტუაციაში ხვდება. ერთის მხრივ, ქართველები ჩვენი მხარდაჭერის გამო, ძალიან მადლიერნი არიან. არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ აშშ-ს დახმარების გარეშე, საქართველოს კარგა ხანია მშიერი დათვი შესჭამდა. მაგრამ, ამავე დროს, აქ, რაღაც თვალსაზრისით, განაწყენებულნიც არიან იმაზე, რომ მეტი არ გავაკეთეთ. აბა საადაა საქართველოს გაწევრიანება ნატოში? სადაა სარაკეტო დანადგარები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისთვის სჭირდება? რატომ ცდილობს აშშ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“ და განა ეს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ცინიკური ღალატი არ არის?

ქართულ ოპოზიციას იმის გაგება სურს, თუ რატომ უჭერს აშშ მხარს საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს. პრეზიდენტის მოკავშირეებს იმის გაგება უნდათ, თუ რატომ ვაკრიტიკებთ მას ასე ხშირად და რატომ ვუჭერთ მხარს ასე მცირედით. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილებს ის აინტერესებთ, რატომ ვაკეთებთ ასე ცოტას სახლებში მათ დასაბრუნებლად. საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს იმის შეტყობა უნდათ, თუ რატომ არ ვაკეთებთ უფრო მეტს მათი კულტურული უფლებების დასაცავად.

ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ რესპუბლიკელები მათი ნამდვილი მეგობრები არიან, ხოლო დემოკრატები უხერხემლო ლაჩრებისა და მაამებლების კომპანიაა. აეროპორტიდან მომავალ გზას ჯორჯ ბუშის სახელი ჰქვია. იმის შესახებ, აპირებენ თუ არა რაიმე დიდისთვის პრეზიდენტ ობამას სახელის მინიჭებას, ჩემი მოგზაურობის დროს არაფერი მსმენია. ზოგიერთ ქართველს ერთმნიშვნელოვნად სჯერა, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ რესპუბლიკური უმრავლესობა კონგრესში მათ აშშ-ს უფრო მეტ მხარდაჭერას მოუტანს.

ეს იმედები, ჩემი აზრით, მცდარია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონგრესს საქართველოსთან დაკავშირებულ ამერიკულ პოლიტიკაზე არც ისე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ქართველებს, როგორც ჩანს, ერთი მთავარი რამ დაავიწყდათ – ის, თუ რა მოხდა 2008 წლის ზაფხულში. სხვადასახვა დასავლელმა დიპლომატმა, რომელთაც საქართველოში ველაპარკე, მითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ბუშის ადმინისტრაცია 2008 წელს კატეგორიულად აფრთხილებდა ქართველებს, არ ეპასუხათ რუსების პროვოკაციებზე. საქართველომ ეს გაფრთხილებები არად ჩააგდო, შესაძლოა იმ იმედით, რომ აშშ-ს რუსეთთან კონფლიქტში მათი მხარდაჭერის გარდა, სხვა არჩევანი აღარ დარჩებოდა. ბუშის ადმინისტრაციამ იგრძნო, რომ ალტერნატივა არ არსებობდა და საქართველო საკუთარი სისულელის შედეგების პირისპირ უნდა დარჩენილიყო. საქართველოზე ხელი ბუშის ადმინისტრაციამ ჩაიქნია და არა პრეზიდენტმა ობამამ.

მაგრამ ქართველები თავის იმედებს უფრო ადვილად აჰყვებიან ხოლმე, ვიდრე გონივრულ მოსაზრებებს. „საქართველოს ამერიკაში ზოგიერთი ძალიან კარგი მეგობარი ჰყავს“, – მომიგო ერთმა ქართველმა, სხვათა შორის, ჩემი იმ კომენტარის მოსაგერიებლად, რომ საქართველოს არ შეუძლია თავს პროვოკაციული და უგუნური საქციელის უფლება მისცეს. აშშ-შიც არის ისეთი ხალხი, რომელთა ბუნებრივი სიმპათია იმ პატარა, დაშინებული ქვეყნისადმი, რომელიც სტრატეგიულ ცხელ წერტილში მდებარეობს, მათ ქართველებისათვის სასურველ სიტყვებს ათქმევინებს.

ამერიკელებსაც და ქართველებსაც უნდა ახსოვდეთ უნგრეთში, 1956 წელს მომხდარი ტრაგედია. ამერიკელი პოლიტიკოსები კომუნიზმის „უკან დახევაზე“ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისინი პოლიტიკური რიტორიკით ირთობდნენ თავს, იმის ნაცვლად, რომ რკინის ფარდის მიღმა ტანკების გაგზავნა სერიოზულად დაეგეგმათ. სამწუხაროდ, უნგრელები ვერ მიხვდნენ, რომ ეს ამაო და ცარიელი სიტყვები იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ამერიკის ხმის რიტორიკით მოტყუვდნენ, საბჭოელებს აუმბოხდნენ და საბჭოთა ტანკების პირისპირ მარტოდმარტო მიტოვებულები აღმოჩნდნენ.

ასეთი გზავნილის გადაცემა სასიამოვნო არ არის და მისი მიწოდება, რუსეთის მიერ ნაწილობრივი ოკუპაციის ჩრდილქვეშ მყოფი ქვეყანისთვის, არ მიხაროდა, მაგრამ სხვაგვარი ქცევა უპასუხისმგებლო, სახიფათო და ბოროტი ნაბიჯი იქნებოდა.

არსებობს თითქმის ნულოვანი პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანდება და კიდევ უფრო მცირე პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთის ოკუპაცია, საქართველოს მიწის დიდი ნაწილისა, ახლო მომავალში დასრულდება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ქართველთა რისხვა და შიში ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ იმპულსური ნაბიჯები საქართველოს ცუდ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს – შესაძლოა კატასტროფულადაც.

იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწორონ ქართველებმა მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეები უნდა აკეთონ, რაც ბევრ ქართველს არც თუ ისე ძალიან მოსწონს. მათ ფრთხილი და მოკრძალებული საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოონ, თავი უნდა აარიდონ რუსეთის პროვოცირებას და თავისი მეგობრების რჩევებს მიუგდონ ყური. მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ძალიან გრძელვადიანი ხედვა უნდა შეიმუშავონ. მათ უნდა იშრომონ იმ ტერიტორიის განსავითარებლად, რომელიც ჯერ კიდევ შერჩათ, შექმნან წარმატებული ეკონომიკა და სტაბილური დემოკრატია.

თუ საქართველო ამის გაკეთებას შესძლებს, დროთა განმავლობაში მისი პერსპექტივები გაუმჯობესდება. როდესაც დასავლეთი აღიდგენს რწმენას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი და როდესაც ნატო-რუსეთის ურთიერთობები გამოსწორდება, ნატოში გაწევრიანება ისევ შეიძლება იქცეს რეალურ პერსპექტივად. რუსეთს თავის მხრივ, კავკასიაში სტაბილურობა ყველაზე მეტად სჭირდება. წარმატებული, სტაბილური საქართველო რუსეთისთვის ის მნიშვნელოვანი რეგიონალური პარტნიორი იქნებოდა, ვინც მას თავისი სამხრეთ ფრთის მოუსვენარი ხალხისთვის უსაფრთხოების შექმნაში დაეხმარებოდა.

მე იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს. ეს მშვენიერი ქვეყანაა, განთქმული წარსულითა და ექსტრაორდინარული კულტურით. მაგრამ საქართველოს მომავალი დღეს ისევე პირქუშად მოსჩანს, როგორც 20 წლის (და რამდენიმე ომის) წინ, როდესაც ამ ქვეყანას პირველად ვეწვიე.